მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 11:45

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

მე-13 ბატალიონმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020 10:34

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ელდრიჯმა მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისიის წარმატებით შესრულებას გაუსვა ხაზი და დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ბაგრამის ბაზის ხელმძღვანელმა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებმა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის მედლებით და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრითაც დააჯილდოეს.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას დეკემბრიდან აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდება.

თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 14:05

„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას  ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.  

22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:38

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

ქართული ქვედანაყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში მისიის შესრულება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:30

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა.  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“  ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მურთაზ გუჯეჯიანმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის  „ალფა“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო „ბრავო“ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის  სრულყოფილად შესრულება უსურვა. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ ქვედანაყოფს კი, მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. „მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ბრუნდება. მათ იმ სტანდარტს გადააჭარბეს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ისინი საქართველოში ამაყად ბრუნდებიან, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულეს. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მივესალმები, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულს. ძალთა დაცვის პასუხისმგებლობასთან ერთად,  მიიღეთ გამოწვევა და გააგრძელეთ იმ სტანდარტების გაუმჯობესება, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა ასეულებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, ამოცანის შესრულების პერიოდში თქვენი ქვედანაყოფიც თქვენს სამშობლოს  სიამაყის საფუძველს მისცემს“, -აღნიშნა პოლკოვნიკმა  სეტ გლედსტოუნმა.

გადაბარების ცერემონიალს  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ვანდერბერგი და ამავე ბაზის მთავარი სერჟანტი ქეისთ გვინი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახეურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

I ქვეითი ბრიგადის  მე-12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. I ქვეითი ბრიგადის  მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირადი შემადგენლობა, უკვე ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად, საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

 

 

 

32-ე ბატალიონის ქვედანაყოფი ავღანეთში ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 13:29
ქართულ-ავღანური სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხეობის გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა 32-ე ბატალონის მეთაურს გამგეობაში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სტუმრობა ქარა ბაღის რაიონში განსაკუთრებული ნაბიჯია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის. გამგეობაში შეხვედრის შედეგ, ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარა ბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა, შერ შოჰ ორიახილმა ქართულ ქვედანაყოფს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემის ნიშნად, ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარა ბაღის რაიონს ეწვია. შეხვედრებზე ქართველ სამხედროებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაბა საიდი იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

23-ე ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას გადის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:04

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში, ქვედანაყოფი მოტორიზებულ ოპერაციებს, პატრულირებას, ჩხრეკა კორდონისა და სხვა ტიპის ამოცანებს ოცეულის შემადგენლობით პრაქტიკულად ასრულებს.

საველე სწავლებები ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და კრწანისში პარალელურად მიმდინარეობს. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.

23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ქართველი სამხედროები მომზადებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

ავღანეთში 32-ე ბატალიონის ალფა ასეული,ბრავო ასეულმა ჩაანაცვლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 10:35

ავღანეთში, ბალხის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ბატალიონისალფა ასეული ამავე ბატალიონის ბრავო ასეულმა ჩაანაცვლა.  

მისი მთავარი ფუნქცია ბაზაზე დაუყოვნებლივი რეაგირების ამოცანების გადაჭრა იქნება.

ცერემონიალი ბაზა მარმალზე გაიმართა და მას ავღანეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად, გერმანული ბუნდესვერის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 12:21

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშია და პროვინცია მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“  შეასრულებს სამშვიდობო მისიაა.

„ბრავო“ ასეული როტაციის წესით 32-ე ბატალიონის ალფა ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული ბუნდესვერის სარდლობის დაქვემდებარებაში, კოალიციის სხვა წარმომადგენლების გვერდი-გვერდ სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულ ასეულს ბაზაზე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე,  წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი და „ალფა“ ასეულის მეთაური, მაიორი ირაკლი სურგულაძე დახვდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე დღეში გაიმართება.

 

საახალწლო მილოცვა ქართველ სამშვიდობოებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 01:08

ახალი წლის დადგომა ქართველ სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ. მათ ახალი წელი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს, მაზარ-ი-შარიფში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს, ქაბულში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულსა და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს მიულოცეს, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. მართვის ცენტრიდან ტელეხიდით დაუკავშირდნენ გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასაც.
თავდაცვის სამინისტროდან თინათინ ხიდაშელი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე სპეციალური ოპერაციების ძალებს ესტუმრებიან და პირად შემადგენლობას ახალ წელს მიულოცავენ. სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახალ 2016 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც შეხვდებიან.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური