თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019 09:06

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019 10:13

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 15:03

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს შეშფოთებას დე ფაქტო ხელისუფლების განმეორებით მუქარებზე ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გამშვები პუნქტების განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ. ფილიპ რიკერმა აღნიშნული სიტუაციის შესახებ მოხსენება საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოისმინა, მაშინ, როდესაც აკვირდებოდა ოძისის მახლობლად არსებული გამშვები პუნქტების დახურვას. მან მოუწოდა მყისიერად შეწყვეტილიყო ნებისმიერი სტრუქტურის, ღობისა თუ ბარიერების მშენებლობა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის არაკანონიერი ბორდერიზაციის გაძლიერებას. ელჩმა რიკერმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 15:19

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 ივლისი 2019 11:04

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ივლისი 2019 13:14

ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
 
დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 მაისი 2019 11:18

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვივნენ.

კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლებთან, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსთან, გივი მიქანაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან,ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართავს.

დელეგაცია ასევე შეხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფერონთან.

კონგრესის თანამშრომლები ესტუმრებიან ვაზიანის სამხედრო ბაზასაც, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებენ.

დელეგაცია, ასევე, რიჩარდ. გ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს დაათვალიერებს და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ოფისის დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან და ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან.

აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს კულტურულ ძეგლებს დაათვალიერებენ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

დელეგაცია საქართველოს 1 ივნისს დატოვებს.

მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 10:51

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. 
მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და საზღვაო ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს. 
"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საზღვაო ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს. 

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 13:11

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც, პრემიერის შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები და ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ამერიკულ კომპანიების ინტერესის ზრდას და ორმხრივი ვაჭრობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება გაიზარდა. ხაზი გაესვა ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემის რეფორმას.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები  მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან კონგრესმენ დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით, თბილისს 15 აპრილს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან - თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი, კონგრესის წევრი დინა ტიტუსი, კონგრესმენი მაიკლ კონევეი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, კონგრესმენი ადრიან სმიტი, კონგრესის წევრი ბარბარა ლი და კონგრესის წევრი ტერი სიუელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 17:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის საელჩოსთან ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან ძებნილი, აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს., თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.

კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს;

21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური