“ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით” – „ჯორჯიან თაიმსის“ რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 21:29

„ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ იდეამ, 1995 წლიდან დღემდე,  დროის გამოცდას გაუძლო, მოიხვეჭა და შეინარჩუნა ნდობა, სტატუსი, პოპულარობა, აკადემიურობა, რეპუტაცია და  თავისი არსებობით დაამტკიცა, რომ არ შეცდა ინიციატივაში,  დაეჭირა მხარი და პოპულარიზაცია გაეწია ახლადფეხადგმული  ეროვნული ბიზნესისათვის.

 „ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ერთობლივი ბიზნეს დაჯილდოება  მეწარმეებს, ბიზნესმენებს, დიპლომატიური კორპუსის, მოწინავე ბიზნესის,  მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის ნოემბერში უკვე მეჩვიდმეტედ, კვლავ ერთად შეკრებს. ამისათვის კი მზადება უკვე დაწყებულია.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა: პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 მედიაჰოლდინგ “Georgian Times “-სა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს 21 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

 როგორც ყოველთვის, “ჯორჯიან თაიმსისა” და „გორბის“ ერთობლივ ტრადიციულ  მე-17  ბიზნეს-რეიტინგში  2015 - 2016 წ. საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.

 პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

სულ მალე "ჯორჯიან თაიმსის" რიგით მე-17 ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი და  საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე  თავად დაასახელებენ.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი),ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

რადგანაც წელს საარჩევნო წელია, პროექტი განსაკუთრებული მობილიზებით კეთდება და დაჯილდოების ცერემონიალი შემოდგომაზე გაიმართება.

წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერები იყვნენ

  1. თბილისის მერია
  2. ეკონომიკის სამინისტრო
  3. ფინანსთა სამინისტრო
  4. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  5. ენერგეტიკის სამინისტრო
  6. თანაინვესტირების ფონდი
  7. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  8. საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  9. საქართველოს საპარტნიორო ფონდი
  10. ინვესტინგ ჯორჯია
  11. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

  პროექტის მედია მხარდამჭერები არიან:

  1. ტელეკომპანია დრო
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  3. ტელეკომპანია რუსთვი 2
  4. ტელე იმედი
  5. ტელეკომპანია იბერია
  6. ტელეკომპანია მაესტრო
  7. TV პირველი
  8. ტელეკომპანია ობიექტივი
  9. TV აფხაზეთის ხმა
  10. საფერავი TV
  11. ტელეკომპანია მუზიკბოქსი
  12. გადაცემა „ბიზნესკონტრაქტი“
  13. გადაცემა „საქმიანი დილა“
  14. რადიო ფორტუნა
  15. ავტორადიო
  16. ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
  17. ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
  18. საინფორმაციო სააგენტო www.for.ge
  19. საინფორმაციო სააგენტო www.newsday.ge
  20. საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge
  21. საინფორმაციო პორტალი www.1news.ge
  22. პორტალი www.kvira.ge
  23. საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge
  24. ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times
  25. ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week
  26. ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
  27. გაზეთი პრაიმთაიმი
  28. ჟურნალი თბილისელები
  29. გაზეთი “სვაბოდნაია გრუზია“
  30. გაზეთი „ვერსია“.
  31. გაზეთი ქართული სიტყვა
  32. ჟურნალი Forbes Georgia

 წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები გახლდნენ:

1.       TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2.       კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3.       ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4.       ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5.       GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

6.       შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7.       შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8.       TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9.       გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10.    შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11.    ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12.    ჯეოსელი - ოსმან თურანი

13.    ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14.    სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

15.    საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16.    ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

გასულ წელს, "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" ერთობლივი ბიზნეს რეიტინგის რიგით მე-17 დაჯილდოებაზე გამარჯვება სოსო ფხაკაძემ და "ვისოლ ჯგუფმა" მოიპოვა.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების,სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

 კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა.

კომპანიები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

 მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხვადასხვა კომპანიებმა, დაინახეს რა, ბიზნეს რეიტინგის იდეის წარმატება და საინტერესო შინაარსი,  სარფიან, სასარგებლო და საიმიჯო პროექტად აღიქვეს. გამომდინარე აქედან, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გამართონ მსგავსი ტიპის დაჯილდოებები, (ამ შემთხვევაში, "ჯორჯიან თაიმსი" კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს) თუმცა, სამწუხაროდ, პლაგიატის ავტორები ვერ ახერხებენ, მაღალი დონის, ხარისხისა და ობიექტურობაზე დამყარებული დაჯილდოების ორგანიზებას. ისინი მზად არიან, ნებისმიერი მონაწილეობის მსურველი კომპანია ჩართონ პროექტში და დააჯილდოვონ.

"ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანზებული ბიზნეს რეიტინგის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილე ბიზნესმენებისა და ბიზნესკომპანიების შერჩევის პროცესი პრინციპულ კრიტერიუმებსა და ობიექტურ კვლევაზეა დამყარებული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გრან-პრის მფლობელი კომპანიის გამოვლენა კი უშუალოდ რეიტინგის მიმდინარეობისას, სრულიად გამჭირვალედ ხდება და ბიზნესმენები თავად ირჩევენ მათ შორის საუკეთესოს.

ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგით მე-15 ბიზნეს დაჯილდოების შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენებმა მათ შორის საუკეთესოდ სწორედ ის კომპანია დაასახელეს, რომლის წარმომადგენლებიც ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. საუბარია "საქართველოს ბანკზე", რომელიც "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა.

"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგი სამთავრობო დონისა და ხარისხის პროექტია, რომელსაც ყოველთვის ესწრებიან მთავრობის, ბიზნეს სექტორის, სავაჭრო პალატისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც მის სახელმწიფო მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება და თავად ბიზნესმენები კარგად ხედავენ ბიზნეს რეიტინგის მთავარ ღირსებებსა და უპირატესობას და არჩევანს ყოველთვის იმ კრიტერიუმებსა და პრინციპებზე აკეთებენ, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 16:25

მინდა მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინო რეკომენდაციები ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და კარგად ხედავენ, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გაუადვილდეს მუშაობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს. 
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მან ბიზნესმენებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში. 
"ვფიქრობთ, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში. დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის, კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კომპონენტია „სტარტაპების" დაფინანსების ნაწილი, რომელიც გაგრძელდება არა მხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე.
"მომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე. მისი განმარტებით, პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე დაწყებულია გერმანული დუალური განათლების სისტემის დანერგვა, სადაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება, არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ საშუალო ასაკის ადამიანების, რაც პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. მთავრობის მეთაური შეეხო მმართველობით რეფორმას, რაც ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას ითვალისწინებს.
"ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სიურპრიზები," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სივრცით განვითარებაზე და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.
"ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.
„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის როლს. მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მოისმინა მათი კონკრეტული მოსაზრებები არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და წარმოების განვითარების კუთხით.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, რომელიც ავსტრიულ სასაწყობე მეურნეობაში - "გებრიუდერ ვაისი" გაიმართა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

იანოშ ჰერმანის შეხვედრა ბიზნესმენებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:59

დღეს იანოშ ჰერმანი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს და ბიზნესმენებს შეხვდა. ევროკავშირის ელჩმა ბიზნესის მართვის კუთხით ევროკავშირში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაამახვილა.

„საინტერესოა, რომ დამსაქმებელთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს მართავს. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ შევხვდეთ ბიზნესმენებს და ვესაუბროთ მათ იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესის წახალისებისთვის. ასევე ყურადღება გავამახვილოთ იმ პროექტებსა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, რასაც ევროკავშირი ახორციელებს. ყველაზე საინტერესო ჩემთვის არის დისკუსია შრომითი ინსპექტირების საკითხზე, რადგან ასოცირების ხელშეკრულებაში ეს ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე პროფესიული განათლებისა და სამუშაო დაფუძნებულ პრაქტიკაზეც იყო საუბარი. შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

იციკ მოშე ისრაელის წარმომადგენლობით დელეგაციას ქართველი მშენებლების ისრაელში დასაქმების ინიციატივით მიმართავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 09:21

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, დღეს თბილისს ისრაელიდან 22-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.
დელეგაცია პირველ შეხვედრას თბილისში, ისრაელის სახლში გამართავს, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობას გააცნობს და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართავს ბიზნეს პალატის ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება. ვინაიდან ამჟამად სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს.
ამ ინიციატივას იციკ მოშე გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, დაგეგმილია მისი და ისრაელის დელეგაციის შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, სადაც საუბარი შეეხება აგრეთვე ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრა გაიმართება აგრეთვე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია ხვალვე ეწვევა თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“, როგორც ისრაელური ინვესტიციის სიმბოლოს. აღნიშნული სასტუმრო დელეგაციის წევრებისათვის იქნება იმის ნათელი დადასტურება, თუ რაოდენ კვალიფიციურად შეუძლიათ მუშაობა ქართველ მშენებლებს.
სტუმრებს დაგეგმილი აქვთ თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური