საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთი 24:7 დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 13 მარტი 2016 13:01

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 12 მარტს სოჭში რუსეთის ნაკრებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გამართა და მეტოქე 24:7 დაამარცხა. ქართველებმა მეტოქეს 3 ლელო და 3 გარდასახვა გაუტანეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველო 3:0 დაწინაურდა. მე-18 წუთზე ლევან ხმალაძის გადაკიდებულ ბურთს თამაზ მჭედლიძის პირველი ლელო მოჰყვა, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა და "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:0 მოიგეს.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, გარდასახვა კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში -17:0 გახდა.

62-ე წუთზე ლელო გიორგი ნემსაძემ გაიტანა, კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო  და საქართველო დამაჯერებლად გავიდა წინ - 24:0. მატჩის დასრულებამდე რუსეთის ნაკრებმა პრესტიჟის ლელოს დადება შეძლო და მატჩი საბოლოოდ 24:7 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ.

რაგბი ევრიპის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასკვნით მატჩს "ბორჯღალოსნები" 19 მარტს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ 4 მოგებით ლიდერობენ და ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2016
მე-4 ტური, 12 მარტი


რუსეთი - საქართველო 7:24
რუმინეთი - გერმანია 61:7
ესპანეთი - პორტუგალია 39:7

“ბორჯღალოსანთა” რაზმის წევრს, ჩემპიონატში 14-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:44

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა ”კლერმონის” ქართველი მორაგბე ვიქტორ კოლელიშვილი საკმაოდ მკაცრად დასაჯა. “ბორჯღალოსანთა” რაზმის წევრს, ჩემპიონატში 14-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
სასჯელის მიზეზი 22-ე ტურში ”კლერმონისა” და ”ოსპრეიზის” მატჩის მე-17 წუთზე მთავარ მსაჯთან მომხდარი ინციდენტია. კოლელიშვილმა ინგლისელ მსაჯს, უეინ ბარნს უბიძგა.

“ბორჯღალოსნებს” კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 11:00

 “ბორჯღალოსნებს” კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს გადაწყვეტილება საქართველოს რაგბის კავშირის გამეგეობამ მიიღო.ახალზელანდიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2+2 წლიანი სქემით გაფორმდება. ჰეიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, კონტრაქტს ხელს, 24 იანვარს გასამართი სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოაწერს. მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასეთივე სქემით ლევან მაისაშვილი იქნება. სრკ-ს გამგეობამ, სხვა საკითხებზეც იმსჯელა, კერძოდ, დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაკრებში, სამი ან მეტი მოთამაშის გაწვევის შემთხვევაში 1 სეზონის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 3 (სამი) თამაშის გადატანა, რის შესახებ გუნდმა (კლუბმა) უნდა აცნობოს საშეჯიბრო კომიტეტს 5 კალენდარული დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი არ გადაიდება. მწვრთნელების ნაკრებებში მივლინების გამო თამაში არ გადაიდება, თუნდაც ეს პიროვნება საკლუბო განაცხადში მოთამაშედ ირიცხებოდეს.

პატარა ქართველი მორაგბეები საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 15:26

კვირას, პირველ ნოემბერს, საფრანგეთის სამხრეთის საკურორტო ქალაქ ანტიბში ადგილობრივი კლუბის, ‘ანტიბ სოფია ანტიპოლისის’ (RCASA) ორგანიზებით გაიმართა რაგბის საბავშვო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ადგილობრივი კლუბების 6, 8, 10 და 12 წლამდე გუნდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ‘ლელო-სარასენსის’ 2006 და 2007 წელს დაბადებულმა მორაგბეებმა. 2006-იანმა ლელოელებმა თავიანთ ჩათვლაში გაიმარჯვეს, ხოლო 2007-იანები მეორეზე გავიდნენ.

პატარა ლელოელების მხარდასაჭერად ტურნირს დაესწრენენ ბორჯღალოსნები ლევან ჩილაჩავა, ლაშა ლომიძე და რევაზ ბელქანია, რომელთა ყოფნამ არა მარტო ქართველ პატარა მორაგბეებს არამედ, ტურნირში მონაწილე ყველა ბავშვს დიდი სტიმული მისცა.

„ვამაყობთ ჩვენი პატარებით, ყველა მადლობას გვიხდიდა ასეთი ბავშვების აღზრდისათვის. კარგი თამაში ვაჩვენეთ. ფინალში ყველა „ჯორჯიას“ ყვიროდა, ფრანგებიც კი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის!“ - აცხადებენ ლელო სარასენსის ასაკობრივი გუნდის მწვრთელები სანდრო ქოიავა , გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ხორბალაძე და ერეკლე კამლაძე.

საკრებულოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:50

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისთავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძისა და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ ინიციატივით დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საქართველოსმორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად რაგბის ქომაგი ბავშვები ესწრებოდნენ. ქეთევან ჯოხაძემ ქართველ სპორტსმენებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ არაერთი გამარჯვება უსურვა. მორაგბეებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს სხვა წევრები მიესალმნენ და წარმატება უსურვეს. ,,რაგბი, მოგეხსენებათ, გუნდური თამაშია. ამ ბიჭების მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთიანობით და თავდადებით ყველაფრის დაძლევაა შესაძლებელი’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. რიმა ბერაძემ საკრებულოს წევრსა და ამასთან, რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორს და წარსულში საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს ირაკლი აბუსერიძეს, ასევე ქართველი მორაგბეებს ქართული სპორტის, კერძოდ, რაგბის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა. მორაგბეების მიღწევებზე, ასევე სპორტის ამ სახეობის განვითარებაში წინა თაობების დამსახურებაზე საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ წევრმა, ყოფილმა მორაგბემ, რაგბის კლუბის ,,ყოჩების’’ დამფუძნებელმა ნუგზარ მალაღურაძე ისაუბრა და წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებისთვის ბიჭებს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნუგზარ მალაღურაძე ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დროა რაგბმა სტადიონებიდან ეზოებსა და უბნებში გადაინაცვლოს და მასტერკლასები მათ პროფესიონალმა მორაგბეებმა ჩაუტარონ. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას კლუბის ,,ყოჩები’’ წევრები უკვე გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს. ,,ვფიქრობ, ამ კარგ საქმეში ჩვენ სხვა კლუბების წევრებიც შემოგვიერთდებიან, ხოლო ბავშვები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებიან, საკუთარ უბნებში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით ერთგვარი დესპანები იქნებიან’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ გუნდის სახელით საკრებულოს დეპუტატებს მოწვევისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მორაგბეები გულშემატკივრებს კიდევ არაერთი გამარჯვებით გაახარებენ. შეხვედრის დასასრულს, სპორტსმენებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში ფოტოები გადაიღეს და ბავშვებს სამახსოვრო ავტოგრაფებით რაგბის ბურთები დაურიგეს.

ყველაზე პატარა ბორჯღალოსანი დღეს იუბილარია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:16

დღეს, 14 ოქტომბერს, ყველაზე პატარა ბორჯღალოსანის, ნაკრების მე-9 ნომრის ვასილ ლობჟანიძის დაბადების დღეა, ის 19 წლის გახდა. მან ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2015 წელს 7 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში 10 ბორჯღალი მოიხვეჭა.

მონაწილეობა მიიღო 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისში, სადაც გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიო თასების ისტორიაში.

უნდა ითამაშოს თუ არა საქართველომ ექვს ერში?

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:38

Wales online ატარებს გამოკითვას - უნდა ითამაშოს თუ არა საქართველომ ექვს ერში?

ამ დროისთვის გამოკითხულთა 86% თვლის, რომ საქართველოსთვის უნდა გაიხსნას 6 ერის კარი დაბორჯღალოსნებმა უფრო მაღალი დონის ნაკრებებთან შეძლოს ასპარეზობა.

"6 ერი ეს არის ჩვენგან დაუმოუკიდებელი და კომერციული ტურნირი. ჩვენ ვერ მოვახდენთ მათზე გავლენას. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ გაფართოების საკითხი. თუმცა, რაგბის მართველმა ორგანიზაციამ უნდა იფიქროს საქართველოსა და იაპონიის მეტ ინტეგრაციაზე, რათა ამ გუნდებს ტოპ ნაკრებებთან თამაშის მეტი გამოცდილება ჰქონდეთ. ასეთმა გადაწყვეტილებამ რა შედეგიც გამოიღო არგენტინის მაგალითზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ", - განაცხადა World Rugby-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ გასპერმა.  

"ბორჯღალოსნები" საუკეთესო თორმეტეულში მოხვდენენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 10:36

დასრულდა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ციებ-ცხელება. ბორჯღალოსნებმა თავიანთ დასახულ მიზანს მიაღწიეს - ჯგუფში ორი რკენა მოიგეს და პულში მე-3 ადგილზე გავიდნენ (საუკეთესო 12-ულში მოხვდენენ), მაგრამ 2019 წლის, იაპონიის მსოფლიო თასზე გასვლა, რომ ოფიციალურად ‘გაფორმებულიყო’, ახალი ზელანდიისა და ტონგას დაპირისპირებას ‘ოლ ბლექსის’ გამარჯვებით უნდა ჩაევლო. რაც საბედნიეროდ მოხდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავედით.

ბორჯღალოსნებმა 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:53

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვა. “ბორჯღალოსნებმა” ინგლისში მიმდინარე “მუნდიალზე” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც 4 წლის შემდეგ გასამართ მსოფლიოზე უკონკურენციოდ გამოსვლის უფლებას იძლევა. ქართველთა მესამე ადგილი, ჯგუფში ახალი ზელანდიისა და ტონგას მატჩზე იყო დამოკიდებული. ტონგას გამარჯვების შემთხვევაში ჩვენები მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლებდნენ.
“ზღვის არწივების” დიდი მონდომების მიუხედავად სენსაცია მაინც არ შედგა და “ოლლ ბლექსმა” ტონგა დამაჯერებელი ანგარიშით 47-9 დაამარცხა. ზელანდიელები C ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და მეოთხედფინალში D ჯგუფის მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს, საფრანგეთს ან ირლანდიას შეხვდებიან. C ჯგუფში, სადაც საქართველო გამოდიოდა, ერთი თამაშია დარჩენილი არგენტინასა და ნამიბიას შორის, რომელიც უკვე ცხრილზე ვეღარანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

ბორჯღალოსნები საქართველოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 09:53

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ქართველი მორაგბეების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, 03:05 საათზე დაეშვა. "ბორჯღალოსნებს" აეროპორტში გულშემატკივრები შეძახილებით დახვდნენ, გაუშვეს ფერადი ქაღალდების ფოიერვერკებიც. 
"ქართველი მორაგბეების თამაშით ამაყები ვართ. ბიჭებმა მსოფლიოს თასი ღირსეულად ჩაატარეს და ფაქტობრივად გაინაღდეს შემდგომ მსოფლიოს თასზე თამაში. დარწმუნებულები ვართ, რომ 2019 წელს, ჩვენი ბიჭები იაპონიაში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ", - ამბობდნენ გულშემატკივრები. 
ქართველი მორაგბეები საქართველოს ნაკრების თამაშს დადებითად აფასებენ. "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვროდ ავტოგრაფებიანი რაგბის ბურთებიც აჩუქეს. 
"ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც მივიღეთ, ამდენი გულშემატკივრის დახვედრაა. ვულოცავთ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას. ქართული რაგბის ისტორიაში მსოფლიოს თასზე ახალი ფურცელი დაიწერა, რადგან პრაქტიკულად გავინაღდეთ მსოფლიოს თამაშზე თამაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა, ლიდერმა დავით კაჭარავამ. 
"ბორჯღალოსნებს" აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დახვდნენ. მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას განცხადებით, ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. 
"მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და სძლიეს არამარტო მეტოქეებს, მსაჯებსაც. ძალიან მაგარი განწყობა და ემოციები გვაქვს. ცხადია, რომ ქართული რაგბი წინ მიდის და მომავალში უფრო და უფრო დიდი შედეგები გველოდება", - აღნიშნა ლოდიამ. 
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ორი გამარჯვება მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა 2019 წელს, იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური. 
მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს შეხვედრა არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან 10:43 წააგო. საქართველომ 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი და კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ. ინგლისში მსოფლიო თასის დასრულებამდე დარჩება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც შეხვედრებს გამართავს. 
საქართველოში კი შემდეგ მორაგბეები დაბრუნდნენ: მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, სიმონ მაისურაძე, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩიალაჩავა, გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშივილი, ლაშა ლომიძე, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი აფციაური, მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე და მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური