ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 14:43

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ  მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

უმცროსი ბორჯღალოსნები გაისადაც 12-გუნდიან ელიტაში ითამაშებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:37

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში ‘პუმიტასი’ 26:25 დაამარცხა და გაისადაც 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

რეალობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გათვლას თავიდანვე მეოთხე თამაშზე აკეთებდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ სავარაუდო მეტოქეებს ავცდით და მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინა გვერგო. ‘პუმიტასი’ საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვიდა, თუმცა ჩვენზე მეტად არ გაუმართლა და სამი თამაშის შემდეგ ქვედა ოთხეულში მოხვდა.

სიტუაციის შემობრუნების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გეგმას არ გადაუხვიეს, ‘მიხეილ მესხზე’ მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 26:37 ჩამოვრჩით დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ანგარიშში თავიდანვე დავწინაურდით და ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შევინარჩუნეთ. ეს იყო იმ თამაშის და ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაში აჩვენა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ამ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და საფინალო სასტვენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა: შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია და იერიში გელა აფრასიძემ გააგრძელა, შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი ბექა საღინაძეს ამოუგდო და ჩვენმა მეორეხაზელმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. აფრასიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სტუმრებმა მალე გვიპასუხეს და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს დამიწებამდე ბურთი ხელიდან გაუსხლტა. არგენტინას ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და ტომას ალბორნოზმა ახლოდან გაიტანა - 7:3.

მე-12 წუთზე მეორე ლელო დავდეთ. არგენტინელებმა 22-ში შეტანილი ბურთი პირდაპირ აუტში დაარტყეს და ჩვენი დერეფანი დარტყმის ადგილას დაინიშნა, მოლიც კარგად დადგა, დაახლოებით 12 მეტრი იარა და გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ლაშა ტაბიძე საკამათო ეპიზოდში სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და მეტოქემ მეტობა 1 წუთში ლელოში ასახა. ალბორნოზს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა.

შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში ბურთს უმეტესად უმცროსი ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ და რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შეტევა, მაგრამ მეტოქე ჯარიმდებოდა და აფრასიძემაც ზუსტი დარტყმებით მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. ამ პერიოდში ერთი კარგი შეტევა მეტოქესაც ჰქონდა, თუმცა დავით მესხის ბოჭვის შემდეგ არგენტინელს ჩვენს 5-მეტრიანთან ბურთი წინ დაუვარდა - 23:11.

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (გარდასახვა არაზუსტი იყო). უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ძალიან დიდი დრო შეტევაში გაატარეს. დაახლოებით 10 წუთი მეტოქის წითელ ზოლს ვუტრიალეთ, 3-ჯერ არ დავარტყით ჯარიმა, მაგრამ ლელოს დადება ვერ შევძელით. 67-ე წუთზე მეტოქის შეცდომის შემდეგ ლელო მირიან მოდებაძემ დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე გვერდით ხაზს შეეხო.

თამაშის ბოლო ახლოვდებოდა, სხვაობა ისევ 5 ქულა იყო და ცხადია, დაძაბულობაც მატულობდა. საბედნიეროდ, სიტუაცია აფრასიძემ დააწყნარა, რომელმაც თავისი ნახევრიდან ჯარიმა კი ააცილა, თუმცა, 76-ე წუთზე დაახლოებით 43 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა და საქართველო 26:18 დააწინაურა.

გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს გახლდათ. სამხრეთამერიკელებს 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდათ და უკვე გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი მხოლოდ გულები გაიგრილეს.

26:25 და 18 ივნისს მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც სამოა 52:26 დაამარცხა. გვაქვს შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ 2018 წელს კვლავ ელიტაში ვიქნებით (ჩემპიონატს შოტლანდია მასპინძლობს) და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ.

პრესკონფერენცია

ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი): „გასაგებ მიზეზთა გამო, ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, ამდენად, შეჯიბრზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია, ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გქვონდა, თუმცა, განსაკუთრებით დაცვით ხაზში ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა ჯარიმამ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა. არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა, მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული ჯახებით მათი დაღლა გვსურდა. 

ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია და ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას”.

ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა“.

ქართველების პირველი შეხვედრა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 12:52

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლასით უფრო ძლიერ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და თამაშში ბოლომდე დარჩნენ, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობამ გამარჯვების საშუალება არ მოგვცა - 26:37.

ეს იყო სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტისა და კავკასიური ხასიათის დაპირისპირება, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს და ტოლსწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იყო ეპიზოდები, როდესაც უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს ლელოც ლოგიკური ჩანდა, თუმცა პატარ-პატარა შეცდომების გამო ქულების აღება ვერ მოხერხდა.

მთლიანობაში, ‘პუმიტასმა’ გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა, მაგრამ მინიმუმ ქულას უმცროსი ბორჯღალოსნებიც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ბოლო ლელოს დადება ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ბიჭებმა, რომლებმაც არგენტინასთან მთელი 80 წუთი თავდადებულად იომეს, ქომაგისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს და მოედანი თავაწეული დატოვეს.

 საქართველო 26:37 არგენტინა

საქართველოსა და არგენტინის შეხვედრებისთვის ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი თითქმის პირთამდე შეივსო. ტრიბუნებზე ბორჯღალოსნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამერიკული ტურნესთვის ემზადებიან. ასევე იყვნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სამხრეთ ამერიკელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლივ ქომაგობდნენ. ტრიბუნაზე იყო ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ის ქართველთა თავდადებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.

 ‘პუმიტასმა’ ჰიმნი არგენტინელთათვის ტრადიციულად, ემოციურად შეასრულა. მერე იყო ჩვენი ჰიმნი და თამაში პირველსავე წუთებიდან გახურდა. უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ ღია თამაშში, სწრაფმა არგენტინელებმა რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და უპირატესობის მოპოვება. ქართველები ბურთზე კონტროლის დამყარებას და ფორვარდების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ჩასაფრებული არგენტინელები მცირე შეცდომას არ გვპატიობდნენ.

 ანგარიში გელა აფრასიძემ ჯარიმით გახსნა, რომელმაც შესვენებამდე კიდევ სამი შანსი მიიღო და ყველა გამოიყენა, აქედან ორი დარტყმა საკუთარი ნახევრიდან შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ პერიოდში მეტოქემ 3 ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა და შესვენებისას სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო - 12:17.

 მეტოქე მიხვდა, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იოლად ვერ გაუმკლავდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში აღარ გარისკა, ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ქართველებმა ფაზები გადააბეს და წითელ ზოლს უწიეს, ლელოც თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქემ იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. 3 ქულის აღება ძალიან მარტივი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს და სამწუხაროდ, უქულოდ დარჩნენ.

 61-ე წუთზე მატიას სოსემ ინდივიდუალური გარღვევით არგენტინელთა მე-4 ლელო დადო და საკუთარ გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 5 წუთში უპასუხეს: კარგი მოლი მეტოქემ ჩააქცია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, შეტევა ხაზზე გაიშალა, გიორგი გოგოლაძემ ბურთი გიორგი კვესელაძეს ამოუგდო და მან 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო მიითვალა.

 სოსეს კიდევ ერთ სწრაფ გარღვევას არგენტინელთა მორიგი ლელო მოყვა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და უშანგი ჭეიშვილის ლელო გოგოლაძემ გარდასახა. დრო კიდევ საკმარისი იყო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 15-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და პრემიალური ქულის აღება არ დაგვანება.

 

 

საქართველო - გერმანია 50:6 - კვირიკაშვილის მე-100 კეპი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:39

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მილტონ ჰეიგის გუნდმა რუსთავში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა და 50:6 დაამარცხა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

 "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 21:6 მოიგეს, მეორეში კი სტუმრებს  29:0 აჯობეს. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა გერმანიას რვა ლელო დაუდო.

საქართველო - გერმანიის მატჩის ყველაზე გამორჩეული მომენტი კი მერაბ კვირიკაშვილის ამბავია, რომელიც საქართველოს რაგბის ისტორიაში გახდა პირველი მორაგბე, ვინც სანაკრებო მე-100 კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონი გახდა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრაც ბონუს ქულით მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს. “ბორჯღალოსნები“ მე-3 ტურის მატჩს 4 მარტს ესპანეთში ჩაატარებენ და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. 

საქართველო - გერმანია 50:6 (21:6)

საქართველო: კვირიკაშვილი, ფრუიძე, კოშაძე, შარიქაძე, თოდუა, ჯინჭველაშვილი, ბეგაძე, მატარაძე, ალხაზაშვილი, ბეკოშვილი, ნემსაძე, ჭეიშვილი, ლომიძე, თხილაიშვილი, გორგაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჭყოიძე, თეთრაშვილი, ტაბიძე, მჭედლიშვილი, შუბითიძე, აფრასიძე, ხმალაძე, მალაღურაძე

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ლელო: კოშაძე (2), ფრუიძე, თხილაიშვილი (2), გორგაძე (2), შარიქაძე

გარდასახვა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე

გერმანია: აუნალა, პეინი, კუცია, მერფი, ლედინგემი, პარკინსონი, არმსტრონგი, ნოშტადტი, ბარბერი, ფიუხზელი, მაი, მარკსი, ბერენდტი, ფერეირა, ვოლენკემპერი

შეცვლაზე შევიდნენ: გარნერი, შრიოდერი, დიკინსონი, ვან ნიკერკი, ელსი, შტინდერა, დოკო

მწვრთნელი: იაკობუს პოტხიტერი

ჯარიმა: პარკინსონი

რაგბი ევროპის გათამაშება. მე-2 ტური
ბელგია - რუსეთი 18:25
რუმინეთი - ესპანეთი 13:3

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - მე-11 პოზიცია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 11:54

არცთუ ისე ბევრ გუნდს შეძლებია ფიჯის ულელოვოდ დატოვება, განსხვავებით საქართველოს ნაკრებისგან რომლებმაც ოკეანეთის პირველი  ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს. ბორჯღალოსნებმა სუვაში, ‘ეი ენ ზი სთედიუმზე’ 14-3 იმარჯვეს ფიჯიზე,  შედეგად კი რეიტინგში 75.23 ქულა დაიკავეს, რამაც მათ ახალი რეკორდული ადგილი მე-11 პოზიცია მოუტანა.

ფიჯისთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებამდე, ბორჯღალოსნებმა სამოასთან ფრე ითამაშეს,  რასაც მალევე ტონგას 23-20 დამარცხება მოაყოლეს.

„ეს ტურნე ჩვენთვის ყოველდღიურად რაღაც განსაკუთრებულის კეთების პერიოდი იყო. ის რაც, სხვა არც ერთ საქართველოს ეროვნულ გუნდს არ გაუკეთებია ეს აქ ჩამოსვლა და გამარჯვებით უკან დაბრუნებაა.“ - ამბობს ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

 „ჩვენ ამ საკითხს ჯერ კიდევ მარტში განვიხილავდით და მაშინ ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ კუნძლებზე ისტორია უნდა შეგვექმნა. ოკეანეთის დაუმარცხებლად დატოვება ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა, რაც უდიდეს თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს კი აუცილებლად განაპირობებს მომავალში ჩვენი თამაშის კიდევ უფრო პროგრესირებას.

„თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ასეთი შედეგი გვეჩვენებინა.“ - მილტონ ჰეიგი.

ბორჯღალოსნებმა ფიჯის ნაკრები 3:14 დაამარცხეს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 13:42

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე გამარჯვებით დაასრულა: მილტონ ჰეიგის გუნდი სუვაში ფიჯის ნაკრებს გაეჯიბრა და 14:3 გაიმარჯვა! შეგახსენებთ: ფიჯი წყნარი ოკეანეთის თასის მფლობელი გახლავთ.

თამაში დაძაბული გამოდგა: მეტოქეებმა პირველ ნახევარში თითო ჯარიმა გაცვალეს, შესვენების შემდეგ კი ლაშა ხმალაძემ ფიჯელებს ლელო დაუდო, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ორი ჯარიმა მოჰყვა.

„ბორჯღალოსნები" ფიჯელებს მეორედ დაუპირისპირდნენ და პირველად გაიმარჯვეს. 2012 წლის ნოემბერში ფიჯის ნაკრები თბილისს ესტუმრა და ქართველები 24:19 დაამარცხა. მას შემდეგ მეტოქეებმა ორჯერ ერთობლივად ივარჯიშეს: 2014 წლის ნოემბრის ტესტებისთვის და 2015 წლის მსოფლიო თასის მზადების პერიოდში.

ფიჯელებთან ტესტში მერაბ კვირიკაშვილმა და დავით კაჭარავამ 95-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭეს. ისინი „ბორჯღალოსნების" რეკორდსმენები არიან. 94-ედ ითამაშა ნაკრებში გიორგი ჩხაიძემ, რომელიც კვირიკაშვილთან ერთად ერთ სანაკრებო რეკორდს იყოფს: ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა!

ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა. 11 ივნისს „ბორჯღალოსნებმა" სამოასთან ფრედ 19:19 ითამაშეს, 15 ივნისს კი ტონგას 23:20 აჯობეს.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია დაამარცხეს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:24

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიას 18:17 მოუგეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტაიმი ქართველებმა 5:7 დათმეს, შესვენების შემდეგ კი 2 ლელოს გატანა შეძლეს, მეტოქეს აჯობეს და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს. 

ქართველთა შემადგენლობაში ლელოები ბექა გორგაძემ, ლადო მიმინოშვილმა და თორნიკე მატარაძემ გაიტანეს, 1 ზუსტი საჯარიმო კი გელა აფრასიძის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მე-9 ადგილისთვის ბრძლის უფლება მოიპოვეს, რომელშიც მათი მეტოქე სარანგეთის  20 წლამდელთა ნაკრები იქნება. საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდელ მორაგბეთა მატჩი 25 ივნისს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ირლანდიისა და ინგლისის 20-წლამდელები ითამაშებენ. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 16:47

20 ივნისს მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე, ნახევარფინალური ტური გაიმართება, რომელშიც ‘ა' ჯგუფის ტრიუმფატორი ირლანდია არგენტინას ეთამაშება, ხოლო ‘ბ' ჯგუფის პირველადგილოსანი, მასპინძელი ინგლისი სამხრეთ აფრიკას - საუკეთესო მეორე ადგილოსანს ერკინება.

20-წლამდელთა მსოფლიოზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს ალბათ ტურნირის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი ელით წინ - მეცხრე ადგილის ნახევარფინალი, რომელშიც ჩვენი ნაკრები იტალიელ თანატოლებს ერკინება. ოთხიოდ დღის წინ ჩვენებს ერთ-ერთი ურთულესი თამაში ქონდათ ჯგუფის ლიდერ ირლანდიასთან, რომელიც 7:35 დავთმეთ. 

სამი მატჩის ჯამში, ულესთან მიღებული დაცვითი ბონუსით, ჯგუფში ერთი ქულა დავისაკუთრეთ და საუკეთესო მეოთხე ადგილოსნები გავხდით. შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 20 მაისს საქართველოს დროით 18:15 საათზე იტალიას ვხვდებით ეი ჯე ბელ სთედიუმზე. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხზე შემოგვთავაზებს.

იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელ ინგლისთან 48:10 დათმეს. შემდეგ ავსტრალიასთან 38:10, ხოლო მესამე ტურში შოტლანდიასთან 27:19 დამარცხდნენ.

„ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლია. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ირლანდიასთან დისციპლინამ გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ხასიათი გამოავლინეს და ყველამ ვინც მოედანზე იყო ბოლომდე იბრძოლა. პარადოქსია - რაც თხუთმეტმა კაცმა ვერ მოახერხა შეტევაში წინა თამაშებში, ირლანდიასთან თოთხმეტმა შედარებით შეძლო." განაცხადა ილია მაისურაძემ.

მომავალი მატჩის შეფასებისას მან ასევე დასძინა: „იტალია დაბალანსებული გუნდია ძლიერი შერკინებითა და ხაზით. ყავთ კარგი გადაწყვეტილებების მიმღები ცხრა, ათი და თხუთმეტი ნომრები. ყველა კომპონენტში საშუალოდ კარგ დონეზე არიან და რაც მთავარია დისციპლინირებული გუნდია.

„ამ მატჩში ვუმიზნებთ დაცვის გაძლიერებას - უფრო მეტი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ გვინდა ვამყოფოთ მათი შეტევა. ამოვიდეთ რაც შეიძლება უფრო სწრაფად ვიდრე წინა მატჩებში. ირლანდიის თამაშზე ზოგი კომპონენეტი გამოვასწორეთ - გადაწყობა, გაშლა და ამოსვლა. პოზიციურადაც პატარა შეცდომებიც იყო, ხოლო ინდივიდუალური ბოჭვები კარგი გვქონდა, რითაც კმაყოფილი ვარ. თითქმის ორასამდე ბოჭვა გავაკეთეთ. რამდენიმე მორაგბეს ოცზე მეტი ბოჭვის გაკეთება მოუწია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია."

სატურნირო რაზმში ბიჭები შემოგვემატნენ

წინა მატჩში ოთარ გიორგაძე მინდვრის დატოვება მოუწია, რათა ტვინის შერყევის ტესტი გაევლო. იგი აღარ შემობრუნებულა ვინდაიდან მატჩის ექიმმა გადაწყვიტა, რომ მას ტვინის შერყევა ქონდა. ტვინის შერყევა შედარებით მცირე სიძლიერისაა და ტურნირის პროტოკოლის თანახმად იგი შვიდი დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად ვერ გაირჯება იტალიასთან. რაც შეეხება მიხეილ ბაბუნაშვილს, გიორგი ცუცქირიძესა და ბექა გორგაძეს, სამივე თავს კარგად გრძნობენ და ხვალ ითამაშებენ.

სამწუხაროდ პირველ ხაზელ ნიკა ნეფარიძეს ტერფზე ტრავმა აქვს, რომელიც მას გამაყუჩებლის გარეშე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე წინა კვირას გაცნობეთ, რომ ბარძაყის კუნთის ძველი ტრავმის გამო ტურნირის დატოვება ლიონის მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას მოუწინა. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა აიას ბურჯ უშანგი ჭეიშვილსა და ბათუმის მესამეხაზელ ვანო ფუთკარაძეს უხმეს. ბიჭები უკვე გუნდთან ერტად არიან და ემზადებიან მეოთხე ტურის მატჩისთვის.

„მე ჯერ არ მახსოვს ტურნირი, სადაც ვინც დაიწყო ყველას დაემთავრებინოს. გქვონდა ტრავმები და ღმერთმა ქნას, რომ მეტი აღარ გვქონდეს. ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ გავიარეთ, რათქმაუნდა ყველა იქიდან ვერ წამოვიდა და არჩევანის გაკეთება მოგვიწია. ეს ბიჭები უახლოეს რეზერვში მოისაზრებოდნენ, რომლებსაც დავუტოვეთ ინდივიდუალური პროგრამები. ისინიამ პროგრამების მიხედვით ემზადებოდნენ, რადგან ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა. გარკვეული მიზეზების გამო უჩა ჭეიშვილი და ვანო ფუთკარაძე სატურნირო რაზმში თავიდან ვერ მოხვდნენ - ჭეიშვილს კოჭის ტრავმა, ხოლო მესამე ხაზში ფუტკარაძეს დიდი კონკურენცია ქონდა. ამ ბიჭებს ვენდობით! როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მთელი მომზადების, თითქმის ერთ წლიანი პერიოდი და პროცესი გუნდთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, რომ შემოვლენ და თავის შანს გამოიყენებენ." განაცხადა მაისურაძემ.

სამატჩო რაზმი
საქართველო ტალია | ეი ჯეი ბელ სთედიუმიმანჩესტერი
20/06/2016 | 18:15 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი) 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი)

შერკინება, ფორვარდები

1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ)

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. უჩა ჭეიშვილი (აია), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. მირიან მოდებაძე (აია), 23. სანდრო ილურიძე (აკადემია)

ბორჯღალოსნები VS სამოას

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 17:06

საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე რამდენიმე საათი რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან.

საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში ოფიციალურად ჩაება საფხულის ტესტ სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გამგზავრა, სადაც პირველი ტესტი, როგორც ზემოთ ვაღნიშნეთ სამოასთან გვაქვს.

შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას ვეთამაშებით. ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში კი, 24 ივნისს მასპინძელ მფრინავ ფინეჯელბს ვებურთავებით.

ჩვენი ნაკრები სამოაში 4 ივნისიდან ემზადება ტესტებისთვის. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქაცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრაგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.

„გამოწვევა მიღებულია და მოუთბენლად ველით შაბათს სამოას წინააღმდეგ თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ. სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და თავდაჯერებულობა" განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ექვსი ერის ტურნირზე თამაშის შანსი უნდა მიეცეთ, - ლაპასე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 11:00

„ექვსი ერის ფორმატი უნდა შევცვალოთ, ახალ გუნდებს თამაშის საშუალება უნდა მივცეთ. შესაძლოა, ფლეი-ოფის სისტემა დაინერგოს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშის შანსი უნდა მიეცეთ,“ -  ამის შესახებ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპასემ, ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ცვლილებების შემთხვევაში ექვსი ერის ყველაზე სუსტი გუნდი, რაგბის ევროპის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები გახდა.

შეგახსენებებთ, ამჟამინდელი პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე  თანამდებობას მაისში დატოვებს, 11 მაისს კი მსოფლიო რაგბი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც  ერთადერთი კანდიდატი ინგლისელი ბილ ბომონტია. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური