30 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ბათუმში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 10:02

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია
ARmeridans-ის მასშტაბური პროექტის, White Sails –„ თეთრი იალქნები“
პრეზენტაციას დაესწრნენ. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ:
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები, საკანონმდებლო ორგანოს
ხელმძღვანელი პირები, ქალაქის მერი, ასევე დეპარტამენტების და ბიზნეს
წრეების წარმომადგენლები.
კომპანია ARmeridans-ის პროექტი, White Sails, (თეთრი იალქნები) ქალაქის
მასშტაბით მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობაა. 120 000 კვადრატულ მეტრ
ფართობზე ორი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება.
კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო
ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს. საქართველოში პირველად შემოდის
სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანია Interstate Hotels and
Resorsts. (Interstate, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სასტუმრო ქსელის
ოპერირებას ეწევა. მაგალითად ისეთების, როგორებიცაა: Starwood,
Intercontinental, Hyatt, Holiday Inn, Marriott და სხვა.) კომპლექს White
Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი,
Interstate განახორციელებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია
AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის.
ობიექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ინვესტიციის მოცულობით, არამედ იმითაც,
რომ მხოლოდ მშენებლობისას 300 ადგილობრივი დასაქმდება. მრავალფუნქციური
კომპლექსი გააერთიანებს ყველა იმ მომსახურებას და ინფრასტრუქტურას, რაც
ასეთ ელიტარულ ობიექტს უნდა გააჩნდეს და აშენებული იქნება საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად. ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის
დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება. პროექტის ღირებულება
30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით 4
წელიწადში უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
და გრაფიკს 15 თვით უსწრებს. ამიტომ, კომპანია პროექტის ვადაზე დრე
დასრულებას გეგმავს.
„ბათუმში განებივრებული ვართ ახალ-ახალი სასტუმროების მშენებლობით. წელს
უკვე ეს მესამე ობიექტია, რომელსაც საფუძველი ეყრება. „მეტრო სითის“
გაფართოებით და „ეარ მერიდიანსის“ შემოსვლით ახალი ბულვარის
განვითარებისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კიდევ
უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში, ხელი შევუწყოთ
ინვესტორებს და მოვიზიდოთ ისინი, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო,
შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ტურიზმი და ყველა მიმართულებით
დავასაქმოთ ადგილობრივები,“ - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

განახლებული აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი ბათუმში

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 20 სექტემბერი 2015 11:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო და აღჭურვით სამუშაოებს აფინანსებს. ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დასრულებულია რამდენიმეტაპიანი, ძვირადღირებული აღდგენითი სამუშაოები, ნაწილი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და უნიკალური საკვლევი დანადგარებით. პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაობი განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, რომლის ღირებულებამ 461707.02 ლარი შეადგინა. აღნიშნული ინსტიტუტი სამი სამეცნიერო განყოფილებისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისაგან შედგება და ერთადერთია საქართველოში.

ერთ დროს ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი კვლევითი დაწესებულების ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია, არასათანადო პირობების გამო ინსტიტუტი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია და მალე მოხდება მისი ახალი ტექნიკით აღჭურვა. გაწეული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

 

ბათუმი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს „ბათუმი 2015“ მასპინძლობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 18:02

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „Batumi 2015” გაიხსნა. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით იმართება.

ფორუმს 15 ქვეყნის 250 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის,უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.

ღონისძიება აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პრეზენტაციის სახით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიაწვდიან.

ფორუმის ფარგლებში დისკუსია თემაზე „ბიზნესის კეთება საქართველოში - წვდომა ფინანსებზე“  გაიმართება, რომლის მონაწილეებიც EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ორმხრივი სესიებია დაგეგმილი.

რეგიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ფორუმი საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და  მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და გამართონ შეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.

„ალი და ნინოს“ ქანდაკება ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 16:59

„ალი და ნინოს“  ქანდაკება  ბათუმის ბულვარში  ე.წ „პანორამული ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს  ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე  ქართველი მოქანდაკე  თამარ კვესიტაძე დაესწრო.

რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო  სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ  მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და  ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა.

მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების  გადაადგილება დასრულდა  ძალიან კარგად, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა.   სასიამოვნო იყო,   რომ გავიგე  რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ამ ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, ნამდვილად კარგია, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ  ეშმაკის ბორბალთან ერთადშეიძლება ვერ გაიგოს  მნახველმა ეს ატრაქციონია, თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ორი ობიექტი ერთმანეთს დაცილდება  „-განუცხადა თამარ კვესიტაძემ ჟურნალისტებს.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 14:12

აშშ-საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი: დღეს ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა. მის ასაშენებლად აშშ-ის მთავრობამ 14 მილიონი დოლარი გაიღო. ახალი ნავმისადგომი, სადაც 15 გემი ეტევა, საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელოვანი საოპერაციო ცენტრი გახდება.

აზიის განვითარების ბანკი 20 მლნ დოლარს გამოჰყოფს ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 11:17

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. აღნიშნული სესხი  ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 150,000-ს აჭარბებს, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში; ბათუმის სანაპირო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტუმრებს მასპინძლობს. 

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ეროზიის შეჩერებას“, - განაცხადა ანანდ ჩიპლუნკარმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარებისა და წყლის განყოფილების დირექტორმა.  

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე დამტკიცებული ტრანშია. პროგრამა 2010 წელს ADB-ის მიერ დამტკიცებული 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მრავალტრანშიანი ინსტრუმენტის ნაწილია. აღნიშნული სესხი სრულად მოხმარდება ბათუმის სანაპირო ზოლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებას სადაც ეროზია ემუქრება სანაპიროს, გზის, ველოსიპედებით სავალი ბილიკების და  შენობების უსაფრთხოებას. 

 „პროექტი იქნება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სარგებელს მოუტანს ქალაქის მოსახლეობას“, - დასძინა ბერტრან გოალუმ, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სპეციალისტმა.

„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან დაფინანსებული აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა ქეითი ჯულიანმა, აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.  

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. ADB საქართველოს 2007 წლიდან უწევს დახმარებას. 2014 წლისთვის ADB-ის მიერ საქართველოსადმი გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, მათ შორის დამტკიცებული სესხების და ტექნიკური დახმარების გრანტების სახით.

რა ვითარებაა ბათუმში?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 11:57

ბათუმში წყლის დონემ იკლო, - ამის შესახებ განცხადება კურიერის  ეთერში ბათუმის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა გააკეთა. როგორც ზვიად ჯაფარიძე აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. "ამ დროისთვის წყლის დონემ იკლო. წყალი ეზოებში და სარდაფებშია დარჩენილი. ყველა გამოძახებაზე ხდება რეაგირება და მაქსიმალურა ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსახლეობას. დამატებით მობილიზებულია თბილისის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ამ წუთებში მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები," - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად ჯაფარიძემ. 

 

ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 10:47

 ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩაა დატბორილი. ბათუმში, ღამის განმავლობაში, სახანძრო-სამაშველო სამსახური 300-ჯერ გამოიძახეს. 
სამაშველო სამსახური მთელი ღამე მუშაობდა, გამოძახებები შეეხებოდა სახლების დატბორვას და დატბორილ ქუჩებიდან ავტომობილების გამოყვანას. 
მისივე ინფორმაციით, დატბორილ ობიექტებზე წყლის დონემ იკლო და სამაშველო სამსახური ამოტუმბვით სამუშაოებს  აწარმოებდა. 
 

დატბორილი დასახლებები ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 10:43

ბათუმში გუშინ ჭაობისა და ბარცხანის დასახლებები, ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, 26 მაისის, ლერმონტოვის, რუსთაველის, შაუმიანის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩები დაიტბორა.

სამაშველო სამსახურებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მამქანები მთელი ღამის განმავლობაში გამოჰყავდათ.

უამინდობამ ძირითადად ის ქუჩები დატბორა, სადაც სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ჯერ არ გაკეთებულა.

ადგილობრივების თქმით, წყლის ნაკადმა ზოგიერთ უბანში 40 სანტიმეტრს მიაღწია. 

მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების გამოძახება ქუთაისიდან და სამეგრელოდან გახდა საჭირო.

საქართველოში შავი ზღვის იქთიოფაუნის მონიტორინგი განხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 აგვისტო 2015 13:17

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ასევე, 12 წეილია სახელმწიფოს არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა.

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური