ბაკურიანში ხუთი კილომეტრის სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 15:45

ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ი განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. 

საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. 

„სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის  ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი. 

„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

საქართველოსა და ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ის საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, „Doppelmayr Garaventa Group“-ის რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.

ევროკავშირის ელჩი ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროექტებს ბორჯომში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 16:48

გაულ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანში გაემგზავრა ევროკავშირის მიერ სასოფლო განვითარების მხარდაჭერის შედეგების განსახილველად. ვიზიტის განმავლობაში ელჩი შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ესტუმრა სასოფლო განვითარების ინიციატივას ბაკურიანში.
 
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია ადგილობრივი განვითარების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მათი ჩამოყალიბების  მიზანი იყო დივერსიფიცირებული ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე.
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს პარტნიორობის პლატფორმას ადგილობრივი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას.
შეხვედრის შემდეგ ელჩი ჰარცელი ესტუმრა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასოფლო განვითარების ინიციატივას: თხილამურების გაქირავების პუნქტს ბაკურიანში.
News in English

დედოფლისწყაროში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 11:28
დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩა N29-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ PSP-ს მრავალრიცხოვან (5000-იან) კოლექტივს შეუერთდა. „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. დღეიდან უკვე დედოფლისწყაროშიც, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები“ - აცხადებენ PSP-ში. ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის, საჩხერის, ბაკურიანის მოსახლეობა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:14

ბაკურიანში, ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად, ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან" (ABEST) ერთად, საპროექტო სამუშაოები იწყება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოთხოვნის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს მნიშვნელოვნად დატვირთავს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ, 12 თვის განმავლობაში, ვინაიდან ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ, მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს.

„გარდა ამისა, იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, ვფიქრობთ, 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის. რა თქმა უნდა, ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ასე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში, ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების სრული წრედი იკვრება, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაში საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბიატლონის ტრასის, სრულიად ახალი ტრასების, ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით, ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი ნამდვილად შეიძლება, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი გახდეს.

თხილამურებით ტრამპლინზე ხტომის ოლიმპიური სტანდარტების ინფრასტრუქტურა ბაკურიანში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 13:56
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ვალტერ ჰოფერმა ბაკურიანის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. საქართველოში ამ მიმართულების განვითარებაზე ვალტერ ჰოფერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ამავე ფედერაციის წარმომადგენელი ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ. „ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება საქართველოში. მან დაათვალიერა ბაკურიანი და ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ რაც შეიძლება სწორ ადგილას განლაგდეს ის ინფრასტრუქტურა, რომლის აშენებაც გვაქვს დაგეგმილი ოლიმპიური სტანდარტების მიხედვით. ვალტერ ჰოფერისგან მივიღეთ გარკვეული რჩევები, გვქონდა საქმიანი შეხვედრები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება სათხილამურო სპორტის ტრამპლინზე ხტომის მიმართულების განვითარებისთვის“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. ვალტერ ჰოფერის შეფასებით, ბაკურიანი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. „მოხარული ვარ, რომ ბაკურიანის დათვალიერების შესაძლებლობა მომეცა. ბაკურიანი ის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც კარგადაა ცნობილი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ლეგენდარული კობა წაქაძე ცხოვრობს და მე მისი გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. ჩვენ დავათვალიერეთ არსებული ტრამპლინი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვესაუბრებით მთავრობას მისი განახლება-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ 3-5 წლის საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ აქ უკვე გავმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში“ - აღნიშნა ჰოფერმა. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდა.

ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 ივლისი 2016 10:19

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა გახსნა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი დაბა ბაკურიანის მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა.

დაბა ბაკურიანში მეხანძრე-მაშველებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, ახალი შენობა ააშენა, რომელიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი.

დაბა ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 16 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

შს სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის მერიის დახმარებით ბაკურიანში 3 000 ბავშვი დაისვენებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:46

თბილისის მერიის „ბავშვთა საკურორტო–გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, 2016 წელს, ბაკურიანში, 10–დან 17 წლამდე ასაკის 3 000 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს.

ბავშვების დასასვენებლად განსაზღვრულია 12 დღე; ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით თბილისიდან განთავსების ადგილამდე და უკან; დღეში სამჯერადი კვება; პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო მეთვალყურეობა და შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

7 ივლისს, ბაკურიანში დასასვენებლად მეოთხე ნაკადი - 550 ბავშვი და მოზარდი გაემგზავრა.

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 06 მარტი 2016 13:15

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

„კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის  გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა.

კურსი  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. 

სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.

უბედური შემთხვევა ბაკურიანში-გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 16:45

უბედურ შემთხვევას ბაკურიანში ახალგზარდა გოგონას სიცოხლე ემსხვერპლა. შეთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა მეუღლესთან ერთად ბურანზე სეირნობდა. ბურანი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მძიმედ დაშავდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გოგონა გარდაიცვალა. მომხდარზე ძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 16:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაბა ბაკურიანს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, მათ შორის დიდველზე მიმდინარე სამუშაოები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოინახულა საპროექტო ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინვესტორს სურვილი აქვს, ააშენოს აკვა-პარკი, ველნესცენტრი და ფიტნესცენტი. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალის შემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა იმისთვის, რომ დამსვენებლებმა სრიალის შემდგომ თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ“, -აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის განერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მეტი რწმუნება იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარშეთანხმებული გეგმით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ. მისი განცხადებით, აკვა-პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა და ის ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება. აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად მიიღებს 500-600 ადამიანს,თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არამარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა - გასართობ-დასასვენებელი, სავაჭრო და საბავშვო ცენტრების, ასევე სასტუმრო კომპლექსის, საკონფერენციო დარბაზების, ფიტნესის სპეცდარბაზების და ა.შ.

ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივადა განხორციელდება. პირველ ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა.

 

 

 

 

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური