„მაესტროს“ მფლობელებმა შეთანხმებას მიაღწიეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 14:38

„მაესტროს“ მფლობელებმა შეთანხმებას მიაღწიეს . მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი 5 საკითხზე შეთანხმდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით:

- ტელეკომპანიას უნდა დაუბრუნდეს ლოგო და სახელი

- მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე

- მოლაპარაკების პერიოდში უნდა დაიწყოს კონსულტაცია ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე

- უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა

- მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი

„იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვეტ მაუწყებლობას“, - აღნიშნულია წერილში.

"პირაკრულთა აქცია" სასამართლოსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 16:05

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან , ”პირაკრულთა აქცია” გამართეს. პირაკრულთა აქციაში მონაწილეობა იმ ჟურნალისტებმა მიიღეს რომლებიც უარს აცხადებენ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე,

აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ და დამფუძნებლებმა - მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემ. 

როგორც აქციის მონაწილეების განცხადებაშია ნათქვამი, "მაესტროს" ჟურნალისტები სიმართლის გარკვევას ითხოვენ და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან. 

"ვმაუწყებლობთ ლოგოსა და სახელის გარეშე. არ ხდება ჩვენი პროდუქტების იდენტიფიცირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის როგორც მაყურებელს, ისე არხის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად ეთერის უწყვეტობას ამ დრომდე უზრუნველვყოფდით. ახლა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ჩვენი აქ დგომით კიდევ ერთხელ ვემიჯნებით პროცესს, რომელიც მოდავე მხარეებს შორის შესაძლოა ახლა მიმდინარეობდეს, არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. იმედია, ყველა მხარე მოგვცემს მუშაობის შესაძლებლობას, დავა სასამართლოში გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ დატოვებს კითხვის ნიშნებს არც ჩვენთვის და არც მაყურებლისთვის", - ნათქვამია აქციის მონაწილეების განცხადებაში. 

ბაია გადაბაძის თქმით კი, პირველ რიგში სწორედ სასამართლო ცდილობს "მაესტროს" ჟურნალისტებისთვის პირის აკვრას. 


საქალაქო სასამართლოსთან მაესტროს ჟურნალისტები შეკრიბნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 15:49

საქალაქო სასამართლოსთან მაესტროს ჟურნალისტები შეკრიბნენ . ჟურნალისტების მოთხოვნაა, რომ ყველა მხარემ, დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის, ფინანსურიც. შპს სტუდია მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თქმით, ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო.

"სამწუხაროდ ისტორია რადგანაც მეორდება, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის, რომ არის ყველანაირი მცდელობა, პირველ რიგში ამ შენობიდან, ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს და პირველ რიგში, ამას ვაკისრებ ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან ოცდამეერთე საუკუნეში კარგი იქნება და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დაუდგებით მხარში ჟურნალისტები. ვაპროტესტებ იმას, რომ ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო. ამას არ ველოდი და ძალიან ვწუხვარ",  - განაცხადა  ბაია გადაბაძემ.      

მაესტროს საქმე - მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:34

მაკა ასათიანი განცადებას ავრცელებს, ის ეხმაურება ილია კაკაბაძის, განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და აცხადებს რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია. "გავეცანი ილია კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ  ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც  დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები  მაესტროს ლოგოზე და ასევე  დამოუკიდებელი ტელეარხის  ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.თუმცა, მას შემდეგ, რაც  ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ  აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი.  მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც. ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ  გადავცე  ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას   შენობა  ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის".

„ჩვენ ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წამომავლობა"-მაესტროს უარი გაჩეჩილაძეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 12:29

მაესტროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბაია გადაბაძემ, ლევან გაჩეჩილაძის მიერ მაკა ასათიანისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.მისი თქმით 

ლევან გაჩეჩილაძემ მაკა ასათიანს შენობის იჯარის კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„ჩვენ ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წამომავლობა. არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება, არც გუშინ და არც მანამდე. მე არ მიმიღია მისგან კონკრეტული წინადადება, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც როგორი მომხიბვლელი წინადადებაც არ უნდა მიივღო მისგან, სამწუხაროდ ვერ დავთანხმდები,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 17:26

მამუკა ღლონტი და ეკა აკობია ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ. მათი მოთხოვნაა სასამართლომ სარჩელი, რომელიც გია გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის სხვა პარტნიორებზე გადაფორმებას ეხება, დაუყოვნებლივ დაიწყოს.  განცხადების მიხედვით თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, საკონტროლო პაკეტი ანულირდება.

„გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა ერთი ძირითადი ფაქტორი: პარტნიორთა შორის წილების ისეთი გადანაწილება, რაც გამოირიცხავდა ვინმესთვის საკონტროლო პაკეტის არსებობას. იმ ფონზე, როცა ჩვენს მიერ 2 თვეზე მეტია სასამართლოში შეტანილია სარჩელი გიორგი გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის სხვა პარტნიორებზე გადმოფორმების მოთხოვნით, გიორგი გაჩეჩილაძესა და მასთან ასოცირებულ პირებზე "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის გადასვლამ, ასევე ერთპიროვნულად მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის არჩევის შესახებ, შექმნა ამ ბალანსის დარღვევის და პროცესების უკანონოდ წარმართვის რეალური საფრთხე. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ სამართლებრივ ჭრილში სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს საკითხი, ეკუთვნის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს 25%-იანი წილი, რომელიც მან ერთხელ უკვე გაყიდა. ბუნებრივია, რომ თუკი ამ წილის შესაბამისი პროპორციული ნაწილი გადმოფორმებული იქნება ჩევენზე, მამუკა ღლონტზე და ეკატერინე აკობიაზე, უკანონო საკონტროლო პაკეტი ანულირდება და აღდგება სამართლიანი სტატუს-კვო. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის განხილვა და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ყველა სხვა საქმე, რომლებიც ბუნებრივად არის დამოკიდებული ამ ძირითადი საქმის შედეგზე. ჩვენს გაოცება იწვევს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე სასამართლო უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში იხილავს "მაესტროსთან" დაკავშირებულ სხვა საქმეებს, ხოლო ძირითად დავაზე 2 თვეზე მეტია არც კი დაუწყია განხილვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთხოვთ სასამართლოს, რომ დაუყოვნებლივ, კრედიტორთა კრებამდე, რომელიც დანიშნულია 15 მარტს, დაინიშნოს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა. ამის თაობაზე წერილობითი შუამდგომლობაც შეტანილი იქნება სასამართლოში დადგენილი წესით“, - წერია განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 13:22

სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა - საუბარია იმ ოქმის შეჩერებაზე, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად უნდა დაინიშნოს. "მაესტროს" დირექტორის განცხადებით სასამართლო მიერ საქმეს  "უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში" განიხილავს რაც ეჭვს ბადებს სასამართლო სისტემის მუშაობის. 

"აქამდე თუ 1 დღეში იხილავდა სასამართლო ჩემს სარჩელებს ახლა ერთ კვირაში განიხილა. ეს არის უპრეცედენტოდ მოკლე ვადები განსაკუთრებით იმის ფონზე როდესაც მამუკა ღლონტს აქვს შეტანილი სარჩელი გია გაჩეჩილაძის 25% წილის თაობაზე და მას მერე დაახლოებით 2 თვეა გასული, რატომღაც ამ საკითხს არ იხილავს სასამართლო ასეთ მოკლე ვადებში არადა სწორედ ეს არის მთავარი დავის საგანი რადგანაც თუ აღმოჩნდა რომ გიას არ აქვს 25% წილი ის ვერ დანიშნავდა ახალ დირექტორს და ვერ განახორციელებს ცვლილებებს. სწორედ ეს მიმაჩნია სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობად როდესაც მუშაობს ორმაგი სტანდარტი. მე კიდევ 3 საჩივარი და 1 განცხადება მაქვს შეტანილი საჯარო რეესტრში რის მიხედვითაც ლევანის დარეგისტრირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველა სასამართლო ინსტანციამ მითხრა უარი, ახლა ჯერი რეესტრზეა, არც მათ აქვთ დირექტორის შეცვლის მოტივი. თუ რეესტრმა არ გაითვალისწინა ჩემი საჩივრები და დაარღვია ვადები ეს იქნება კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის",-განაცხადა ბაია გადაბაძემ.

 

 

მამუკა ღლონტმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:00

მამუკა ღლონტის ადვოკატმა საჯარო რეესტრს ოფიციალურად მიმართა , ღლონტის მოთხოვნაა ლევან გაჩეჩილაძე სტუდია მაესტროს დირექტორად არ დაარეგისტრირონ.

სტუდია მაესტროს 15%-იანი წილის მფლობელმა საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი დავაც დაიწყო. ლონტი 4 თებერვალს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს რომლის მიხედვითაც პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

საჯარო რეესტს ბაია გადაბაძემაც მიმართა. 

ბაია გადაბაძე"მაესტროს" კრედიტორთა კრებას აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:58

ბაია გადაბაძე"მაესტროს" კრედიტორთა კრებას აფასებს  ,ის საქალაქო სასამართლოში გამართულ კრედიტორთა კრებას სპექტაკლს უწოდებს და ამბობს ,რომ სასამართლოში იყო ერთხმაში მომღერალი სამი სუბიექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძეების მხარე.  ის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებას ,რომლის მიხედვითაც კრედიტორთა კრება 15 მარტამდე გადაიდო სამარცხვინოს უწოდებს. ბაია გადაბაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ ის სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

"დღეს იყო საქალაქო სასამართლოში სპექტაკლი. მოსამართლემ მოისმინა ყველა კრედიტორის პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის დანიშვნას, თუ მათი ვალის გადახდა არ მოხდება. ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ მან გადადო კრება 15 მარტამდე. დღეს იყო ერთ ხმაში მომღერალი სამი სუბიექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძის მხარე. მე ისიც მაინტერესებს თუ როგორ მოახერხებს ლევან გაჩეჩილაძე 54 მილიონის გადახდას, მაშინ როდესაც მისი კუთვნილი პროცენტები, 55 თუ 30% შეიძინა მან პროცენტიანი ვალით,
მე ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას. მინდა იცოდეთ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს დღეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 

საქალაქო სასამართლოში მაესტროს კრედიტორთა საბჭოს კრება 15 მარტამდე გადაიდო. ეს გადაწყვეტილება კრედიტორების მოსმენის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

”ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე” -გაჩეჩილაძეების ადვოკატი საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 14:42

ირაკლი კორძახია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს. 

გაჩეჩეილაძეების ადვოკატის მტკიცებით, სწორედ ამ ქმედებებით დასტურდება, რომ შპს სტუდია "მაესტროს" ყოფილი დირექტორი ეთერ გადაბაძე უკანონო ქმედებებს ახორციელებდა. 

კორძახიას მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუსდეი" უცვლელად ავრცელებს:

"2011 წლის 22 დეკემბერს პარტნიორთა კრებამ მისცა უფლება დირექტორს, რომ აეღო სესხი 30 000 000 $ ოდენობით, 13% განაკვეთით, სესხის სრული გადახდის ვადა უნდა ყოფილიყო სესხის აღებიდან მე-8 წელი, ამასთან ძირი და პროცენტი უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, სესხის აღებიდან 2 წლის მერე (ოქმში არ არის განსაზღვრული დაფარვის გრაფიკი). 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა 4 სასესხო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს "მაესტროს" მაშინდელი დირექტორი ილია კიკაბიძე. ხელშეკრულებებში დაფარვის საბოლოო ვადა 2019 წელი. ამათგან ორი, უფრო დიდი სასესხო ხაზი იყო 6 600 000 $ და 15 000 000 $ თანხაზე. "მაესტროს" შეეძლო ყოველ წელს არანაკლებ 1 000 000$ ტრანში მოეთხოვა.

2014 წლის ბოლოს გადაბაძემ, ისე რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გააფორმა სესხის დაფარვის გრაფიკები (დოკუმენტები უთარიღოა), რომლის მიხედვით "მაესტროს" ყოველ წელს დაახლოებით 2 500 000 $ უნდა გადაეხადა სესხის ძირი, ხოლო პროცენტი 500 000 $. ეს მაშინ, როდესაც 2014 წლის 14 დეკემბერში პარტნიორთა კრებაზე მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის შესაბამისად კრედიტორული დავალიანებების დაფარვაზე გამოყოფილი იყო მხოლოდ 660 000 ლარი. იგივე ციფრი იყო დაფიქსირებული ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისში. 

შესაბამისად, გადაბაძემ ერთი მხრივ დაარღვია "მაესტროს" წესდება და კანონი მეწარმეთა შესახებ (91.5.ე მუხლი). გრაფიკი სესხის დაფარვის დროში გაწერილ ვალდებულებას წარმოშობდა. ხოლო პარტნიორთა კრების კომპეტენცია იყო ვალდებულებების აღებაზე თანხმობის მიცემა. მეორე მხრივ, გადაბაძე კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რადგან თავიდანვე მისთვის ცნობილი იყო, რომ მაესტრო ასეთ გრაფიკს ვერ შეასრულებდა მისი ფინანსური მდგომარეობიდან და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული 2015 წლის პროგნოზიდან გამომდინარე. 

2015 წლის 8 ივნისს გადაბაძე მზად იყო, რომ "ვითიბი ბანკში" დაეგირავებინა "მაესტროს" მთელი ქონება, ასევე აეღო თავდებობა 5 000 000$ ოდენობით. შედეგად, "ვითიბი ბანკი" გასცემდა მაკა ასათიანის კომპანიაზე მ-ინვესტმენტზე 1"000"000$ სესხს. ამ კომპანიას უკვე აღებული ქონდა 1"000"000$, 10"000"000$ საკრედიტო ხაზის ფარგლებში.

1 ივლისს ჩატარდა "მაესტროს" პარტნიორთა კრება (გადაბაძე არც ამ კრებას დაესწრო პირადად), რომელზეც 75% მა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამ ვალდებულების აღებაზე, თუმცა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 100% ხმა სჭირდებოდა ასეთ გადაწყვეტილების მიღებას. "ვითიბი ბანკმა" ეტყობა გაიზიარა ეს პოზიცია და ბანკში მაესტროს ქონების დაგირავება ჩაიშალა. 

2015 წლის 27 ივლისს მაკა ასათიანმა მოიწერა, რომ მიუხედავად, იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე "მაესტროს" ვალდებულებათა სრულად დაფარვის ვალდებულება დგებოდა 2019 წელს. სურდა სესხის ვადაზე ადრე გამოთხოვა, ამას ასაბუთებდა გრაფიკების სისტემატიური დარღვევის გამო და მძიმე ფინანსური მდგომარეობით და დაემუქრა "მაესტროს" გადახდისუუნარობის საქმის შემოტანით. ამასთან თუ ვითიბი ბანკთან პოზიცია შეიცვლებოდა, მზად იყო ამ პოზიციის გადახედვით. ასევე ითხოვდა აუდიტის დასკვნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

გადაბაძეს არ აუღია იურიდიული დასკვნა, რამდენად შეეძლო მაკა ასათიანს ვადაზე ადრე სესხის მოთხოვნა, ნაცვლად ამისა, შეასრულა კრედიტორის მოთხოვნა და დასკვნა დაუკვეთა ბაკაშვილს, რომელიც აუდიტს უტარებს გოგელიას და მაკა ასათიანის კომპანიებს, ასევე აწარმოებდა მაესტროს ბუღალტერიას. შესაბამისად ის ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ აუდიტად. ბაკაშვილის ძირითადი მიგნებები დასკვნაში იყო, რომ "მაესტროს" ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რადგან: მაღალკონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებდა; სატელევიზიო ბაზარი ნაკლებ რენტაბელურია; აპარატურას სწრაფი მორალური ცვეთა აქვს; ლარის დევალვაცია მოხდა; ბანკებმა უარი უთხრეს დამატებითი სესხების გაცემაზე.

ეთერ გადაბაძეს არ უცდია შეწინააღმდეგებოდა მაკა ასათიანის აღნიშნულ მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს მაესტროს ჰქონდა უფლება მოეთხოვა დამატებითი ტრანშის 1"000"000$ მიღება, რითაც დაიფარებოდა ვადამოსული, თუნდაც უკანონოდ გაფორმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად დარიცხული თანხები. 

მაესტროს გაკოტრების მოთხოვნა
გადაბაძეს მოწვევით 2015 წლის 1-4 სექტემბერს ჩატარდა კრება, რომელსაც თავად არ დაესწრო და ისევ ადვოკატები გამოგზავნა. კრებაზე პარტნიორებმა 75% ხმებით ჩათვალეს, რომ დაწყებულიყო გადახდისუუნარობის წარმოება.

კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, გადაბაძემ სასამართლოს 18 სექტემბერს მიმართა არა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით, არამედ პირდაპირ გაკოტრების მოთხოვნით (რაც გამორიცხავდა მაესტროს რეაბილიტაციას), რაზეც სააპელაციო ინსტანციამ მას განუმარტა, რომ საჭირო იქნებოდა პარტნიორთა 100% თანხმობა, რაც გადაბაძეს არ მიუღია. ამის შემდეგ, 1 ოქტომბერს გადაბაძემ უკვე გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართა სასამართლოს. 

აშკარაა, რომ ამ პროცესში გადაბაძე არ მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არამედ ის ასრულებდა კრედიტორი მაკა ასათიანის (კოტე გოგელიას) დავალებებს. 

სასაქონლო ნიშნის გადაცემა

"მაესტროზე" სასაქონლო ნიშანი "მაესტრო", დარეგისტრირდა 2011 წლის 29 დეკემბერს, მანამდე ეს ნიშანი არ ყოფილა რეგისტრირებული არც კიკაბიძეზე და ღლონტზე და არც სხვა პირზე. 

2014 წლის 24 ოქტომბერს, გადაბაძემ, ისე, რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გადასცა "მაესტროს" სასაქონლო ნიშანი, კიკაბიძის მიერ ერთი კვირით ადრე დაფუძნებულ კომპანიას "ტელეკომპანია მაესტროს"". როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა გია გაჩეჩილაძისთვის, მან შეიტანა სარჩელი ამ გარიგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით. გადაბაძემ მოიწვია კრება და სცადა მოწონების აღება მის მიერ წესდების და კანონით დარღვევით დადებულ გარიგებაზე. 2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ კრებას გადაბაძე ისევ არ დაესწრო, თუმცა ადვოკატებმა, რომელიც მას წარმოადგენდნენ კრებაზე განაცხადეს, რომ ბრენდის უფასოდ გადაცემამდე გადაბაძეს არ აუღია წერილობითი იურიდიული დასკვნა, ასევე დაეყრდნო კიკაბიძის ზეპირ განცხადებას, რომ ის "მაესტროს" უვადო და უსასყიდლო ლიცენზიას მისცემდა. თუმცა ეს გარიგება წერილობით არ გაფორმებულა, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ამჟამად თავისი ბრენდით სარგებლობას "მაესტრო" საქპატენტში რეგისტრაციის ან სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, რაც რისკის შემცველია მისთვის", - ნათქვამია კორძახიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური