სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 09:54

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი დაიწყო. „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

„ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები“ - აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგძლივობა 3 თვეს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ყალიბდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:00

როგორც ცნობილია, 2016 წლის 25 ივნისს, ძალაში შევიდა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო. 

საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან:
- პროფესიული ორგანიზაციებიდან; 
- ბიზნესასოციაციებიდან;
- აკადემიური წრეებიდან.

თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა.

დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი;
წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

ჩერნოვეცკის ფონდის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 11:01

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დაასრულა. აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება.

"აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კვლავ დაპირისპირების მიზეზია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:35

სახელფასო დანამატების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კვლავ დაპირისპირების მიზეზია. სამსახურის ხელმძღვანელი და კულტურის მინისტრი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. 

ლაშა თორდია ადასტურებს კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას, თუმცა ამბობს, რომ   გიორგი ბაქრაძესთან შეხედრისას მას აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში ხარვეზები არ დაუდასტურებია. 

ლაშა თორდიას თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრების  გამოანგარიშება სახელმწიფო და სახაზინო ბიუჯეტებზე დაყრდნობით ხდება და უზუსტობაზე საუბარი არასწორია. 

თორდიას განცხადებით, კულტურის სამინისტროში ხელფასების ზრდა 2015 წელს უწყებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამატებამ გამოიწვია, თუმცა პრემიებმა სახელფასო დანამატებში გადაინაცვლა, რასაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა.

კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:33

კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს და საკითხის სამართლებრივ სივრცეში გადატანას არ გამორიცხავს. 

მიხეილ გიორგაძის განცხადებით,  არსებული უზუსტობების არსებობა ლაშა თორდიამ  მის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზეც დაადასტურა. 

მიხეილ გიორგაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეზინფორმაციული და დისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ უწყება ციფრებით მანიპულირებს და სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.  

თბილისის მერიაში სახემწიფო აუდიტის სამსახური გეგმიურ შემოწმებას ახორციელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 15:31

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიაშია შესული. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, ეს არის გეგმური შემოწმება. 
"თბილისის მერიაში მიმდინარეობს შემოწმება ზედამხედველობის სამსახურის, ადმინისტრაციისა და ორი ყველაზე მსხვილი გამგეობის - სამგორისა და გლდანის. რამდენიმე დღეში დაიწყება კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმება. თუ გამოვლინდა რაიმე დარღვევა, ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:13

არაადეკვატური შეფასებები - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ლაშა თორდიამ დღეს კონკრეტული ფაქტები დაასახელა და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

"ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის იმ უწყებებში, სადაც ასე მკვეთრად იზრდება დანამატის ხარჯები. 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიების რაოდენობა, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა. ეს ის ციფრებია, რომელიც ბიუჯეტში დევს,“ - განმარტავს ლაშა თორდია. 

როგორც ცნობილია, დანამატებისა და გაზრდილი პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა პრემიერმა.

დღესვე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, განცხადებები სახელფასო დანამტებსა და პრემიებზე გააკეთეს მინისტრებმა. 

ისინი გამოეხმაურნენ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები.

აუდიტის სამსახურის  მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდიოდა კულტურის სამინისტროზე. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:17

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, "თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით". 
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.

"სასჯელაღსრულების უწყებაში დაუსაბუთებელი პრემიები გაიცემოდა"-აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 12:59

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც უწყებაში 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებს შეეხება.

"აუდიტის შედეგად გამოვლინდა თანამშრომელთა პრემირების გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის ფაქტები. კერძოდ, 2013 წლის განმავლობაში ერთჯერადად გაცემული მაქსიმალური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20,000 ლარს, რომელიც გაცემულია დეკემბრის თვეში. ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე თანამშრომელზე დეკემბრის თვეში 2 და 4-ჯერ პრემიის გაცემის ფაქტებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირების დანიშვნა განხორციელდა 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წლის ბოლოს მათზე პრემიის სახით ზემოაღნიშნული თანხების გაცემა დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთება, თუ რა დამსახურებისთვის გაიცა მათზე პრემია - სათანადოდ ვერ იქნა წარმოდგენილი", - ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება 2014 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 
სამინისტროს აპარატში, 2014 წლის ივლისში ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით პრემიის და იმავე პირებზე დანამატის დარიცხვის ფაქტს, რაც ჯამურად შეადგენდა 10,615 და 10,380 ლარს.
"ამით დაირღვა სამართლებრივი აქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური