წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 09:31

წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ამერიკის მეგობართა კლუბი, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 10 სექტემბერს საღამოს 6:30 საათზე მართავს ამხანაგურ მატჩს სოფტბოლში, რომელიც მთლიანად ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ თავდასხმას.

თამაშის დაწყების წინ გაიმართება მცირე ცერემონია, რომლის ფარგლებშიც შესრულდება აშშ-ის და საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ 9/11-ის სოლიდარობის ბანერზე სიმბოლურად შეაბან აშშ-ის დროშის ფერი ლენტები.  9/11 სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგებენ ამერიკელ კოლეგებს.

მისამართი: თემქა, ურეკის ქუჩა 5, 143 სკოლის სოფტბოლი/ბეისბოლის სტადიონი. იხილეთ რუქა:  https://www.yell.ge/company.php?lan=eng&id=80272

საკონტაქტო პირი: ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი

მობ: 597 34 55 00

ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:39

საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებს.

მხარეებმა აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენაა  მიმართული. 

დღესვე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:01

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.

როგორც ამერიკელი კონგრესმენების წამყვანმა მრჩევლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას და შესაბამისად, მათი სტუმრობის პირველი ადგილიც საქართველოს პარლამენტი გახდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, შიდა რეფორმები და ეკონომიკური ვითარება.

სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგებით და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, პარლამენტის როლის გაძლიერებით მთავრობაზე კონტროლის თვალსაზრისით. დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით კონგრესის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო. კონგრესის თანამშრომელთა შეკითხვები აღნიშნული საკითხის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ასპექტებს შეეხებოდა.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლით და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლისკენ მიმართული ქმედებებით.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივი ძალისხმევა ამერიკის კონგრესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მათი შეფასებით, „ეს ინიციატივა განსაკუთრებით ეფექტური მექანიზმია“.

მამუკა ბახტაძე - აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 აგვისტო 2018 11:26

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული  შტატებისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი  გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატოს „ღია კარის" პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს, გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამრიკის მეგობართა კლუბმა საზეიმო მიღება გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 11:45

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამრიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გამართა. წვეულებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, მომღერალმა ნინი ყიფშიძემ შეასრულა აშშ-ის და საქართველო ეროვნული ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ. 

ელჩის მოვალობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ”ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის NATO-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის. 

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა, რასაც მოყვა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. კონცერტზე მონაწილე მუსიკოსებს შორის იყვნენ: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამერიკის მცოდნეობის დეპარტამენტის ლექტორები, რომლებმაც შეასრულეს ცნობილი ამერიკული მუსიკალური კომპოზიციები. ხოლო, ცეკვის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ უნივერსიტეტის მოცეკვავე გოგონათა ანსამბლის „ქანთრი & ვესტერნის“ მიერ შესრულებული „კოვბოების“ ცეკვა. ამერიკული მუხტით შემოსილმა მოცეკვავე გოგონებმა, სცენაზე ამერიკული ფოლკლორის, კერძოდ კი მე-XX საუკუნის ოციან წლების ველური დასავლეთის სამხრეთული რიტმი გააცოცხლეს. მუსიკალური ემოციების ფონზე, ამირან შალიკაშვილის სახელობის, პანტონიმის სახელმწიფო თექტრის მსახიობებმა  კოსტიუმირებული პერფორმანსი წარმოადგინეს. 

წვეულების პარალელურად მიმდინარეობდა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება. დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ, 4 ივლისის, სპეციალური ლატარიის ბილეთები და მოეგოთ ღონისძიების სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სოლიდური პრიზები. წვეულების დასკვნით ნაწილში გაიმართა საქველმოქმედო ლატარიის გათამაშების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც გამოვლინდნენ იღბლიანი გამარჯვებულები.  სხვადასხვა ფასიანი პრიზები დაწესებული ჰქონდათ:  სასტუმრო ბილტმორს, სასტუმრო კრონ პალასს, სასტუმრო Beaumonde Garden-ს, სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთს, ჰიპერმარკეტ “აგროჰაბს” ღვინის კომპანია „თელავის მარნს“ ვაკის საცურაო აუზსს. აგრეთვე სპეციალური პრიზები საჩუქრად გადაეცათ ამერიკის მეგობართა კლუბის წევრებს.    

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის წვეულების საპატიო სტუმრები იყვნენ, “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ პატარები და მისი დამფუძნებელი, ბერი ანდრიას დედა თინათინი. საქველმოქმედო ლატარიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“.  

ამერისკის დროშის ფერებში და თემატური დეკორაციებით მორთულ უნივერსიტეტის ეზოში ნამდვილად ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ ერთი მნიშვნელოვანი სადღესასწაულო ნაწილი, სპეციალურად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია და ტრადიციული ფეირვერკი.   

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვაში. მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა კი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბანერზე წარმოდგენილ კომპანიებს გაწეული სპონსორობისთვის, ამერიკის მეგობართა კლუბის ერთგულებისთვის და ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდაჭერისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას.

 

4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 14:57

4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა.

ელჩის მოვალობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ''ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის NATO-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის.''

 ასევე, წვეულების ფარგლებში, გაიმართა 4 ივლისის საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნავს.

ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 მაისი 2018 11:42

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.

ვაზიანში გამგზავრებამდე ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ გენერალ კურტის სკაპაროტს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედების პროცესში ამერიკელი პარტნიორების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მებრძოლ სულს“ (Agile Spirit), რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით საქართველოში წელსაც ჩატარდება. ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის ატაშე და ამერიკული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

აშშ დეპარტამენტის ანგარიშში თემურ ბასილიას საქმეზე მსჯელობა სასამართლოს პასუხისმგებლობის ნაწილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 აპრილი 2018 17:20

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო მსჯავრდების გადახედვის წინ, საქმეზე გაკეთებული შეფასებები, ერთიანად საგულისხმო უნდა იყოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: „კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, აშშ დეპარტამენტის ანგარიშში გაჭიანურებული სასამართლო სხდომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შემაფერხებელ გარემოებადაა დასახელებული. თემურ ბასილიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი სხდომა 2017 წლის 25 მაისს დანიშნა, თუმცა პროცესი აღმოჩნდა ხანგრძლივი. 2017-2018 წლებში, საქმეზე არაერთი სხდომა ჩატარდა. საბოლოოდ, სასამართლო საქმეზე მოსმენას 2018 წლის 3 მაისს დაასრულებს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებასაც ამავე დღეს გამოაცხადებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. 

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი IBSU-ში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 02 აპრილი 2018 18:17

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

ქ-ნმა ელიზაბეთ რუდმა იბსუს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური