პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 13:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 13:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ჩადენილ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ჯ-მ თავის მეგობარ თ.ნ-სთან ერთად, ორგანიზებულად შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) გეგმა. აღნიშნულმა პირებმა, სარგებლის მიღების და ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, ხ.ჯ.-ს მიერ  გარდაბნის რაიონში ნაქირავებ ბარის ტიპის ფართში კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 2016 წლის ივნისსა და ნოემბერში გადაიბირეს, შეიფარეს და მიიღეს ჩ.ს, მ.ს. და შ.შ., რომლებზეც 2017 წლის 18 მაისამდე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. ამყოფებდნენ მათ გაუსაძლის, მონობასთან გათანაბრებულ პირობებში, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, ხოლო აღნიშნული გზით მიღებულ თანხას ისაკუთრებდნენ. ხ.ჯ. დაზარალებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ, თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, ხოლო მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ხ.ჯ-ს მეგობარი თ.ნ. უზრუნველყოფდა დაზარალებულების  ტრანსპორტირებას კლიენტებთან და მათ უკან, ბარში დაბრუნებას. ასევე მათზე ახორციელებდა მუდმივ მეთვალყურეობას და კონტროლს, ავალდებულებდა მისი ტაქსის მომსახურებით სარგებლობას, რითაც მათგან შემოსავალს იღებდა, რაც შეთანხმებული, დაგეგმილი და კოორდინირებული იყო ხ.ჯ-სთან.
სამართალდამცველებმა ხ.ჯ. და თ.ნ. 2017 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე ადამიანის სექსუალური ექსპლოატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.
თ.ნ.-მ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დანაშაული აღიარა და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ზაზა სარალიძე - არავინ იფიქროს, რომ მე ამ ორი ბრალდებულის დასჯას არ ვითხოვ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 17:20

არავინ თქვას და არც იფიქროს, რომ მე ამ ორი ბრალდებულის დასჯას არ ვითხოვ. საიდან მოიტანეს, რომ თითქოს მე ამ ბავშვების გათავისუფლებას მოვითხოვ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პასუხისგებაში მიცემულ პირებთან დაკავშირებით ის სახელმწიფო ბრალდებას ეთანხმება, თუმცა სარალიძე ამბობს, რომ ამ ორი პირის გარდა დანაშაულში კიდევ რამდენიმე პირიც მონაწილეობდა. 

„არავინ არ თქვას და არც იფიქროს, რომ მე ამ ორი ბრალდებულის დასჯას არ ვითხოვ. საიდან მოიტანეს, რომ თითქოს მე ამ ბავშვების გათავისუფლებას მოვითხოვ. პირიქით, ესენი დასასჯელები არიან, მაგრამ კიდევ არიან სხვა დამნაშავე პირებიც. ამ ორ ადამიანთან მიმართებაში სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს, რომ ესენი არიან დასასჯელები. მაგრამ კიდევ არიან პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაჭრის ფაქტში. ამაზე ჯერჯერობით არანაირ რეაგირებას არ ახდენს ძალოვანი უწყება, მაგრამ იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და ყველა მიეცემა პასუხისგებაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

შსს - შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული კომპანიის დარაჯებმა ამოიცნეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 11:30

შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი აღიარებს, რომ დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული პირი კომპანია „ალფას“ დარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამოიცნეს.

”შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი - 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., რომელიც სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ფიგურირებს, კომპანია „ალფას“ დარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამოიცნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. კომპანიის დარაჯებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც თავდამსხმელებმა ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენეს. მეორე დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელები უფრო აგრესიულები გახდნენ. თავდამსხმელებსა და დარაჯებს შორის წინააღმდეგობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ხ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის - ს.მ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ს.მ.-ს სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას”, - ნათქვამია განცხადებაში.

"როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:08

ცნობილი ბალერინა ანი მურადელი ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  იგი დედის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და ამ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენისას ანი შეურაცხადი იყო. სასამართლომ ბალერინას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა და წელიწად-ნახევარს საავადმყოფოში გაატარებს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ანი მურადელის დეიდასთან, ესმა მინდორაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრ-ულს, ხედავდნენ დამტვრეულ ჭურჭელს, ნაცემ ქალს. ვეუბნებოდი, წაიყვანეთ, ხომ ხედავთ, ძლივს დგას ფეხზე, მთვრალია-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხობდნენ... ნარკოლოგიურში ბევრჯერ მივიყვანე პოლიციის დახმარებით.

- ცხედარი თქვენ იპოვეთ?
- იმ დღეს სულ ვრეკავდი და, როგორც იქნა, ანიმ აიღო ყურმილი. მივხვდი, მთვრალი იყო. მოვიდეს დედაშენი ტელეფონთან-მეთქი, ნუ მაწუხებო და დაკიდა ყურმილი. მეორედაც დავრეკე, იგივე გამიმეორა. ნათესავს ვთხოვე, გამყოლ-ოდა. ვუკაკუნებდი, დეიდა ვარ, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, კიოდა. მერე მეზობლები გამოვიდნენ და მითხრეს, წუხელ ღამის 2 საათზე საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ, შველას ითხოვდა ჩემი და...

მიცვალებული ხალიჩაზე პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამტან ერთად იყო. ანი საზოგადოებისთვბის საშიშია, როგორ გგონიათ, არ მიყვარს? მაგრამ ეს ჩაიდინა. დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე, ალბათ, არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა.
ახლა ამბობენ, შეურაცხადმა მოკლაო. თუ ასეა, კარს რატომ არ გვიღებდა? ანუ აცნობიერებდა, რაც მოხდა. თავიდან აღიარა კიდეც, მაგრამ მერე ადვოკატების რჩევით თქვა, არაფერი მახსოვსო. წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში.

როგორ დააკავეს პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017 23:50

უკრაინის პოლიციამ კიევში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი დააკავა, რომელსაც სამშობლოში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ბრალდება არასრულწლოვან გოგონებთან.
როგორც ავსტრიის სასამართლოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა,
56 წლის ზაიზენბახერი უკრაინის დედაქალაქში, საკუთარ ბინაში იმალებოდა. მისი გამოვლენა კი ავსტრიაში განხორციელებული სატელეფონო ზარებით მოხერხდა. ავსტრიის ხელისუფლებამ უკვე გადაუგზავნა უკრაინას ყველა საჭირო დოკუმენტი დაკავებულის ექსტრადირებისთვის. წარსულში ცნობილი ძიუდოისტის საქმეზე სასამართლოში ახალი მოსმენის დანიშვნის ვადა მოგვიანებით დადგინდება.

ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა, გამოძიება კი სამი წელი მიმდინარეობდა.

ზაიზენბახერი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.

ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი სასამართლოზე - რას ამბობს ეჭვმიტანილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017 22:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების განხილვა დასრულდა. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.

,,თავიდან სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი.

თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყო დანა და გადავაგდებდი ზღვაში''. განაცხადა ბრალდებულმა

 

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის საფრთხეები, ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

 

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში" - აღნიშნულია სამქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომობილების ხელოსნის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 11:10

ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა. საუბარია რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილზე.

რაც შეეხება პაატა ხოფერიას, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, მოსამართლემ მას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შემთხვევა 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ბრალდების ვერსიით, ახალგაზრდებსა და ხელოსანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ლაშქარაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამაზ მჭედლიშვილს რამდენჯერმე ესროლა. მოკლულის მეუღლე ორივე ახალგაზრდისთვის სასჯელის უმკაცრეს ზომას ითხოვს. ბრალდებულ ლაშქარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხოლო მეორე ბრალდებული პაატა ხოფერია ბრალს არ აღიარებს.

სასამართლომ ასლან აბაშიძე და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ სცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 10:11

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან   აბაშიძე  დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია),  223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია),   187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია),  2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია),  143-ე მუხლის მე-2 ნაწილით  (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია),  381-ე მუხლით  (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და  25. 323-ე მუხლის  მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილი  მინისტრი იოსებ  გოგიტიძე,  აჭარის ა.რ.  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, აჭარის ა.რ.  შინაგან საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ა.რ.  მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი დავით  ხალვაში და  აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი ამირან კურცხალიძე. 
სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ  აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა  მისი მოადგილე ნოდარ იმნაძე.  მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ  სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და  ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც  2004 წლის 21 აგვისტოს  აფეთქება მოჰყვა.  მანვე ჩაიდინა  სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა  და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის  და სხვათა მიმართ.   
სასამართლომ ასევე დაადგინა,  რომ  აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე  პირთა ჯგუფთან ერთად  მიითვისა აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად   ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება. 
აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს  ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში“ თამაზ  მამისეიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალ გოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისათვის გამოყოფილი 1 093 317  აშშ დოლარი.  
აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.
აჭარის ა.რ.  მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირება,  აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარის სამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია „procter & gamble”-ის  ქონების ქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას,  2004 წლის 20 თებერვალს,  მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში,  დ. თავდადებულისა და ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე  მანიფესტაციის უკანონო დარბევაში. 
აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს  ყოფილი უფროსის ამირან კურცხალიძის სამსახურებრივი   გულგრილობის  შედეგად  აჭარის  ა.რ.   უშიშროების   სამინისტროს 2000-2001 წლებში  მიადგა 709 955 ლარის ზიანი.      
ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ასლან აბაშიძეს 15 წლით, იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და  ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ  გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე, სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა. 
 

ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 15:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ალ.წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი  და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა  დაკავებული. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური