თავდაცვის მინისტრის შეხვედრები უცხოური მედიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 22 აგვისტო 2015 12:53

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, „ბლუმბერგი“, „რადიო თავისუფლება“, ასევე, ინტერვიუ  ჟურნალ  „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.

მედიის წარმომადგენლები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორებიცაა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები და სამომავლო გეგმები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო.  ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე  უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ  საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრისა და ეშტონ კარტერის შეხვედრით. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც  აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას  2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლები აშშ-ში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 10:41

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.

საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური განხილვა შედგა „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოშიც“. დახურული ფორმატის შეხვედრაზე დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში კვლევით ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „ჰალიფაქსის ფორუმისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები და მკვლევარები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვაზე, როგორია თავდაცვის მინისტრის პროგნოზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროებად“ განხილვა ხელს უშლის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას.

თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს, მისი ვიზიტის ფარგლებში გამორჩეულად პოზიტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ასევე გაიმართა „CNAS“-ში და „ბრუკინგსის ცენტრში“. „ბრუკინგსის ცენტრი“ თავდაცვის, უსაფრთხოების და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევა.

 

 

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში თეთრ სახლში შეხვედრით გაგრძელდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 10:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში შეხვედრით გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ევრილ ჰეინსის შეხვდა.

საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო, - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც თინათინ ხიდაშელმა და ევრილ ჰეინსმა შეხვედრაზე განიხილეს.

„პოზიტიური და მეგობრული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში. ვფიქრობ, ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი, ალბათ, აქ შეგვიძლია მივიღოთ. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ევრილ ჰეინსი იყო პირველი ქალი, რომელიც ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.

თავდაცვის მინისტრმა „თეთრი სახლის“ შემდეგ შეხვედრები გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებთან გააგრძელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 20 აგვისტოს, აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლით და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთსა და ამერიკაში მაღალი დონის ვიზიტებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 აგვისტო 2015 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს. საქართველოს პრემიერი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.
სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

ოკინავას კუნძულებთან ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 19:11

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენმა Sikorsky UH-60 Black Hawk-მა ოთხშაბათს ოკინავას კუნძულების მახლობლად ზღვაში კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
როგორც იაპონიის თავდაცვის სამინიოსტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ვერტმფრენი ამერიკის სამხედრო ბაზიდან 30 კმ-ში ჩამოვარდა. ვერტმფრენის ეკიპაჟი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამჟამად მიმდინარეობს ვერტმფრენში მყოფი პირების იდენტიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ Sikorsky UH-60 Black Hawk-ის ეკიპაჟი 3 მფრინავისაგან შედგება. თვითონ ვერტმფრენში კი 11 სამხედრო პირის მოთავსებაა შესაძლებელი.

ჩინეთისა და ამერიკის მაღალჩინოსნები სი ცზინპინის ვიზიტს მოამზადებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 13:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გააგზავნიან თავის ჩინოვნიკებს, რომლებიც შეათანხმებენ საორგანიზაციო საკითხებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრესზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, აგვისტოსა და სექტემბერში ჩინეთში ჩამოვლენ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შეათანხმებენ ამერიკაში ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის სახელმწიფო ვიზიტის საკითხებს.

შესაბამისად, ჩინეთის ხელისუფლების პასუხისმგებელი და კომპეტენტური პირებიც გაემგზავრებიან ამერიკაში, რათა ადგილზე მოამზადონ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფციალურად მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაში.

ვალერიან გორგილაძე ირანის და აშშ-ს თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 ივლისი 2015 14:21

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ირანისა და აშშ-ს თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ირანსა და „ექვსეულს“ შორის მიღწეული  შეთანხმების შედეგად, შეიძლება, აშშ-მ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლოს არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში, არამედ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად,  „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამოქმედო არეალის გაფართოება და ირანის ჩართვა“,- აღნიშნა სოციოლოგმა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან “ საუბრისას.

მისი თქმით, სეპარატულად აშშ-ს და ირანის ელიტური  სამხედრო ნაწილები ისედაც იღებდნენ მონაწილეობას ერთობლივ ოპერაციებში.

„საინტერესო ის არის, რომ ირანი, შეიძლება, აშშ-ს  ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედაც  კი  იქცეს, ეს ძალინ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცვლის მთელ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციას ახლო აღმოსავლეთში“ , -განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.    

 

დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივლისი 2015 13:05

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ.ვაშინგტონში იმყოფება. 6 ივლისს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული დახმარებების კოორდინატორთან ალინა რომანოვსკისთან, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწესთან რობერტ ბერშინსკისთან და საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკის მხარის წარმომადგენლები ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, სასამართლო სისტემის, მედია-თავისუფლებისა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარიდან განხორციელებული დახმარების მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს დახმარებების კუთხით არსებულ პრიორიტეტეტულ მიმართულებებზე.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლერებული პროპაგანდის კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშო ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრებს   ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან,  სენატორებთან და კონგრესმენებთან გამართავს. დაგეგემილია მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში.

 

საქართველოში საზეიმოდ აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2015 23:57

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოში დღეს საზეიმოდ აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 239-ე წლისთავი. საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა, ეს არის დიდი დღე, რადგან ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დღე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
"ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობებს, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს და საქართველოს და ეს დახმარება გრძელდება. მე მართლაც ამაყი ვარ, რომ ვართ მომსწრენი ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. მინდა ყველა ამერიკელს მივულოცო დღევანდელი დღე, ხოლო მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ელჩი, რომელიც მე ოდესმე მინახავს და რომელთანაც მიმუშავია. მინდა აღვნიშნო მისი და მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული სამართლიანი ობიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ რიჩარდ ნორლანდი მიდის საქართველოდან, ვინაიდან მას უკვე ეწურება ვადა. "მაგრამ მე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და მადლიერებით აღვნიშნავთ მის მიერ გაწეულ სამსახურს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი, მინდა მას და მის ოჯახს ვუსურვო წარმატებები. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ელჩის ჩამობრძანებას საქართველოში. დარწმუნებული ვარ ისეთივე ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მასთან, როგორც იყო რიჩარდ ნორლანდის შემთხვევაში", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ რიჩარდ ნორლანდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ახალი ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა აუცილებლად გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით.
მისივე განმარტებით, ამაყია იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შეიძინა.
"ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ამერიკის დაბადების დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამტკიცების საქმეში.
მოკლე სიტყვა მექნება, რადგან გულში შერეული ემოციები მაქვს - საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში ჩემთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია. აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო

საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი აქ ვართ.
რასაკვირველია, გული გვწყდება საქართველოს დატოვების გამო, მაგრამ მოუთმენლად ველით სახლში დაბრუნებას, სადაც შვილებთან და შვილიშვილებთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუნდაც ცოტა ხნით და სადაც 12 სექტემბერს ჩვენი ქალიშვილის დაქორწინებას ავღნიშნავთ.
კარგად მესმის ჩვენი გამგზავრებისას საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება: რეგიონში უსაფრთხოების არასტაბილური გარემოა, რომელსაც ემატება შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა უნდა სცადონ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, გული წყდება, რომ სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნების საშუალება არ მიეცა.
"გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ულამაზეს მთებში, ან სოხუმში, რომელსაც 1993 წელს, აქ მუშაობისას ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიეცეთ შანსი, რომელსაც იმსახურებენ ერთად იცხოვრონ კეთილდღეობასა და მშვიდობაში იმ მიწაზე, რომელიც მათთვის საზიაროა.
მართალია, შერეულ ემოციებს ვგრძნობ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგას ისევე მტკიცედ, როგორც 24 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისას. როცა თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. როცა წყალდიდობა გიტევთ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. როცა თქვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერებასა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ ზუსტად ისე, როგორც თქვენ ჩვენ გვერდში ხართ ბრძოლის ველზე და იჩენთ სიმამაცესა და გმირობას. როცა თქვენ შვილებს განათლების მიღება და სამუშაო ადგილები სჭირდებათ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ. თქვენს გვერდით არიან თქვენი მეგობრები ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს ახალ ძალისხმევაში, აღდგეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ევრაზიის მასშტაბით.
"სიამაყით ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ამ ახალი შესაძებლობების ასამუშავებლად ზუსტად ისე, როგორც სიამაყით ვთანამშრომლობთ მასთან გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ახალ ელჩს ამ საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება. რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე, როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია.
მივმართავ ჩვენს მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში.
გისურვებთ წარმატებას უფრო მტკიცე, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს შექმნაში. გთხოვთ გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება. და ვიდრე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს: საქართველოს გაუმარჯოს", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.

ამის შემდეგ საზეიმო მიღება სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაგრძელდა და უამრავმა მოწვეულმა სტუმარმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამო გაატარა.

 

ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 27 ივნისი 2015 15:58

27-29 ივნისს ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58)  შემოვა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იტყობინება.

„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად.

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს. „ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური