საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში
2021 წლის 11 თებერვალს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.
საელჩოს ინფორმაციით ჯარისკაცებმა გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ნატოსთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა.
აღნიშნულმა წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ამერიკის სამხედრო დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალებს
აშშ-ის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით
აშშ-ის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. "ნიუსდეი საქართველო" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.
გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.
2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.