ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 16:56

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ყურადღება გაამახვილა მჭიდრო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე.

გერმანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლის შემდეგ სტუმრებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა მიმართა. მიხაელ ზიბერტმა ისაუბრა გერმანულ-ქართული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და განსაკუთრებით აღნიშნა ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობის მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

 
ღონისძიებაზე საქართველოს და გერმანიის ეროვნული ჰიმნები ბერლინის სახელმწიფო ოპერის სოლისტმა გიორგი მჭედლიშვილმა შეასრულა.
 
მუსიკალური ნაწილი გააგრძელა ბენდმა GeoTRAIN-ი, რომელმაც დამსწრე სტუმრებს ქართულ მოტივებზე შექმნილი და მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებით შეჯერებული კომპოზიციები შესთავაზა.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, გერმანიის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქართული დიასპორის და სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ბერლინში შეხვედრებს იწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 მარტი 2019 12:12

საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგში, როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრები, ასევე, იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

„გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ და პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ბერლინში პირველად ჩატარდება ფორუმი, გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 26 იანვარი 2019 11:12

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პირველად ჩატარდება ფორუმი, გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით – უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესი

უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დაანგრიონ ჩვეული სტერეოტიპები და გასცდნენ ტრადიციული კონფერენციების ჩატარების ჩარჩოებს!

2019წლის 18 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში პირველად გაიმართება ფორუმი,  გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით – უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესი. მისი ორგანიზატორის, რუსეთში კონგრესის წარმომადგენლის ნატალია პასტუხოვას თქმით, ფორუმი უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ:

–        იგი ჩატარდება განასაკუთრებულ ადგილას – Berlin Capital Club-ში (ექსკლუზიურ, საქმიან „მილიონერთა კლუბში“), რომელიც მდებარეობს მოედანზე GendarmenMarkt, სადაც თავს იყრიან მხოლოდ ისინი, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, მიეღო საწევრო ბარათი: გავლენიანი ინვესტორები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც მოდიან კლუბში, რათა დატკბენ სიგარით, მოდუნდნენ გოლფის თამაშით და იმისთვისაც, რომ გამართონ საქმიანი მოლაპარაკებები შესატყვის გარემოში;

–        კონგრესის თითოეულ მონაწილეს შეუძლია, გახდეს Berlin Capital Club–ის სტუმარი;

–        კონგრესი ამჯერად ახალ ადგილას – გერმანიის დედაქალაქში იმართება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბერლინი და გერმანიის ჩრდილოეთის სხვა ქალაქები განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის, რადგანაც საფასო პოლიტიკა ივესტიციებისთვის აქ საკმაოდ მოქნილია, ხოლო შემოსავლიანობა მაღალია;

არამედ გამოირჩევა ასევე გაბედული, კრეატიული ფორმატით, რომელიც აერთიანებს როგორც საქმიან ფორმატსა და „ნეთვორქინგს“, ისე პრესკონფერენციას და საზეიმო კონცერტს, გოლფის ტურნირში მონაწილეობას და შემეცნებით ტურს ბერლინის შემოგარენში. 

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების საერთაშორისო კონგრესი ყოველწლიურად 2016 წლიდან ტარდება. ახლახანს, 2018 წლის 7 ოქტომბერს, იგი მიუნჰენში გაიმართა და მან 19 ქვეყნის 440 მონაწილეს მოუყარა თავი. მის შედეგებს სხვადასხვა ქვეყნების მასმედიაში გამოქვეყნებული 79 პუბლიკაცია მიეძღვნა. მიუნჰენის კონგრესი–2018–ის მუშაობაში ათასზე მეტმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა. აქტუალური თემები, რომლებიც მისი მსვლელობისას იქნა განხილული, უამრავი მედია–საშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა – ბრიფინგს, რომელიც ბავარიის უმსხვილეს პრეს–კლუბში გაიმართა, მსოფლიოს 83 მედია დაესწრო.

კონგრესი იმართება ინვესტიციების სფეროში მსოფლიო ლიდერების აქტიური მხარდაჭერით – საულიუს კაროსასის (ნავთობთრეიდერი, კონგრესის საპატიო წევრი და სპონსორი), სერგეი ბაბურინის (რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი), ვალერი ცეპკალოს (სახელმწიფო მოღვაწე ბელარუსიდან, „სილიკონის ველის“ და კომპანია Stankevicius MGM–ის დამფუძნებელი), აგრეთვე პაულიუს სტანკევიჩიუსის, რომელიც თავად კომპანიის ხელმძღვანელია (Stankevicius MGM კონსულტაციებს უწევს კომპანიებს, რომლებიც Fortune 500–ში შედიან და მცირე და საშუალო ზომის საერთაშორისო საწარმოებს. მან წარმატებული PR-კამპანიები განახორციელა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გავიდნენ ICO–ზე და შედეგად, მოიზიდა 300 მლნ დოლარზე მეტი ბლოკჩეინ–პროექტებისთვის). 18 თებერვალს შედგება ინვესტიციების სფეროში მსოფლიო ექსპერტების გამოსვლები და განიხილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების გზაზე არსებული ძირითადი პრობლემები, ტენდენციები და პერსპექტივები; ხელსაყრელ კაპიტალდაბანდებებთან, ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მომავალი საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები ამჯერად მიზნად ისახავენ შემდეგ ამოცანებს:

დაეხმარონ თითოეულ ბიზნესმენს, ინვესტორს, ყველას, ვინც აპირებს ამა თუ იმ ახალი ტერიტორიის ათვისებას, დადონ საქმიანი გარიგება კონკრეტულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მათთვის წინაღობები ამ კუთხით;

დაძლიონ ყველა ის დაბრკოლება თუ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან გარიგების გაფორმებას;

უზრუნველყონ თითოეული მონაწილისთვის საწყისი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე პროცესის მარტივად აღქმა და  ხელმისაწვდომობა მათ მშობლიურ ენაზე, დევიზით – „ნებისმიერ კონტინენტზე ისე, როგორც საკუთარ სახლში“.

2019 წლის 18 თებერვალს Berlin Capital Club-ში ყველ შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას. ინვესტორებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა დაბანდებების შემოსავლიანობა – უძრავ ქონებაში და კრიპტოვალუტაში, ფასიან ქაღალდებში და ძვირფას ლითონებში, ანტიკვარიატში თუ კინოინდუსტრიაში და ეს ყველაფერი – ერთ სივრცეში. განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებს საჭიროებენ, შეძლებენ, გამართონ საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია და მოიძიონ მომხმარებლები და ინვესტორები.

ოფიციალური და კულუარული ურთიერთობის ფარგლებში გამართული დიალოგი კონგრესის მონაწილეებს და სტუმრებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ფორუმისგან. ხოლო მსოფლიოს საუკეთესო სომელიეების მიერ წარმოდგენილი ექსკლუზიური სასმელების დეგუსტაცია, ფურშეტი შეფ–მზარეულებისგან, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავები აქვთ მინიჭებული, აგრეთვე გოლფის ტურნირში მონაწილეობა და ელიტური სიგარებით ტკბობა გერმანიის დედაქალაქის საქმიან კლუბში არსებული სასიამოვნო ატმოსფეროს ფონზე დაეხმარება მათ ახალი, საინტერესო კონტაქტების დამყარებაში.

უძრავი ქონების და ინვესტიციების ბერლინური კონგრესი ჩატარდება 2019 წლის 18 თებერვალს, Berlin Capital Club-ში, მისამართი – GendarmenMarkt, MohrenstraBe 30, Berlin.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ტელ.: +7 985 927 77 00

გერმანიაში: +49 162 232 8 333 

http://congress-realty.com

 

 

მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 10:26

2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბერლინი-თბილისი

ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრის ინფორმაციით, მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:30

ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრებმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. 

ამის შესახებ  ბერლინში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომელიც სამშობლოში გუშინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისის გადადების გამო საქართველოში გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

”მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ. სასტუმროშიც კი არ გადაგვიყვანეს. გვეუბნებიან, რომ 2 საათში გავფრინდებით და ასე გრძელდება ამ დრომდე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

  ”აეროპორტების გაერთიანების” განმარტებით ფრენის გადადება უამინდობას უკავშირდება.

მათი განმარტებით, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა, ბერლინიდან ფრენის გადადება სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება.

”ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. 

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, - თავის მხრივ, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 22 მაისი 2017 11:02

დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება.

„რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის, ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი განსაკუთრებულად კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება მანდატების გადანაწილების მოდელთან დაკავშირებითაც.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ გაცხადებული იქნება, თეორიულ რისკებს გამოვრიცხავთ და შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციის პროექტში. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე განსაკუთრებული კრიტიკა არ მგონია იყოს, თუმცა, თუ ასეთი იქნება, ბუნებრივია, განვიხილავთ შემდეგ სხვა წინადადებებსაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციას, რომელიც 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება, მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.

კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

 

ბერლინის ერთ-ერთ უბანში პოლიციას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია აქვს ბლოკირებული

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 18:38

ბერლინის ერთ-ერთ უბანში პოლიციას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია აქვს ბლოკირებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ საგანგებო ზომებს საეჭვო საგნის აღმოჩენის შემდეგ მიმართა. 

ბლოკირებულია პრენცლაუერ-ბერგის რაიონი, სადაც გაჩერებულია რკინიგზისა და ტრამვაის მოძრაობა.

ბერლინში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 23:52

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა. 

ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ამასთან, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი ჯერ დაკავებული არ არის. გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია.

ამასთან, Die Welt-ის მტკიცებით, პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი დააკავა, რომელიც პატმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.  

 

ბერლინში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 00:55

ბერლინში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია, ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა.

ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა.

გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 00:53

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 
 „ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური