უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თემურ ბასილიას საქმე სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვისთვის დასაშვებად იქნა ცნობილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 16:00

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიმდინარე წლის 14 თებერვლის განჩინება. შედეგად, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმე გადაიხედება. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას თემურ ბასილიას ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი აკეთებენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილების შედეგად, განჩინება, რომლითაც თემურ ბასილიას უარი ეთქვა საქმის გადახედვაზე, ცალსახად უკანონოდ იქნა მიჩნეული. საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაუქმებული განჩინების დასაბუთებისთვის განმარტავს და აღნიშნავს, რომ „მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2017 წლის 17 იანვრის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ თემურ ბასილიას პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ: თემურ ბასილიას განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დადგინდა ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ამტკიცებს თემურ ბასილიას უდანაშაულობას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება თემურ ბასილიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.  საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს საქმეებზე, როდესაც ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდების მხარე არ უნდა შეიზღუდოს და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელოს კანონით დაკისრებული მოვალეობა, რისი წინა პირობაც არის წარდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა სასამართლოში“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შემდგომ თემურ ბასილიას საქმე არსებითი განხილვისთვის უკვე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 27 იანვარს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი განაცხადა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.  აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომლის განჩინებაც საბოლოოა და არ საჩივრდება.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. საკასაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: პაატა სილაგაძემ (თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძემ და გიორგი შავლიაშვილმა მიიღეს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა სხვადასხვა მოტივებით არ გახანგრძლივდება.  

ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:41

ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

არჩილ კაიკაციშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გატარებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 18:20

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ხელისუფლების მხრიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს  დადებითად  აფასებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ მოახერხა ის, რომ პატიმრები, რისკის ჯგუფების მიხედვით, გადანაწილდა სხვადასხვა დაწესებულებებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გაიზარდა საკნების ფართი, პენიტენციალურ სისტემაში დაინერგა კვების ახალი სტანდარტი - თუ ადრე პატიმრებს ერთი მენიუ ჰქონდათ, ახლა თორმეტიდან  შეუძლიათ არჩევა და სხვა“,–აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, სისტემამ რევოლუციური ცვლილება განიცადა, მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ.

უწყების ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, რომელიც მან  სამი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობა ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური