კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:33

კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს და საკითხის სამართლებრივ სივრცეში გადატანას არ გამორიცხავს. 

მიხეილ გიორგაძის განცხადებით,  არსებული უზუსტობების არსებობა ლაშა თორდიამ  მის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზეც დაადასტურა. 

მიხეილ გიორგაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეზინფორმაციული და დისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ უწყება ციფრებით მანიპულირებს და სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.  

აუდიტის სამსახურის განცხადება თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში მიმდინარე აუდიტის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 18:16
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარე პროცესებს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირებას საჭიროებენ, თბილისის მერიის ადმინისტრაციის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არასწორი საკადრო პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის პრობლემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება აუდიტის დასრულების შემდეგ. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. მათ შორის, უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევებს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. უფასო სასადილოს მომსახურებაზე გამოცხადებული ზოგიერთი ტენდერის შედეგები (ლარი) უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებული ტენდერების მონაწილეები ძირითადად შპს „ილი“ („ილი ჯგუფი“) და შპს „ლიზი“ არიან. როგორც ცხრილიდან ჩანს, მომსახურების შესყიდვისას გამგეობის სატენდერო კომისიამ ოთხჯერ მოახდინა შპს „ლიზის“, ხოლო ერთხელ - შპს „ილის“ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზი ხუთივე შემთხვევაში იდენტურია - ფასების ცხრილისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ, სასადილოს მოსაწყობად საჭირო ფართის ფლობის დამადასტურებელი საბუთის დაუზუსტებლობა. ჩვენს ხელთ არსებული სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მიწოდების საბოლოო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს არ აქვს წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციითა და უფრო მაღალი ფასის პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება გაიზარდა 92.4 ათასი ლარით. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ. შპს „ლიზი“ და შპს „ილი“, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუდიტის ობიექტი ვალდებული იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები. მნიშვნელობიდან, უკვე გამოვლენილი გარემოებებიდან და შეფასებული რისკებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. 3. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხარვეზები ამხანაგობების მეშვეობით ქალაქ თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში. წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა იმავე კომპანიასთან. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში - 5595.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში - 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში - 2238.0 ათასი ლარი. დოკუმენტაციის შესწავლით იკვეთება რიგი უზუსტობები, კერძოდ: ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი; ხარჯთაღრიცხვა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თავად მოამზადა, მიუხედავად ამისა, შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით; არსებობს მაღალი რისკი, რომ თავდაპირველად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ერთეულის ფასები გაზრდილი ღირებულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ ანაზღაურებული. აღნიშნულ რისკს ამყარებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რაც გულისხმობდა სამუშაოების ღირებულების დათვლას ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. დასკვნის შედეგად ერთეულის ფასებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები; მიმწოდებელს 2014 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტით ანაზღაურებული თანხიდან 75.6 ათასი ლარი ჩაერიცხა ისე, რომ სამუშაოების დასახელებები ფორმა N2-ში არ იყო მითითებული (გლდანის რაიონი). ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდება შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული მოცულობებისგან; მაგალითად, აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე შემოწმებით და ამხანაგობების თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შეუსრულებელია ფორმა №2-ში დაფიქსირებული ასფალტობეტონის საფარის აყრის სამუშაოების ნაწილი. (სამგორის რაიონში 20.2 ათასი ლარი); შესრულებული სამუშაოების ნაზარდ ჯამში (ფორმა N3) წარმოდგენილი მოცულობები განსხვავდება ფორმა N2-ში წარმოდგენილი ნაკრები მოცულობებისგან. შესრულებული სამუშაოების აქტები შეიცავს სხვა უზუსტობებსაც. 2015 წლის 3 ივნისს შემსრულებლის დაკვეთით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც შეეხო შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ანუ სამუშაოების შემსრულებლის) გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული. აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით 904.2 ათასი ლარი ფორმა №2-ში მოცემულია გაუშიფრავი სახით. შედეგად, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის არ/ვერ წარმოდგენის გამო. საექსპეტო დასკვნით, მანქანა მექანიზმებზე დაანგარიშება ვერ განხორციელდა ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ღირებულება გამოყვანილი იქნა სამშენებლო რესურსებზე არსებული სტატისტიკური ფასებით. ზემოთ მოყვანილ გარემოებებზე დაყრდნობით, უკვე გამოვლენილი და ექპერტიზით დადასრურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა „დიდი ლილოს“ თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აუდიტის ჯგუფის მანდატიდან გამომდინარე (რადგანაც დამკვეთი არის ამხანაგობა, ხოლო შემსრულებელი - კერძო კომპანია.), სრული სურათის დასადგენად, ხელი არ მიგვიწვდება კერძო სამართლის სუბიექტების პირველად დოკუმენტაციაზე. თემის მნიშვნელობიდან და წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ღირებულებით - 431.8 ათასი ლარი, ასევე ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი - 302.5 ათასი ლარი წარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000“-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, - შპს „კომფორტ მშენმა“ არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას“, ღირებულებით - 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ“ სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე, ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000“.

სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:17

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, "თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით". 
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური