მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 09:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 18:24

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კი სამაგალითოა,- ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს  მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს. 

"საუკუნეების განმავლობში ჩვენი ხალხები ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ  ატმოსფეროში. დღეს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს. სატრანსპორტო სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში - ქალაქში, რომელიც  უფრო  და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც "საქართველოს  რკინიგზის" ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ დიდ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არის აზერბაიჯანში. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება და გამყარება. ის რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება. წელს მოლოდინია, რომ ის მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში შემდეგ ორ წელიწადში, დიდი დაბრკოლების გარეშე, შეგვიძლია, ეს  ბრუნვა 50-60%-ით გავზარდოთ. ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ ბევრ სხვა სფეროში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და  სამაგალითოა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევს მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. 

საქართველოს  მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხარდაჭერისათვის და EUMM-ს მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველოში უნგრული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, უნგრეთმა ეკონომიკური განვითარების ის გზა გაიარა, რა ეტაპზეც ამჟამად საქართველო იმყოფება და ამ მიმართულებით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ასევე უნგრეთის გამოცდილების გაზიარება წყლის რესურსების მართვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

მამუკა ბახტაძე - აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 აგვისტო 2018 11:26

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული  შტატებისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი  გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატოს „ღია კარის" პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს, გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური