"ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილის ნებას ასრულებს," - გიორგი გაბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:31

"ქიბარ ხალვაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ნებას", - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა, პარლამენტში გააკეთა.

გიორგი გაბაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია. 

„ბატონი ხალვაშის სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია, ის არგუმენტიც, რომ ადრე სხვა ხელისუფლება იყო, ამის ხანდაზმულობის ვადაც გასულია, იმიტომ, რომ 2012 წლიდან 3 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც მან ეს სარჩელი შეიტანა. მან ეს სარჩელი შეიტანა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის მზად არის, რომ დღეს ეს გააკეთოს.

"ქიბარ ხალვაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის ასრულებდა გარკვეული პოლიტიკური მიზანდასახულობის მქონე ჯგუფის ნებას. ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ნებას, და როდესაც მას ურჩიეს, რომ ახლა არის დრო და ახლ ვართ მზად, რომ ეს გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ქვეყნიდან გავდევნეთ, მეორე ნახევარი დავიჭირეთ, რაღაც ტიპის კონტროლი დავამყარეთ, მაშინ შეიტანა ეს განცხადება. სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია, რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა, რადგან ისიც არის ორკესტრირებული, ერთიანი რგოლის ნაწილი", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

თავისუფალი დემოკრატები არ დაიშლება-ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:47

თავისუფალი დემოკრატები დავით ზალკალიანმა დატოვა, - ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ თავად დაადასტურა. 

ალასანიას ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პარტია დატოვა და ის სამუშაოდ ერთ-ერთ ფონდში გადავიდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავისუფალ დემოკრატებს სხვა წევრებიც ტოვებენ, ალასანიამ არ დაადასტურა. 

"ნუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მზადებას არჩევნებისთვის,"- აცხადებს ირაკლი ალასანია. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება მცხეთაში გააკეთა. ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა. 

პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 13:49

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. ცისკარიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის შექმნის პროცესი შეჩერდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ჩვენი სარჩელი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა და რამდენიმე კვირის წინ, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შეიტანა. წარმოებაში მიღება ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ ახალი სააგენტოს შენქნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. ანუ ამ სააგენტოს ჩამოყალიბება და ამავდორულად ეროვნული ბანკის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუციის რღვევა შეჩერებულია. საკონსტიტუციო სამსართლოს ამ გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის პოლტიკური ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ამ ერთი კაცის ახირებულ სურვილს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სააგენტო არ ამოქმედდეს. ეს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:07

ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს.ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდეს, – აცხადებს ყოფილი პრემიერი . შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ.ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის და გია დვალი ორი წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნული პროექტით არიან დაინტერესებულები.“ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაd გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი  დიდი სპეციალისტები არიან.იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:25

დღეს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას გამართავენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მათი სამი მომხრის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ, რომლებსაც დღეს ქუთაისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" 3 წევრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ედებათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. 

ირაკლი ბათიაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 15:40

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. ბათიაშვილის ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეში იგეგმება.

"სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამოყენებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 13:20

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „ნარუშილოვკების“ საკითხის მიმართ საზოგადოებრივ დისკუსიას ეხმაურება და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია იზიარებს ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადებაში გაჟღერებულ შეფასებებს ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შესაძლებლად მოკლე დროში უნდა დამთავრდეს. ბუნებრივია, „ნარუშილოვკების“ გამოყენება შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სათანადო ნორმატიულ დოკუმენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, თუ ვის და რა შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით. აღნიშნულთან დაკავშირებული აქტი ასევე უმოკლეს დროში უნდა მომზადდეს, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი, რითაც  დაზარალდება ოპერატიულ–სამძებრო მოქმედებების და სხვა საქმიანობაში მონაწილე სათანადო უფლებამოსილ პირთა ქმდებები. აბსოლუტურად სწორად მიუთითებს ყოფილი პრემიერი, რომ დაუმსახურებელი პრივილეგიით  სარგებლობა სამარცხვინოა, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებენ ამ დაუშვებელი ფაქტის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი საკანონმდებლო თუ ნორმალტიული აქტების მომზადებაში.

„ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, უფრო ღრმად, საგნობრივად და მიზანმიმართულად უნდა ვაყენებდეთ მსგავსი გამოვლინებების მორალურ–ეთიკური და ზნეობრივი ასპექტების გამო საჯარო პირების პასუხისმგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო შედეგიანად უნდა ჩავებათ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური სივრცისთვის ორგანული და ჩვენი ტრადიციებისთვის შეუსაბამო მოვლენების უარყოფის და ჩვენი ცხოვრების სინამდვილეში დაუშვებლობის მიმართულებით წარმართულ კამპანიაში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაც სწორედ ამას გულისხმობს. დემოკრატია არ არის მმართველი კლასისა და ,,ძლიერთა ამა სოფლისათა“ განუკითხავი თვითნებობა, კანონის იგნორირება, ზნეობრივი დეკადანსი და უკანონო პრივილეგიებით სარგებლობა“- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით ყოფილი პრემიერ–მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს: ,,კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის“. ჩვენი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად არის ითანამშრომლოს ორგანიზაცია ,,მოქალაქესთან“ და სათავეში ჩაუდგეს არასამთავრობოთა კოალიციას, რომელიც დემოკრატიული, ცივილიზებული, თავისუფალი საქართველოს სინამდვილიდან უღირს და მიუღებელ კანონდარღვევებსა და გადაცდომებს შეებრძოლება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს შსს მინისტრის მოქმედება, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა 2009 წლის საიდუმლო ბრძანება ე.წ. „ნარუშილოვკების" შესახებ, დროული ნაბიჯი იყო. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციების დროს, იქნება მაღალი დაკვირება და კონტროლი, თუ რამდენად კანონის დაცვით გამოიყენება გაცემული ე.წ. „ნარუშილოვკები“. მკაფიოდ უნდა იქნეს გაწერილი, დამრღვევთა მიმართ მისი ჩამორთმევის წესიც. მნიშვნელოვანია, ასეთი ე.წ. „ტალონი" არ მოხვდეს რიგითი მოქალაქის ხელში. ასეთი ფაქტი შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ნიშნების შემცველი, რადგან საქმე შეეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას სხვისთვის უპირატესობის მინიჭების გზით.

ნინო ბურჯანაძე: მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერსებს!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:15

„ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ შეცვლა საარჩევნო სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ ეს გახლდათ. „ქართულ ოცნებას“ მოეწონა მისი წინამორბედის მიერ შექმნილი, ხელისუფლებისთვის მორგებული სისტემა და წარმატებით აგრძელებს ამ სისტემის სათავისოდ გამოყენებას განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, საზოგადოება გამოიტანს შესაბამის დასკვნას და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდება იმაში, რომ არ უნდა ველოდოთ ქვეყანაში მესიის გამოჩენას.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე ჩამოკიდებული, რომ ერთი ადამიანი მოვა და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს, არ უნდა მივცეთ ყველა ბერკეტი ხელში ერთ ადამიანს, იმიტომ რომ, ფაქტია, ამით ჩვენ გავანადგურეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. ეს ერთი ადამიანი წავიდა და კიდევ ჭკუას გვარიგებს და გვასწავლის, რომ თურმე მოსახლეობამ თავისი ხარჯების განკარგვისათვის პირადი ბანკირი უნდა დაიქირავოს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ის და მისი თანაგუნდელები, დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ის გუნდი, რომელსაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით აქვს არამარტო სწორი ხედვა, არამედ გამოცდილება, ცოდნა, უნარი და გამბედაობა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება ერთი საელჩოს მონა და იზრუნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში - „პრო“ პოლიტიკური ძალები.

„მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერსებს და რომელსაც არ ეშინია თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების იმისათვის, რომ ქვეყანა დარჩეს სუვერენული,დამოუკიდებელი და მთლიანი სახელმწიფო“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძე: „ქართულმა ოცნებამ“ არათუ დაპირებები, მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც კი არ შეასრულა!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:05

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამი წლის მუშაობის შედეგები შეაფასა. ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას მთელი საქართველო დიდი იმედებით ელოდა იმიტომ, რომ სჯეროდა, არამარტო დამნაშავე რეჟიმი მოშორდებოდა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანა წინ წავიდოდა.

„საქართველოს მოსახლეობას სჯეროდა იმ დაპირებებისა, რომელსაც უხვად იძლეოდა ბიძინა ივანიშვილი. მე ნამდვილად არ მქონდა იმის ილუზია, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა, გნებავთ 5 მილიონი თითოეულ სოფელს, გნებავთ ყველა ადამიანის კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ველოდი, რომ „ქართული ოცნება“ იმას მაინც მოახერხებდა რომ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა ქართველი ხალხის წინაშე. სამართლიანობისათვის უნდა იქნას აღნიშნული, რომ ერთადერთი რაც ნამდვილად მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ, ეს არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის ტერორი და შიში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით დღეს „ქართული ოცნება“ „წარმატებით“ აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას.

„„ქარტული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბიობს რომ პირველი ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან ოცნების სამწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო დაპატარავდა საქართველოს ტერიტორია, კიდევ უფრო გაუარესდა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არ გადაწყვეტილა არც ერთი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკური საკითხი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება სამი წლის თავს შეხვდა ისე, რომ მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

„ერთი მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობა! თუ სამი წლის წინ პენსიონერი დაახლოებით 90 დოლარის ექვივალენტს იღებდა პენსიას, დღეს ეს 60 დოლარის ექვივალენტია, მაშინ როდესაც ფასები არცერთ პროდუქციაზე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ შემცირებულა,“ - დასძინა ბურჯანაძემ.

მისი  თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც სესხი ვალუტაში ქონდა აღებული არის პრაქტიკულად გაკოტრების და საკუთარი ბინებიდან გამოყრის საფრთხის წინაშე. 

სოსო ცისკარიშვილი: „ევროპის სახალხო პარტიამ თავი არაერთხელ შეირცხვინა“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:10

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ევროპის სახალხო პარტიამ ქართული საზოგადიობის წინაშე თავი არაერთხელ შეირცხვინა.

 „ჩვენს საზოგადოებას უკვე აღარ აქვს ევროპის სახალხო პარტიის წერილებისა და განცხადებების განხილვის რაიმე ვალდებულება , იმიტომ რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ შეირცხვინა თავი და გამოაჩინა, რომ ძალიან მარტივად ეხერხება შავზე თეთრის თქმა და პირიქით“,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ევროპის სახალხო პარტიის ბოლო განცხადების შეფასებისას.

 ევროპის სახალხო პარტიამ 29 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შეშფოთება გამოხატა საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების გამო.

 "საქართველო ავტორიტარული სახელმწიფო ხდება ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. შერჩევითი სამართლოს გამოყენება, ოპოზიციის გაჩუმება და ზეწოლა, სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას. გაუარესებული სიტუაცია, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ",- ნათქვამია განცხადებაში.

 „ეს განცხადება ამ ძალის ოცნებაა, რადაგნ ის ურთიერთობები, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ევროპის სახალხო პარტიას შორის, ნამდვილად, სცილდებოდა პოლიტიკური ურთიერთობების ფარგლებს, ამიტომ ეს თემა უკვე გაცვეთილია“,- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური