საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:16

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად  ნიუ-იორკში   გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.

Chelsea Market-ში  გამოფენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია,  ხალხური რეწვის ნიმუშები,  თანამედროვე  დიზაინერების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

საქართველოს პრეზიდენტმა სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ქვეყნის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

„მნიშვნელოვანი გამოფენაა და იგი ხელს  უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეერთებულ შტატებში.  მნიშვნელოვანია,  რომ პრეზიდენტი მოვიდა დახურვის ცერემონიაზე და პირადად ესაუბრა იმ ბიზნესმენებს და  პოტენციურ მომხმარებლებს,  რომლებიც შემდგომში შეიძლება დაინტერესდნენ.“- აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

რომის პაპმა ნიუ–იორკელებს ღარიბთა და უსახლკაროთა დახმარებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 17:43

რომის პაპმა ნიუ–იორკის მედისონ სკვერზე მესა ჩაატარა. პონტიფიკოსის მოსასმენად ნიუ–იორკის ცენტრში ოცი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

პაპმა ფრანცისკემ ნიუ–იორკელებს ღარიბთა და უსახლკაროთა დახმარებისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა 11 სექტემბრის ტერაქტების მემორიალი მოინახულა და გარდაცვლილების ხსოვნას მიაგო პატივი.

პონტიფიკოსმა ტერორის დამარცხების აუცილებლობაზე გაეროში ისაუბრა.

გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მან ორი მთავარი გზავნილი გააჟღერა, -  მსოფლიო უნდა დაეხმაროს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ხალხს და გარემოს დაცვაზე უნდა იზრუნოს.

რომის პაპმა ნიუ–იორკში ვიზიტი ჰარლემის კათოლიკური სკოლისა და ცენტრალური პარკის მონახულებით დაასრულა და დღეს ფილადელფიაში მიემგზავრება. 

დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს(AMCHAM), სარა უილიამსონს და აღმასრულებელ დირექტორს ჯორჯ ველტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან   აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდშიშეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სავაჭრო ურთიერთობების ზრდას ეხება.

 დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ,,აბრეშუმის გზის“ ფორუმის მხარდაჭერისათვის, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ფორუმს შეერთებული შტატების მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციაში ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიშედიან.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსმიერ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებებს. 25-29 სექტემბერსნიუ-იორკში ქართული დღეები-Discover Georgia და საინვესტიციო ფორუმიგაიმართება.

დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამერიკის სავაჭროპალატა მომავალში თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებენ.

USAID ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 15:56

დღეს, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და USAID-ის წარმომადგენლეთან ერთად ეწვია საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს. შეხვდა სოფლად მცხოვრებ ოჯახებს, ფერმერებს და თემის წარმომადგენლებს, რომელთაც დახმარება გაეწიათ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში. NEO-ს ფარგლებში შექმნილ 7 ადგილობრივ კოოპერატივს 40 კულტივატორი და 4 ტრაქტორი გადაეცა.
მხოლოდ 2015 წელს, NEO-მ დახმარება გაუწია საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 31 სოფელში მცხოვრებ 135 ფერმერს, რის შედეგადაც შეიქმნა დაახლოებით 950 სეზონური სამუშაო ადგილი დაუცველი მოსახლეობისათვის.  დახმარება მოიცავს წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ღია გრუნტსა და სათბურებში ბოსტნეულის, მწვანილისა და ჟოლოს წარმოების გაფართოებას.  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში 35 მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელდა - დადებითი შედეგები 4,000 ოჯახზე აისახა.

ამერიკიდან ჩინეთში განხორციელდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 15:21

ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ამერიკიდან განხორციელდა ჩინეთის მოქალაქის ექსტრადაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი 14 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმალებოდა. მას ბრალად ედება კორუფცია და დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკიდან მოხდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადირება. 18 სექტემბერს ამერიკის სამართალდამცავებმა ჩინეთს გადასცეს იან ცზინცინუნია, რომელიც ასევე კორუფციასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი გუანდუნის პროვინციაში დაიბადა 1967 წელს. იგი თანამონაწილეებთან ერთად 2001 წელს გაიქცა ამერიკაში. ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ამერიკის სამართალდამცავებმა დააკავეს კუან ვანფანი და სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

 

„აშშ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 12:58

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი  ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. ოფიციალური ხასიათის გაცნობით ვიზიტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ. საუბრის ძირითადი თემა საქართველო-აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ყველა პროგრამა გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი  უკვე ჩამოვიდა საქართველში და დაიწყებს მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა წინამორბედების მსგავსად  პროდუქტიული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის და, მეორე მხრივ, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით.  გაგრძელდება ყველა პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ჰქონდა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებულია და საერთაშორისო ასპარეზზე გვაერთიანებს. ბუნებრივია, ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი იმედები დიდწილად, სწორედ, ამერიკელების მხარდაჭერას უკავშირდება “, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრს მეორედ შევხვდი. თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში საქართველოს ელჩთან ბატონ გეგეშიძესთან სადილზე გავიცანი, სადაც საქართველოს წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების თემებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უფრო პრაქტიკულ ჭრილში ვისაუბრეთ - რა გავაკეთეთ ერთობლივად, რისი გაუმჯობესება შეიძლება და კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ ბევრი ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება“ - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 17:30

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

წუთიერი დუმილის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ კონერიმ აშშ-ის საზღვაო აკადემიის სახელით, რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნის პატივსაცემად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტს სანაპირო დაცვის აკადემიის კადეტების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა.

ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 62-მა კურსდამთავრებულმა დადო. მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭათ. ახალგაზრდა ოფიცრები სწავლას სხვადასხვა სპეციალიზაციით გააგრძელებენ,  კურსის  წარმატებით დასრულების შემდეგ კი გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს. პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 10:00

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.
სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საუწყებათაშორისო საბჭოს თანამშრომლობაზე.
საუბარი შეეხო ტრეფიკინგის პრევენციის, მხვერპლთა დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის საშუალებებისა და მეთოდების განვითარების მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტრეფიკინგის თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშზე და მასში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკას, სახელმწიფო უწყებების ღიაობას და მათ შორის კარგ კოორდინაციას.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სი ცზინპინთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 17:23

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დღეს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენთან სი ცზინპინთან დაგეგმილი შეხვედრა „ნაყოფიერი“ იქნება და იგი უდაოდ მოიტანს „დიდ შედეგებს“.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

მათი ინფორმაციით, ბ. ობამამ აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართ მომავალ შეხვედრაზე მიღებული იქნება „კონკრეტული მიღწევები“, ენერგეტიკის სფეროში, კლიმატულ წვლილებებთან  დაკავშირებით და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კუთხით.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მშვიდობიანი და მიზანმიმართული წინსვლა, ამერიკის ინტერესებშიც შედის და ასევე სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის. ბ. ობამამ ყურადღება ასევე გაამახვილა ამერიკა-ჩინეთის სამხედრო დიალოგის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური 22-25 სექტემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ესტუმრება.

ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში ვიდეომიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 16:04
ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. დიპლომატი საქართველოში  პირველ ვიზიტზე და აშშ-ის თანადგომაზე საუბროს. 

"პირველად 1976 წელს ვიყავი თბილისში. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. 

მოუთმენლად ველი, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი ოცდაათწლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულად განაცორციელოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები.  ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს," - აცხადებს ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი.

იხილეთ ვიდეო მიმართვა:

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური