გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 აპრილი 2016 11:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან მიიღო გზავნილები, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და გაღრმავდეს.

"ეს ეხება ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს. მათ შორის, უსაფრთხოებას, სამხედრო მიმართულებას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ა.შ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. საქართველოს საკითხი აშშ-ის პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან მაღალი პრიორიტეტის მქონე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი ბიზნესწრეების მხრიდან. რა თქმა უნდა, კითხვები ისმის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის სტაბილურობა, რაც საჭიროა ინვესტიციების მოსაზიდად, მიუხედავად იმ უმწვავესი გამოწვევებისა, რაც რეგიონში არსებობს. ეს მარტივი არ არის და ეს შესაძლებელია თუნდაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის მუშაობით, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 10:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს (Vice President Biden) შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.
ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.
ლიდერებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები. 
მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს.

შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის.

ამერიკის მეგობართა კლუბმა, მახათას მთაზე 100 ცალი იფანის და საპნის ხის ნერგები დარგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 აპრილი 2016 22:17

საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 24 წლის აღსანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბმა, თბილისში მახათას მთაზე საგაზაფხულო რგვების ფარგლებში 100 ცალი იფანის და საპნის ხის ნერგები დარგო, რაც მომავალში ამ ტერიტორიის რეკრეაციული და მწვანე საფარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ ამერიკის მეგობართა კლუბის, ამერიკის საელჩოს, ქ.თბილისის მერიის, ქართულ ამერიკული სკოლის, ისნის რაიონის სამოქალაქო ცენტრის და ბეისბოლის ფედერაციის წარმომადგენლები.

მსგავსი სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც ეკოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ქართულ ამერიკული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების და გაღრმავების კუთხით.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია და აშშ-ის საელჩო.

გიორგი მარგველაშვილი „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 აპრილი 2016 17:29

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  აშშ-ი  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს წევრებს ფრედ ჰაიატს, ჯექსონ დილს, ენი ეპლბაუმს, დუგლას ჯელს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას,  რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ და რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ვაშინგტონ პოსტის“ ოფისში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და  საქართველოს ელჩი აშშ-ი  არჩილ გეგეშიძე.

საქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 10:09

ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გაიხსნა. 52 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. სამიტზე საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო - „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა.საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია. ბირთვული ინდუსტრიის სამიტი წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, 

შეერთებული შტატების დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით უკვე გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. 

საქართველოს პრეზიდენტი კურტ ვოკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 13:57

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს,პრეზიდენტი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს, აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს და  ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა რუსეთთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და NATO - საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნეს, ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის დღის წესრიგში აქტიურად იყოს წამოწეული.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ ესაუბრა იმ ექსპერტებს რუსეთთან ურთიერთობის, უსაფრთხოების საკითხებისა და NATO - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და განსაზღვრავენ.

 

პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:10

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ში ვიზიტს იწყებს.  შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს აღმასრულებელ მდივანთან დაიგეგმა .ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზეც გამოვა სიტყვით, დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის ბირთვულ მარეგულირებლებს შორის რეფერენდუმის გაფორმება.ის ასევე დაესწრება ამერიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილს და სიტყვითაც გამოვა.საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ და პოლონელ კოლეგებთანაც გამართავს შეხვედრას, ასევე შეხვდება დონალდ ტუსკს. მარგველაშვილი სტუდენტებსაც შეხვდება, მას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ელოდებიან.

თურქეთის სასამართლოს მიერ განთავისუფლებული მთავარი პირი აშშ-ში დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:51

თურქეთში 17-25 დეკემბერი 2013 წელს ჩატარებულ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი კორუფციისა და მექრთამეობის სპეცოპერაციის დროს ერდოღანის მთავრობის ზოგიერთ მინისტრზე ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული შემდეგ კი განთავისუფლებული, წარმოშობით ირანელი ბიზნესმენი რეზა სარრაფი, FBI-მ მაიამიდან ქვეყანაში შემოსვლის დროს საზღვარზე დააკავა. ერდოღანმა 17-25 დეკემბერის 2013 წელს ჩატარებულ ამ დიდი კორუფციისა და მექრთამეობის ოპერაციას თავისი მთავრობის გადატრიალობის მცდელობად გამოაცხადა და ამის შემდეგ ოპერაციის ჩამტარებელი ყველა პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე დაკავებული იქნა.  17-25 დეკემბერს რეზა ზარრაფისა, მინისტრების შვილებზე და ერდოღანის პარტიის (Ak Parti) ზოგიერთი წევრების მიმართ განხორცილებული ამ ოფერაციების შემდეგ ერდოღანმა ქვეყანაში მმართველობა უფრო გამკაცრა და მასმედიაზე ზეწოლა, ტელევიზიებისა და გაზეთების ხელში ჩაგდება და დახურვა, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა და დემოკრატიული ღირებებულების შეზღუდვა დაიწყო.  
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ″ქველმოქმედ ბიზნესმენად″ წოდებული რეზა ზერრაფი, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში, FBI-ის მიერ დაკავებული იქნა. დაკავების მიზეზებად, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით აშშ-ში თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რეზა სარრაფის დაკავების შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც სარრაფის 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარრაფის გარდა FBI-მ ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი და ჰუსეინ ნეჯეფზადეც დააკავა.
ამერიკელმა პროკურორებმა გუშინ განცხადება გააკეთეს სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი რეზა სარრაფი დაკავებულია. ნიუ-იორკის ყველაზე გახმაურებული საქმეების პროკურორის პრიტ ბჰარარას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჯონ კარლინისა და FBI-ის დირექტორის მოადგილის დიეგო როდრიგეზის განცხადებით, რეზა სარრაფი (33) და ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი (29) და ჰუსეინ ნეჯეფზადე (65) სავარაუდოდ, ირანის მთავრობის სასარგებლოდ თაღლითური გზებით ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
პროკურატურა სარრაფისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ, აშშ-ის წინააღმდეგ თაღლითობისთვის ხუთი წლით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 20 წლით, საბანკო თაღლითობისთვის 30 წლით და ფულის გათეთრებისთვის 20 წლით, მთლიანობაში 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
მათ წინააღმდეგ მომზადებულ 21 გვერდიან საგრალდებო დასკვნაში, რეზა სარრაფის საქმესთან დაკავშირებით პროკურორ ბჰარარას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ″ეს ბრალდებულები, წლების განმავლობაში ირანისა და ირანული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდნენ და მთელ მსოფლიოში ფულს ათეთრებდნენ.″-განაცხადა მან.
FBI-ის დირექტორის მოადგილემ როდრიგეზმა კი განაცხადა, რომ ″ეჭვმიტანილები 2010 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ირანული ორგანიზაციების სახელზე ფინანსურ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკის და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები დაარღვიეს.″
საბრალდებო დასკვნაში ის ირანული ორგანიზაციებია ჩამოთვლილი რომლებიც რეზა სარრაფისა და კიდევ ორი ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებული ქმედებებით სარგებელი ჰქონდათ: აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი Mellat ბანკი, ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ირანის ნაციონალური ნავთობკომპანია (NIOC), შპს ირანის ნავთობკომპანია(NICO), ირანის ნავთობკომპანია Sarl (NICO Sarl), ჰონკონგი Intertrade კომპანია(HKICO) და ირანის სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანია ჯგუფი MAPNA.
თურქეთში სარრაფის ამ ქსელთან დაკავშირებული კომპანიები კი ესენია: Royal Holding A.Ş, Durak Döviz Exchange, Al Nafees Exchange, Royal Emerald Investments; Asi Kıymetli Madenler Turizm, ECB Kuyumculuk İç ve Dış Sanayi Ticaret Limited Şirketi, Güneş General Trading LLC.
აშშ-ს მიერ სარრაფის დაკავებამ თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თარგმნა: ავთანდილ გუნდაძემ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 მარტი 2016 13:22

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაშინგტონში  ვიზიტის ფარგლებში, კონგრესსა და სენატში შეხვედრებს განაგრძობს. კონგრესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული პარტიორობის საკითხები  განიხლიეს.   

ხაზი გაესვა მათ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.  საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენებს გააცნო, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების, პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერმინისტრის  ინიციატივები.  რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას, პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე რეფორმების პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-ში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 მარტი 2016 16:21

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალს აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

ვიცე-პრემიერი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის წახალისებისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ სატრანსპორტო–ლოგისტიკურ ცენტრზე, სადაც სხვადასხვა სავაჭრო მიმართულებები იკვეთება. ამ მიმართულებით დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.

„დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი ანაკლიის პორტის განხორციელებას მხარს უჭერს.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილსა და ბრიუს ენდრიუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიან სამთავრობო რეფორმის გეგმაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

,,მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს მეგობარ ვიცე-პრემიერს. დიდი პატივია ჩემთვის მისი ვაშინგტონში ხილვა. როდესაც მე ვსტუმრობდი თბილისს 2015 წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვმა. როდესაც ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შევხვდი, რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. რეგიონის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკი, თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას“ - განაცხადა ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.

 

 

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური