ბესელია სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 14:39

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მნიშვნელოვნად თვლის მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალებს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფოს ვალდებულებაა:

„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მასობრივი საშუალებებით თავისი შინაარსით შეიცავს ძალიან მნიშვმელოვან მასალებს. ვის სჯერა და არ სჯერა, ეს არაა მთავარი. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის, რომ გადამოწმდეს ინფორმაციის სანდოობა და ფაქტები, ამიტომ გამოძიების დაწყება იყო რელევანტური, რომ არ მოხდეს ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების იქნება საფრთხის შემცველი. ამ ფაქტების დეტალური გადამოწმება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის სუს-ის ფუნქცია.“- აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ , რომ უკრაინული “ვიკილიქსი” სტატიას აქვეყნებს სათაურით  "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს".

სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნას-მეჭიაური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:58

უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ სტატიას სათაურით, “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი თამაზ მეჭიაური აფასებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ზრახვები მართლაც ამოძრავებს და ის საკუთარი გეგმების განსახორციელებლად არაფერზე იტყვის უარს.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველოში დაძაბული ატმოსფერო შექმნას და სხვადასხვა თემებით სპეკულირებს.
“სააკაშვილი თავისი ზრახვების განხორციელებისთვის არაფერზე დაიხევს უკან. უკრაინაში მრავლად არიან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც აქედან წაღებული დიდძალი ფინანსური რესურსი აქვთ. სააკაშვილს საქართველოშიც ჰყავს თანამზრახველები და ის ყველანაირად შეეცდება დესტაბილიზაცია შექმნას."
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ უკრაინაში “გვიან მაგრამ, მაინც მიხვდნენ თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი რეალურად“.
 სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული “ვიკილიქსი” აქვეყნებს. გვარამიას ჩვენ გმირად გავხდით, ხოლო ახალგაზრდა დედის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“. უკრაინული „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, ამ ტიპის დავალება მისცა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს. ამ შეხვედრაზე ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ შესაძლოა, ამ ამბავს „მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს „უკეთესიც იქნება“, „რომ „დაბრიდონ“ ქალი, და, მით უმეტეს, ბავშვიანი ქალი, ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ეს ქალი კოლექტივიდან უნდა შევარჩიოთ. ეს იქნება პინგვინის ბანდის თავდასხმა და იქნება უკვე რეალური თავდასხმა მედიასაშუალებებზე. ეს ააფორიაქებს მსოფლიოს და კამერით უნდა იყოს გადაღებული. და შენი ნიღბიანი პირები ჩუმად უნდა გაქრნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, ამის შესახებ წინასწარ ვერავინ შეიტყოს. „თუ ვინმე გაიგებს, ყველაფერი დაინგრევა. მე ამ ბიჭებს პირდაპირ არ ვეკონტაქტები. მათთან გაგუშა მუშაობს. ოპერატორი იქნება „რუსთავი-2“-დან და ის ყველაფერს დააფიქსირებს და შემდეგ თურქეთში გადავლენ“, – ამბობს ბოკერია. ამაზე სააკაშვილი ბოკერიას პასუხობს, რომ მან გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისგან მადლობა უნდა გადასცეს და სთხოვოს, რომ მან ელჩები მიიწვიოს, შეხვდეს მათ სიტყვის თავისუფლების საკითხზე და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთოს. „ამ ფონზე, „რუსთავზე“ თავდასხმა, მსხვერპლი, ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული. მოდი, ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“, – ამბობს სააკაშვილი.

ჩერგოლეიშვილი სტამბოლის აეროპორტში გამართულ საუბრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ე.წ "უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც სტამბოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრა და საუბარია აღწერილი. თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ სტამბოლის აეროპორტში მისი და მის მეუღლის- გიგა ბოკერიას გადაადგილებას და იქ გამართული საუბრის შესახებ წერს:

 

"საქართველოს მთავრობა საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას:

20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში .

გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის "დაიცავი თავისუფლებას" მხარდაჭერა მეთხოვა.

21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.

22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.

მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები - მადრიდი - სტამბული - თბილისი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.

გზაში შევიტყვე რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.

ჩვენ ადრე მივედით - კაფეში დავჯექით და წყალი, კოკაკოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.

ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.

მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.

სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით - მოსაწევად და იქვე კაფეში "დავბანაკდით".

6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში - კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.

გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.

ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.

სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით - როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.

მერე დავიშალეთ - არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.

თქვე მაგარო ლენჩებო!

P.S. ლონდონის შეხვედრები გადავდე და ედვარდ ლუკას ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათს-სამშაბათს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

სააკაშვილი ბოკერიას საუბრის დეტალები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:28

 “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”-ამ სათაურით უკრაინული ვებგვერდი wikileaks.center საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება.. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.
ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ “გაგუშა” მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან. “სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება რუსთავი 2-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ბიჭებს ეცოდინებათ და მას ხელს არ ახლებენ. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს”.
მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.
გიგა ბოკერია: მარგველას დილითვე შევხვდები, როგორც კი ჩავფრინდები. გამოვა, აბა სად წავა. ჩვენმა გეგმამ რეალურად შეიძლება გადაარჩინოს ტელევიზია და ჩვენი მოძრაობა. როგორც კი ფულს მივიღებ, დავიწყებთ.
საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამის თანახმად, საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სთხოვს, შეეცადოს, სასამართლო სხდომამდე გააკეთოს, მერე კი სასამართლო საჭირო აღარ იქნება.
ამავე ტექსტის თანახმად, გიგა ბოკერია პირობას აძლევს, რომ მოასწრებს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე ადეიშვილზე ყოფილა განაწყენებული და ამიტომ დათანხმდა საქმის განხილვას. “სასამართლოში ჩვენი ხალხია დარჩენილი და ვიცი როგორც დავაშინებთ. ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესი სასამართლოდან აქტიურად არიან ჩართულები. ეს თემა ზურას მიყავს. მთავარია დაგეგმილი ზუსტად გავაკეთოთ და როგორც შენ თქვი, სასამართლო აზრს დაკარგავს”.

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:30

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. 

საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, რომ "ტაბულას" დირექტორი თბილისში, ოპერასთან, "გაზპორმის" საწინააღმდეგო აქციაზე პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს. 

შსს-ს საგამოძიებო სამსახურთან,გიგა ბოკერია მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:26

შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, სადაც დაკავებული თამარ ჩერგოლეიშვილი იმყოფება, გიგა ბოკერია მივიდა. 
გიგა ბოკერიამ მეუღლისა და მისი თანმხლები პირების დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების სტანდარტია, რომ შეზღუდოს მისი ოპონენტების სიტყვის თავისუფლება. 
"დღეს აქციაზე სამი პირი დააკავეს, იმიტომ, რომ ისინი მშენებლობის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ. იმ ვითარებაში დააკავეს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დასპონსორებული აგრესიული ჯგუფები პლაკატებს აკრავენ მთელ ქალაქში, ხელისუფლების დაკვეთით მოდიან ჩვენს სახლებთან, აკეთებენ ყველაფერს პოლიციის თვალწინ, თუმცა არ ხდება მათი დაკავება. პოლიცია მოქმედებს მთავრობის დავალებით, შინაარსიის მიხედვით, ქმედება კი არ არის დასჯადი, ისჯებიან ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც საგამოძიებო სამსახურთან მეგობრებთან ერთად მივიდა. 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური