ლიბერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას უერთდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 მაისი 2020 15:29

დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის ,,აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს.

20 მაისიდან, ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად იწყება „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და  ლიბერთის მიერ ‘აგრო ბარათების’ დამზადებისა და დარიგების პროცესი.

37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის ,,აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე -  50 ქულა,1 ჰექტარზე -  200 ქულა,  10 ჰექტარზე - 2 000 ქულა.

ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკსსუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია ,,აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიაში.  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რის შემდგომაც ისინი შეძლებენ პროგრამაში მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.  ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, ‘აგრო ბარათებზე’ ქულები დაერიცხებათ ეტაპობრივად 1 ივნისიდან და დარიცხული ქულების გამოყენება  შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.

‘მმოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი - ‘აგრო ბარათები’, რომელზეც მათ დაერიცხებათ „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან. ეს პროგრამა ეხმარება ფერმერებს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით. მათი უსაფრთხოდ მომსახურებისთვის, ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება. ’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 11:29

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საბოლოო ვარიანტი).

2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება: 

2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების ზრდა: 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის 1 ივლისიდან იზრდება 100 ლარით; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გაიზარდა საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე და ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც, გარდა ამისა, 2020 წელს მასწავლებელთა ხელფასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დამატებით 150 ლარით გაიზრდება; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 280 მილიონ ლარზე მეტი; ახალი ბიუჯეტით, ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიიმართება 50 მილიონ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ, 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი იქნება 3.7 მლრდ ლარი, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ სამუშაო ადგილებს; ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (”რეგფონდი”), 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 350 მილიონი ლარი; რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი; ასევე, თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტში არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ჩართულობისთვის, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. მსგავსი ჩართულობის შედეგია, მოქალაქეზე მაქსიმალურად ორიენტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელშიც რესურსები მაქსიმალურად არის გადანაწილებული და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით. კერძოდ, 2020 წელს: შევინარჩუნეთ ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები; სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოვყავით 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა. 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა; მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარი. შეგახსენებთ, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება. ეტაპობრივად გაზრდილი ხელფასები გათვალისწინებულია: პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს გაეზრდება პირადი სარგებელი ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშიც.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ეფუძნება 2019-2020 წლების განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსის მოძიება. დამატებითი რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდა იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რაც გამოთქმული იყო თქვენ მიერ ბიუჯეტის განხილვისას, საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დაკავება ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 10:53

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე,  შპს - ებ - ის ,,მედეა“- ს,   ,,ნიკა“-ს,  ,,მარი“-ს,  ,,საბა 11“-ს და  ,,ევროლუქსი“- ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა,  აღნიშნული კომპანიების სახელით, საქართველოში განახორციელა  32 263 347 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც, დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და საგადასახადო დოკუმენტებში მიუთითა,  თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა. ამგვარი სქემით, ბრალდებულმა,  კომპანიებზე ხელოვნურად  დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადში და  არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო. ასევე, ბრალდებულმა,  აღნიშნული  საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ, შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადი

პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 16:50

პარლამენტის დღევანდელი სხდომა მუშაობას „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვით შეუდგა. წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ცვლილებები შედის საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსებში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონსა და ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

კანონპროექტები ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ხუციშვილმა და გიორგი კაკაურიძემ წარადგინეს. მათი განცხადებით, კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, ძირითადად, გათვალისწინებულია.

პარლამენტმა ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივა - ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტს კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც განათლების საკითხს მოიცავს. ამ პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ზოგადი განათლების, გრანტების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონებში. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტების ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით კომიტეტში განხილვისას გამოთქმული შენიშვნები შეჯერებული და მხარდაჭერილია.

ამის შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უყარა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს და მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს წარუდგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი - „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. მისი განცხადებით, 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა არ იცვლება და რჩება იმდენივე, რამდენიც იყო 2016 წელს - ანუ არაუმეტეს 37 ათასი კაცისა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

პარლამენტის წევრმა რომან კაკულიამ პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ ინიციატივის მიხედვით, კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ ერთობლივ შემოსავლად არ ჩაითვალოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე გაცემული თანადაფინანსების სახსრები. შესაბამისად, ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხების 20%-ით დაბეგვრა ისევე არ მოხდება, როგორც ფიზიკური პირის შემთხვევაში. დეპუტატის აზრით, ამ კანონპროექტის მიღება პროგრამის წარმატებულ და ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს „შეტყობინებების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებითი ოქმიდან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტები პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, იცვლება როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთი საფუძველი, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გასაჩივრების ერთ-ერთი საფუძველი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ამ კანონპროექტების მიღება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი კანონმდებლობა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხდება.

პარლამენტმა ზოგადი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით, განიხილა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის შესაბამისად, პროფესიული რეგულირების საბჭოს ნაცვლად, შემოდის პროფესიული განვითარების საბჭოს ცნება, რომელიც სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. ამასთან, დგინდება შესაბამის პირთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების გარდამავალი რეგულირება.

კანონმდებლებმა ასევე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.2017 წლისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს, 2018-2019 წლებისათვის კი - 3%-ს. კობა გვენეტაძემ პარლამენტართა კითხვებსაც უპასუხა.

თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს წარუდგინა შენიშვნები და წინადადებები და იმედი გამოთქვა, რომ მათ გაითვალისწინებენ საქართველოს პარლამენტის და ეროვნული ბანკის შემდგომი ურთიერთობის პროცესში. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში განხილვები ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რაც დამაკმაყოფილებელი იყო გუშინ, დღეს უკვე არადამაკმაყოფილებელია. მისი განცხადებით, სასურველია, რომ სამომავლოდ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარმოდგენილ ერთგვერდიან დოკუმენტს ეროვნულმა ბანკმა დაურთოს ანალიტიკური მასალა, გათვლები, საკუთარი ხედვა, არგუმენტაცია, პოზიცია სხვადასხვა მიმართულებით, რაც დეპუტატებს საკითხის უკეთესად გარკვევის საშუალებას მისცემს. მან კოლეგებს მოუწოდა, ასეთი დათქმებით დაუჭირონ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტის შემცირების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, - ჯაბა სამუშია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:01

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით,  ინფორმაცია 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის შემცირების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით,  ყოველი წლის ბოლოს ბიუჯეტში არსებული ეკონომიები ანუ ერთგვარი ნაშთი მომდევნო წლის ბიუჯეტში გადადის. 

„მიმდინარე წლის  ბიუჯეტში 2015 წლის ნაშთი აისახა, შესაბამისად, წელსაც  შეაძლებელია დარჩეს გარკვეული  თანხა, რომელიც  2017 წლის ბიუჯეტში გადავა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი  801 მლნ ლარიათ განისაზღვარა, თუმცა, არ გამოვრიცხავ,  რომ ის წინა წლის ნაშთიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ შემოსავლების ნაწილში ცვლილება, პრაქტიკულად, არ არის.

„მთელი რიგი მიმართულებებით ხარჯები,  მათ  შორის, სკოლამდელი განათლების მუხლში იზრდება.  ამასთან, 2 მილიონზე მეტი ლარი ავარიული შენობა-ნაგებობების მუხლს  დაემატა. რაც შეეხება ტრანსპორტის მუხლს, 2017 წლის შუა პერიოდისთვის ახალი ავტობუსებით განახლების  პროცესი აუცილებლად დასრულდება  და დაახლოებით, 143  ახალი ავტობუსი გვეყოლება. გარდა ამისა,  იგეგმება მეტრო-სადგურების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შემოყვანა “, -აცხადებს ჯაბა სამუშია.
დეპუტატის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმომადგენლობითი ხარჯები  22 მლნ. ლარზე მეტითაა შემცირებული.

 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ხუთშაბათს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 11:22

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება.რის შემდეგაც საკითხი სესიაზე 14 დეკემბერს გავა. კანონმდებლობის მიხედვით, მისი დამტკიცება 17 დეკემბრამდე უნდა მოესწროს.2017 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 11 მილიარდ 500 მილიონია და ის პირველადი ვერსიის შემდეგ, ერთი მილიარდით გაზრდილია.ბიუჯეტი 4%-იან  ზრდაზეა გათვლილი, რასაც ხელისუფლება ნორმალურად მიიჩნევს, ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს და პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

 

10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები, - თამარ ჩუგოშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 11:26

„ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ჩვენ ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა უნდა შევძლოთ და ამ ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის რეფორმები, რაც სწორედ ამას ემსახურება. 10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები, პრემიები და ა.შ.ეს ყველაფერი სწორედ იმისკენ არის  მიმართული, რომ რეგიონში არსებული ძვრები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

დაკავება დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ბრალდებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 10:32

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის“, შპს „მარსის“ და შპს „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

ეროვნული ბანკი - 2017 წლის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 11:27

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2017 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის. ეროვნული ბანკი იმასაც ამბობს, რომ ვალის მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა. 
ამასთან, ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რადგან, მისი შეფასებით, სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.ამ ყველაფრის შესახებ ნათქვამია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ეროვნული ბანკის დასკვნაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. ”საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 8,715 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8,170 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 545 მილიონი ლარი - არასაგადასახადო შემოსავლებზე. სულ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2016 წლის გეგმასთან შედარებით 2.4%-ით იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ–ის საპროგნოზო ოდენობასთან 22.3%-ს უტოლდება.წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 9,965 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან მიმდინარე ხარჯებზე - 8,787 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე და წმინდა დაკრედიტებაზე 1,178 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 354 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო როგორც მიმდინარე (243 მლნ ლარი), ასევე კაპიტალურ ხარჯებს (111 მლნ ლარი).2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით 194 მილიონი ლარით იზრდება და 1,250 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზე არის დაგეგმილი. ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა, თუმცა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.3%-მდე. აქედან გამომდინარე, იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ვალდებულებების ზრდაში იმატებს შიდა წყაროებიდან მიღებული სახსრებით დეფიციტის დაფინანსების წილი. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 300 მლნ ლარის მობილიზება. ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რამდენადაც სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. 
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ სხვა შენიშვნები არ აქვს”, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერით პარლამენტს წარედგინა. 

პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტის პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 11:23

საკანონმდებლო ორგანომ 2017 წლის ბიუჯეტის პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დამტკიცდეს, თუმცა გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ პროცესები არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო გაჭიანურდება.  2017 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არ მოუღია "ეროვნულ ფორუმს". ანი მიროტაძე აცხადებს, რომ პარტიამ მიზანმიმართულად არ მიიღო საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, რადგან, მისივე განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლებლობას უტოვებენ - დაამტკიცონ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მათ წინასაარჩევნო დაპირებებში ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფორუმის" გარდა, 2017 წლის ბიუჯეტის განხილვებში მონაწილეობა არ მოუღია “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური