ევროკავშირი ბუქარესტის შეხვედრის დროს შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს შეიმუშავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მაისი 2019 15:30

21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

იხილეთ მეტი:

 

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

ბუქარესტში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი "გაყინულ" კონფლიქტებთან მიმართებაში“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 06 აპრილი 2019 20:55

2019წლის 1-2 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში“. კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის საჭირო და აუცილებელი საკითხები. იმსჯელეს იმ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ომების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამხრეთ და ჩრდიოლოეთ კორეის გაერთიანებას.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ და ლევანტეს კულტურისა და ცივილიზაციის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კულტურულმა დიპლომატიამ შესაძლებელია აღადგინოს ნდობა და შექმნას პლატფორმა საერთაშორისო დიალოგის წარმოებისათვის.  „ასეთი კულტურული დიალოგი საჭიროებს ურთიერთობების ცვალებადობას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სრულიად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და იგი უნდა გახდეს პროფესიული, თანასწორუფლებიანი და მეგობრული“, - აღნიშნა მან. 

რაღა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებო იყო ერთ-ერთი ორგანიზატორის, კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტის მან ჰი ლი-ს გამოსვლა, რომელიც საყოველთაო აღტკინების, ოვაციების და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და მჯერავს, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად მოესწრება ამას“, - განაცხადა მან ჰი ლიმ. მისივე თქმით, არავის არ უნდა ომი, ყველა მომხრეა მშვიდობის და ჩვენი ვალია ყველა მათგანის ეს ნება გავაერთიანოთ და მსოფლიოს ლიდერების ყურამდე მივიტანოთ, რათა მათ ყური დაუგდონ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ურყევ ნებას. „რატომ არ უნდა გაერთიანდეს კორეა. რატომ არ უნდა აღასრულონ ხელოვნურად ორად გაყოფილი მოსახლეობის სურვილი და მისცენ ხალხს ერთად მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება. ეს ქვეყანა მათი საკუთრება არ არის. იგი ხალხს ეკუთვნის, რომლებსაც მშვიდობიანად ცხოვრება უნდა“, - დაამატა კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მოსახლეობამ საკუთარ პრეზიდენტებს გაუგზავნეს ბარათები, სადაც ისინი წერენ, რომ მათი ვალია ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში და ერთიანი ძალისხმევით მიაღწიონ ყველასთვის სანუკვარ მიზანს - დამყარდეს დედამიწაზე მშვიდობა. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ ყველგან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“. თუკი თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, თუკი გავერთიანდებით სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო, რომელიც ამბობს - „ჩვენ ვართ ერთი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს ეცოდინება თუ რა არის ის საშინელება, რომელის სახელწოდებაა - ომი. ჩვენ ერთნი ვართ - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია“, - დასძინა მან ჰი ლიმ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც ფართოდ ისაუბრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ „გაყინულ“ კონფლიქტებზე. „სამწუხაროდ გვიწევს იმის თქმა, რომ თავის დროზე „ნატო“-ს საქართველოსთვის „მაპი“ რომ მიეცა არ იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება განხორციელდებოდა“, - განაცხადა ვ. იუშჩენკომ. მისივე თქმით, ზუსტად იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არ დაეხმარა საქართველოს, რუსეთმა თავი გამარჯვებულად იგრძნო და მომდევნო უგუნური ნაბიჯი გადადგა, რასაც ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა. „საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა შეაჩერონ რუსეთის გამოხტომები, რომელსაც ომი, ნგრევა და არარსებული რესპუბლიკების აღიარება მოსდევს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ერთიანი ძალებით ვიმოქმედოთ ომების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

კონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 4 მარტს, HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადებულ დეკლარაციას „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  მედია-პლატფორმა „სამშვიდობო ინიციატივა“ (PI) მონაწილე ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. „სამშვიდობო ინიციატივა“ განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის შესახებ ახალი ამბების გავრცელება და პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით, მშვიდობიანი ჟურნალისტიკის გავრცელების ხელშეწყობა. PI- თან თანამშრომლობის შექმნის მიზნით, 13 ქვეყნის 13 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL- თან ერთად გაეროს ECOSOC- ის ფარგლებში.

კონფერენციის მონაწილეების აზრით აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და აღნიშნეს, რომ თუკი ანალოგიური კონფერენციები გაგრძელდება, გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა და ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი მიაღწევენ სანუკვარ მიზანს - მშვიდობის დამარება მთელს მსოფლიოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 10:48

დღეს ქ. ბუქარესტში, გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.
ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.
დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.
ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.
შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.
ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქარატველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.

პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ბუქარესტი-თბილისი, ანუ „ფანჯარა ევროპაში“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 18 თებერვალი 2018 22:28

ბუქარესტი (რუმ. București /bu.ku'reʃtʲ/) - რუმინეთის დედაქალაქი, ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციული ცენტრია. იგი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დიმბოვიცის სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბუქარესტის მოსახლეობა 1,883,425 ადამიანია. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში რუმინეთი აღმოსავლეთი ევროპის კულტურული მოვლენების ცენტრი გახდა და ამგვარად მისი ელეგანტური არქიტექტურისა და გემოვნებიანი ელიტის გამო მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ლეგენდის მიხედვით, ბუქარესტიც, რომის მსგავსად შვიდ ბორცვზეა გაშენებული.

კარპატების ბაღი - ასე უწოდებენ რუმინელები თავის სამშობლოს და სწორედ მისი დედაქალაქის - ბუქარესტის მიმართულებით შეასრულა თბილისიდან, გასულ კვირას, პირდაპირი და ისტორიული ავიარეისი რუმინულმა ავიაკომპანია „ბლუ ერის“ კომფორტაბელურმა ბოინგმა. რუმინეთის ტურიზმის სამინისტროს და ტურისტული კომპანია ‪‎“ლეველ ტურის“ მიწვევით, ერთი კვირის განმავლობაში, ინფორმაციული ტურის ფარგლებში, რუმინეთში იმყოფებოდნენ ტურისტული კომპანია „ანტალია სერვისის“, „ნოვა ტურის“, „თქვენი ტურის’, „გალერი თრეველ თბილისის“ და სხვა საქართველოს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა, ასევე პრესის ხელმძღვანელები. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც რუმინეთის საელჩომ საქართველოში, ისე საქართველოს საელჩომ რუმინეთში.

პრესისა და გაცნობით ტურში საქართველოდან სულ 6 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფოტურის ფარგლებში მათ მოინახულეს ბუქარესტი, შავი ზღვის საპორტო ქალაქი კონსტანცა, კურორტები „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული მამაია და სინაია, ასევე ისტორიული ღირშესანიშნაობები „დრაკულას სასახლე“ ბრანში, „პელეშის სასახლე“ სინაიაში, ბუქარესტის „მუზეუმი ღია ცისქვეშ, და ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ ოთხვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმროების შთამბეჭდავი ნუსხა, სადაც ინფოტურის მონაწილეები ცხოვრობდნენ და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა სასტუმროები, რომლებიც ინფოტურის მონაწილეებმა საგანგებოდ დაათვალიერეს.

გარდა ამისა, ბუქარესტში ყოფნისას ორგანიზატორებმა საგანგებო შეხვედრა მოაწყვეს ტურიზმის სამინისტროში, რომელსაც რუმინეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილე კრისტინა იონელა ტარტეაცა და რუმინეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაისახა სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს რუმინული მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. პრეს და გაცნობით ტურში 15 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პრესტურის ფარგლებში რუმინელმა ჟურნალისტებმა თბილისი, გორი, უფლისციხე, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი, დარიალის ხეობა,თელავი, სიღნაღი, ალავერდი და წინანდალი მოინახულეს, ხოლო გაცნობითი ტურის მონაწილე ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და გუდაური. ტურის მონაწილეებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 

პრესისა და გაცნობითი ტურები საქართველოს მიმართულებით ახალ ავიარეისს დაემთხვა. რუმინულმა ავიაკომპანიამ  ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით ტურისტების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები შეასრულა. რუმინელი ტურისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 20 მილიონიანი რუმინეთის ისტორია ძალიან ჰგავს საქართველოს წარსულს. ბოლო მონაცემებით, რუმინეთი ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით მოწინავე პოზიციას იკავებს. ერთ-ერთი სფერო კი, რომლის განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ეკონომიკა და ტურიზმია.

სწორედ ამის გამო წარმოიშვა ორმხრივი ინტერესი საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაქტიურებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასახული ამოცანა შესრულებულია და უახლოესი მომავლიდან საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები დაინიშნება, რაც ქართველ და რუმინელ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ერთობლივი პროექტები, ხოლო ქართველ და რუმინელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ორი ქვეყნის ისტორიული ადგილები. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბუქარესტი

ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 12:19

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების და ძლიერი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა,  155 კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქება ღამის კლუბ Colectiv-ში პარასკევს საღამოს, როკ-კონცერტის დროს მოხდა. ინციდენტის მომენტში შენობაში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ძირითადად ახალგაზრდები და მოზარდები. აალების შემდეგ ისინი გასასვლელისკენ გაიქცნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
ამ დროისთვის გამომძიებლები ხანძრის და აფეთქების მიზეზებს ადგენენ.
„რაც ამ დროისთვის ვიცით, ის არის, რომ კლუბში პიროტექნიკა იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ტრაგედია მოხდა. ამჟამად ეს ვერსია მოწმდება“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რაედ არაფატმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური