ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:49

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზას დაიტანენ: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თ. ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 11:33

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში).
ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკიტხებს, როგორიც არის  ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის  კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც  საფრანგეთის, ისე  საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო  ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში) .
შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული  მხარეები  განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შთანხმების  პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის    საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და  სხვა ტექნიკური საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით.

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 16:49

საქართველოში, ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს სამუშაო სადილზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ქვეყანა ამით ამაყობს.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ამბიციური სახელმწიფოა;

„გასული წლების მანძილზე მიღწეული ყველა წარმატების მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ჩვენ არ მივცემივართ თვითკმაყოფილებას და მიგვაჩნია, რომ წინ კიდევ დიდი გზა გველის - მუდმივი ცვლილებების, აღმასვლისა და ვარდნის, რეფორმების, წარმატებებისა და მარცხის გზა. ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ოკუპაცია, თუმცა ვამაყობთ იმიტომ, რომ ვართ დამოუკიდებლები, შეგვიძლია საკუთარი ბედის განსაზღვრა და სტაბილურად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური სულისკვეთების რეალიზების მიზნით. ჩვენ უკან ვიტოვებთ დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნის გამოწვევებს და მათ ნაცვლად ვიღებთ მაღალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნისას. ჩვენ უკან ვიტოვებთ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს ვიწყებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესია გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 16:00

თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიხსნა. მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონის ტერიტორიაზე 5 ივლისამდე გაგრძელდება. 

 

საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:10

19-24 ივნისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია მიმდინარეობს, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობს. სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომები იმართება, სადაც დელეგაციის წევრები შესაბამის კომიტეტებში, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში იღებენ მონაწილეობას.

სესიის პირველ დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ თავისუფალ დებატებზე, სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში საქართველოში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელოვანი რეფორმების გზაგასაყარზე და ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტი. „ჩვენ უკვე მივიღეთ ათობით შესწორება შესაბამის კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციის და სასჯელის გამკაცრებისთვის ძალადობის ნებისმიერი სახის გამოვლინებასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავრობა არ იქნება ტოლერანტული მსგავსი ტიპის მოძალადეებთან. ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება აბსოლიტურად იდეალური ან დაზღვეული რაიმე სახის ინციდენტებისგან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის დროსაც დაძაბულობა ისედაც მატულობს, მაგრამ მთავარი მიზანი არის გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მივიღოთ ეს გამოწვევები და მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩაივლის ძალიან გამჭირვალე და სრულ შესაბამისობაში დემოკრატიულ პრინციპებთან“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში ეკა ბესელიამ.

20 ივლისს, სტრასბურგში, ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსმარინა კალიურანდის შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ვიზალიბერალიზაციის მოლოდინზე ისაუბრეს. როგორც მედიასთან საუბარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ესტონეთი და მთელი ევროკავშირი მხარს უჭერს უვიზო რეჟიმის მინიჭებას საქართველოსთვის და ამაზე არავითარი ეჭვები არ არსებობს, კითხვაა მხოლოდ როდის. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ესტონეთი გააკეთებს ყველაფერს დღის წესრიგში საკითხის შესანარჩუნებლად. ეს არის ნდობის და მობილურობის საკითხი. ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დაპირებები. საქართველომ, თავიხ მხრივ, რაც საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთა, ახლა ევროკავშირზეა გადაწყვეტილების მიღება“. ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

20 ივლისის ასამბლეის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემანანა კობახიძე „სამხედრო ძალებში თანასწორობის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე წარმოდგენილ“ მოხსენებაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 პროცენტზე მეტს ქალები წარმოადგენენ. მათ შორისაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მომუშავე ქალი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ქართულ რეალობაში თავდაცვის უწყებას ქალი მინისტრი ხელმძღვანელობს. ხოლო, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთა დაახლოებით 45 პროცენტი ქალები არიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:42

ნორვეგიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება იგეგმება. როგორც ასამბლეაზე დამსწრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ მათი ინიციატივით რეზოლუციას დაემატა პუნქტი, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური დევნისა და ოპონენტებზე შურისძიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.რეზოლუციის პროექტს დღეს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. რეზოლუცია სხვა რეზოლუციებთან ერთად პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სხდომას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრება. შეხვედრაზე ნატოსა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 11:05

პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლას მიესალმა პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გაავრცელა „მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის,დემოკრატიული  ღირებულებების ,ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.        

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "ქართული ოცნების" შესწორებები არ გაითვალისწინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:31

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროსაბჭოს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.

რეზოლუციის ტექსტში წინასწარი დაკავების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. რეზოლუციის თანახმად საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება ხდება , მაგალითად საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეებია მოყვანილი.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, თუმცა პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება.

რეზოლუციის მიხედვით წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობაა, რაც სასიკეთო შედეგის მიღების მიზნით საქმის სასამართლოსთვის გადაცემას გულიხმობს. ეს ისეთი სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა, რაც არის მაგალითად კონკრეტულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, ისეთი მოსმაართლის მიერ , რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სხვებთან შედარებით დამთმობი იქნება.

წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად ასევე დასახელებულია პროკურატურის შესაძლებლობა , არ გაითვალისწინოს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადები, და არ მოახდინოს საბრალდებო აქტების შეცვლა ან რეგულირება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს , რაც გულისხმობს პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციას, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან თავის შეკავებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება. ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული

ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის 70- ე სესიის დაწყებამდე სამი საათი რჩება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:00

სამ საათში ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის 70- ე სესიის გენარალური დებატები დაიწყება. ფორუმის მონაწილეებს დღეს ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინი ფრანსუა ოლანდი ასევე ჩინეთის, ბრაზილიის , ირანის და პოლონეთის ლიდერები მიმართავენ. სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ მინისტრიც დაესწრება ხოლო სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი ტრიბუნაზე 1 ოქტომბერს გამოვა . ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს თურქეთის პრემიერ მინისტრთთან ასევე სენტვინსენტის და გრენადინების მთავრობის მეთაურთან გამართავს, ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ბარაკ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ  გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე  და დაესწრება ბარაკ და მიშელ ობამას სახელით დაგეგმილ მიღებას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური