ევროკავშირის ელჩი ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროექტებს ბორჯომში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 16:48

გაულ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანში გაემგზავრა ევროკავშირის მიერ სასოფლო განვითარების მხარდაჭერის შედეგების განსახილველად. ვიზიტის განმავლობაში ელჩი შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ესტუმრა სასოფლო განვითარების ინიციატივას ბაკურიანში.
 
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია ადგილობრივი განვითარების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მათი ჩამოყალიბების  მიზანი იყო დივერსიფიცირებული ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე.
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს პარტნიორობის პლატფორმას ადგილობრივი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას.
შეხვედრის შემდეგ ელჩი ჰარცელი ესტუმრა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასოფლო განვითარების ინიციატივას: თხილამურების გაქირავების პუნქტს ბაკურიანში.
News in English

შსს-მ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 14:40
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში, კერძოდ, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.
 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:
 
1. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
2. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
3. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
4. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
 
კახეთის რეგიონი:
 
5. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი > ქ. თელავი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრამდე (გომბორი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
6. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გომბორი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი > გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (ქ. თელავი > გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
8. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი > ქ. თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (გურჯაანი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
9. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან - დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
10. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
 
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
 
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
 
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
 
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
 
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
 

 

ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ატენში ხანძარი ლოკალიზებულია. კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები. ასევე, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა.

„ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 13:16

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი.” 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

"ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 10:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების, „ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ერთი მოქალაქე. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით, რელიზაციისთვის განკუთვნილი  პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე. 

ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 მარტი 2017 15:01

ქალაქ ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება.  აღნიშნული ცენტრი ერთდროულად 40 ადამიანის მოემსახურება. ა(ა)იპ „ერთად რეალური ცხოვრებისათვის“ ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არიან განახორციელონ პროექტი „თემისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესში.

დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის სულ მცირე 50 000 აშშ დოლარისინვესტიცია განხორციელდება.

სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის და ბულგარეთის მთავრობა.

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების/ბავშვების მშობლებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი. 

„ახალდაქორწინებულთა პროგრამა“ დისკრიმინაციულია, - სახალხო დამცველი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 14:37

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის N2  ახალდაქორწინებულთა პროგრამით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც ახალდაქორწინებული წყვილის მიერ ფულადი დახმარების მიღების წინაპირობად მეუღლე მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციას განსაზღვრავს.

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების წახალისების მიზნით ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვისათვის ახალდაქორწინებულ წყვილს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლე მამაკაცის რეგისტრაცია ბორჯომში.

სახალხო დამცველი არ შეაფასებს თავად პროგრამის მიზანშეწონილობას და აცნობიერებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა ფინანსურ წახალისებას ემსახურებოდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციულია ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიმართ, რამდენადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათი რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი განაპირობებს მსგავს განსხვავებული მოპყრობას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მსგავსი მოთხოვნა, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში და კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ. 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული  დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

 

ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:39

ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა. 

დაუზუსტებელი ცნობით, მან თავი ჩამოიხრჩო. 

როგორც მეზობლები ყვებიან, 2013 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ისევ აღადგინეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

ბორჯომში ზარალს ითვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:51

ბორჯომში  წუხელ ღამით ბორჯომში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლები, და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მობილიზებული იყო ასევე საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. 
ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.
ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია.

ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:11

ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო ვითარებაში მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს. გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც გამოიწვია ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას. ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1000 აბონენტი.

ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური