ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 11:02

ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.

„ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და ფაქტობრივად წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს. 
ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 12:22

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

"ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

"ჩემი შვილი სასტიკად ნაწამებია, ნატყვიარი ეტყობა"- ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის შედეგების გაცნობას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მაისი 2018 13:10

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

მათი შეფასებით, საქართველომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე უცნობია.

გიორგი ტატუნაშვილი მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და ეს ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია. 

"ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“- აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„სამხარაულის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ გადასცეს ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და მეც როგორც მისი ოჯახის დამცველმა მედიისგან შევიტყვეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები“- აცხადებს ავალიანი.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური