არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 აგვისტო 2019 18:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 ივლისი 2019 10:58

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019 09:51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ჩეხი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩის თქმით, მის ქვეყანაში საქართველოს მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ჩეხი ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკაც ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 ივნისი 2019 17:22

საქართველოს პარლამენტმა, 94 ხმით, ერთხმად, თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. 

პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გადადგომის შესახებ, ხოლო სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარული კენჭისყრის ჩატარებამდე, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან თბილისში, ბოლო დღეებში, განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს დაშავებული ადამიანების დასახმარებლად.

„ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო. ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები. ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნით. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც, ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში. მე მინდა, ასევე, გამოხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, ვინც დაშავდნენ ამ მოვლენების შედეგად. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, ვინც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქების დროს. გამოვხატო ჩემი პატივისცემა პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის და სახელმწიფო ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მომენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს რომ პროცესები, მათ შორის, ოპოზიცია, სამუშაო რეჟიმში დაბრუნდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში არცერთი რუსი დეპუტატის ადგილი არ იქნება.

„ჩვენ აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი. არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ, ან არც გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს მოვთხოვოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვისაც ეს, ელემენტარულად, არ გააჩნია და მათ თუნდაც, დღევანდელ დღეს ვერ უზრუნველყვეს დებატებში მონაწილეობა, ვერ უზრუნველყვეს ის, რასაც საზოგადოება მათგან ელოდებოდა, როდესაც ირჩევდნენ. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ კი არ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ თითქოს დღეს ვინმე აქ განიხილავს წყლის ან ტყის რესურსების ან სხვა რომელიმე საკითხს. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მონაწილეობა მიეღოთ ამ პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ამ ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც არის მათი დღის წესრიგის ნაწილი. ეს არის დესტრუქცია, ეს არის გაქცევა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და ეს არის იგნორირება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის. სამწუხაროდ, ეს ასეა, მაგრამ არჩევის შემდეგ, მე მაქსიმალურად ვეცდები, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესები და მათ შორის, ოპოზიცია, სრულად, დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და ჩვენ საქმიანი, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ვაკეთოთ პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, არცერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, 20 ივნისს, მმართველი გუნდის რეაქცია მყისიერი იყო და პროვოკაციულ ჟესტთან დაკავშირებით, გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის შტურმისას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ბევრი კითხვა, რომლებსაც პასუხი ოპოზიციურმა ლიდერებმა უნდა გასცენ.

„ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი. პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა მყისიერი, ძალიან პრინციპული შეფასება და ჩვენი გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც ჰქონდა აქ ადგილი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციული სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა, ამის გამო ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ჩვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გუნდის პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა დაკავებული თანამდებობა. ისევე, როგორც ჩვენმა კოლეგამ ზაქარია ქუცნაშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პარლამენტის წევრის მანდატი. ეს მოხდა 24 საათის განმავლობაში. როგორც რეაქციები, ასევე, კონფერენციის შეწყვეტა, ასევე, რუსეთის დეპუტატების მიერ საქართველოს დატოვება და შემდგომში ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განხორციელება მოხდა 24 საათის განმავლობაში. შეაფასეთ, იყო თუ არა ეს დრო გონივრული, შეაფასეთ, არის თუ არა ეს პასუხისმგებლიანი ქცევა ჩვენი მხრიდან. დიახ, არის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებას ვაჩვენეთ მომხდარზე. რაც შეეხება პროტესტს, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია, გარკვეულ მომენტში, ერთი კონკრეტული ჯგუფის, რომელიც გამოკვეთილი იყო იქ და ეს ჩანს მედიის მიერ გაშუქებულ მასალებშიც, შეეცადა ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაეყვანა აგრესიაში. დაიწყო შტურმი პოლიციელების კორდონზე და დაიწყო შტურმი საქართველოს პარლამენტზე. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელებმა, შეასრულეს თავისი მოვალეობა და მათ დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ დაიცვეს საკონსტიტუციო ინსტიტუტი, მათ დაიცვეს მოქალაქეები და სწორედ პოლიციელები, ორი საათის განმავლობაში, თმენის რეჟიმში, უძლებდნენ იმ შტურმს და ფიზიკურ ძალადობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფის დღის წესრიგი, რომელიც ჩანს ამ მედიის მიერ გაშუქებულ მასალებშიც. ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებს უნდა უპასუხონ იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც იყვნენ ამ მოვლენების წინა ხაზზე, ვინც იყვნენ შტურმის დროს იქ, ადგილზე და მათ მოუწევთ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საზოგადოებისთვის. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება - საიდან გაჩნდა ქვიშით სავსე ბოთლები, ქვით სავსე ბოთლები, ვინ აორგანიზებდა ორი საათის განმავლობაში აგრესიულ შეტევას პოლიციის კორდონზე, რომელსაც საპასუხო რეაქცია არ გაუკეთებია ამ ორი საათის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ იცავდნენ პარლამენტის შენობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას. ვინ მოუწოდებდა მათ პარლამენტში შეჭრისკენ, ვინ მოუწოდებდა მასიური არეულობისა და ძალადობისკენ? ამ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს და გარწმუნებთ, რომ გაეცემა კიდეც. მესმის, მინდა, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მივმართო: არ ხართ თქვენ ის ოპოზიცია, ვინც რამეზე პასუხისმგებლობას აიღებ, იმიტომ, რომ ხელისუფლებაშიც როცა იყავით, მაშინაც არ იყავით ის პოლიტიკური ძალა, ვისაც პასუხისმგებლობის აღება შეგეძლოთ და დღეს ოპოზიციაში რომ რამე პასუხისმგებლობას გრძნობდეთ, ამის მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არავის არ გვაქვს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის მმართველი გუნდის მიერ მიღებული სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან, ოპოზიციაში ხელოვნურად შექმნილ ექსკლუზივს კარგავს.

„მინდა, ვისარგებლო ჩემი გამოსვლით და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგას, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მართლაც ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ადამიანს, რომელმაც ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში უხელმძღვანელა ამ ინსტიტუტს და გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად, საქმიანად გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა. მინდა, გამოვეხმაურო ასევე, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. მივიღეთ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ეს არის განსხვავება, ჩვენ პოლიტიკურ ძალასა და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას შორის. ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას ამ ტრიბუნიდან, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ნულოვან ბარიერს პროპორციულ არჩევნებში. ჩვენ, თავის დროზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების შესახებ. იქ, ჩვენ ჩავწერეთ 2024 წელი, მაგრამ ცხოვრება ბევრ რამეს აკორექტირებს, ამიტომ ჩვენ გვესმის საზოგადოების და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავატაროთ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ვისაც არ მოსწონს ეს ინიციატივა და ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ უმცირესობაშია. მათ ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ ისინი ხელოვნურად შექმნილ ექსკლუზივს კარგავენ ოპოზიციაში. ამ არჩევნების დროს არავის აღარ მოუწევს თავისი პოლიტიკური პლატფორმის დათმობა, არავის აღარ მოუწევს, რომ მიეკედლოს სხვა ოპოზიციურ ძალას, არავის აღარ მოუწევს, რომ დათმოს საკუთარი პოლიტიკური პარტია ან ფიქტიურად გაფორმდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფურცელზე. ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ექნება შანსი, რომ შეიყვანოს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას.  მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესმენებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მშობლებს, ახალგაზრდებს და ხანდაზმულ პენსიონერებს - ძვირფასო თანამოქალაქეებო, წესრიგი და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში იქნება განუხრელად დაცული. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი სცენარით რაიმე ცვლილებებს მიაღწიოს ქვეყანაში. ცვლილებები და გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში ხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მომავალშიც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით“, - განაცხადა მან.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტსა და პოლიციის ქმედებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაუშვა არეულობა და პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება.

„მინდა, ასევე, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტთან ერთად, ჩვენი პოლიციელების ქმედებებს. რას ვხედავდით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში? პოლიციელები მოქალაქეებს აწვდიდნენ წყალს, პოლიციელები ითმენდნენ, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ ძალადობას, მათზე მიდიოდა შეტევა, მაგრამ, ბოლომდე პოლიციელები დარჩნენ მოქალაქეების, წესრიგის და უსაფრთხოების სადარაჯოზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა ერთის მხრივ, არეულობა, რომელსაც შეეძლო და მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს და მეორეს მხრივ, არ დაუშვა ის, რომ ქვეყანაში პროცესები ძალადობრივი სცენარით განვითარებულიყო.
სამწუხაროდ ამაში ფასი, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ისევ ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა და პოლიციელებმაც, მათ შორის, გადაიხადეს რომლებიც დაშავდნენ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ არავისზე არ ვაპირებთ ამ პასუხისმგებლობის გადაცემას და არავის არ ვთხოვთ ჩვენს ნაცვლად პასუხისმგებლობას. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გავაკეთეთ რეაგირება, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ რეაგირების ფარგლებში პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმაც, ვინც ამ არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ და მე ამაში მაქვს თითოეული პარლამენტარის მხარდაჭერის იმედი. რეალურად, იყო შეტევა პოლიციელებზე და ის რაც მოხდა შემდეგ, იყო პასუხი ამ ორსაათიან ძალადობრივ შეტევაზე, რომელიც კონკრეტულმა ერთმა ჯგუფმა, მაღალი ალბათობით, დააორგანიზა“, - განაცხადა დეპუტატმა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მსხვერპლი არ გახდება და მშვიდობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების კონსოლიდაციას გააგრძელებს. მისი განცხადებით, პარლამენტის დღის წესრიგი იქნება სვლა უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისკენ.

„საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მსხვერპლი. ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. საქართველო გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ნატო-ში გაწევრიანების გეგმით მოძრაობას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, დემოკრატიის და უსაფრთხოების კონსოლიდაციას. რამდენიც არ უნდა ეცადონ უპასუხისმგებლო ძალები, რომ ამას რამე საფრთხე დაემუქროს, ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას. ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე. მივიღებთ კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ. დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხებათ ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ. ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შედეგები განვახორციელოთ. მაქვს თქვენგანაც იგივე მოლოდინი და დასასრულ, მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, გურიას და გურულებს, რომელთა მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის და მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.

რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 00:06

რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს.

არჩილ თალაკვაძე - უვიზო რეჟიმის პირობების დაცვა ჩვენი ხელისუფლების და ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მონიტორინგის ქვეშ არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ივლისი 2017 14:18

სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დარღვევის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან დიდი ნდობაა.

„უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ თითოეული მოქალაქე, რომელიც საქართველოდან შენგენის ზონაში მიემგზავრება, დღეს არის კიდევ უფრო მეტად საკუთარი ქვეყნის წამომადგენელი, ელჩი, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას და ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობის პროცესს. რა თქმა უნდა, სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან. 
პერიოდულად, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს საზღვრის მართვის მიმართულებით. ასევე, გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რომ მიგრაციის პოლიტიკა მომავალში იყოს ისეთივე წესრიგში და სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორც დღესაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მიგრაციის თანამედროვე, ახალი სამსახური, ახალი კანონმდებლობა, ახალი ტექნოლოგიები, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა და ასევე, მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის შესაბამის ორგანოებაში. 

კითხვაზე, არის თუ არა საგანგაშო აღნიშნული სტატისტიკა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ეს სტატისტიკა უბრალოდ სტატისტიკაა, რომელიც პერიოდულად გახდება განხილვის საგანი და თუკი რაიმე დამატებითი ქმედებები იქნება საქართველოს მხრიდან საჭირო, ამის შესახებ ევროპელი კოლეგები გვეტყვიან“. 

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.

"თანხები, რომელიც ახვლედიანის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია"

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 12:50

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

„დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

„იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ და ინიცირებულ საწარმოებში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:49

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„სასიამოვნოა, როცა ეკონომიკის მინისტრს ან მის მოადგილეს უკავშირდები და მათგან ოზურგეთში ათეულობით წარმატებული პროექტის  შესახებ იღებ ინფორმაციას. თქვენი წარმატების მაგალითები არის ჩვენთვის ძალა შემდგომი სწრაფი განვითარების და ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად.

ოპოზიციის რიტორიკული შეკითხვა „სად არის თქვენს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები და მხარდაჭერილი საწარმოები?“ თავიდანვე უსამართლოა. უსამართლოა იმიტომ, რომ ეს შეკითხვა უგულებელყოფს თქვენს შრომას, თქვენს მიღწევებს და თქვენს მიერ შექმნილ დოვლათს“ - მიმართა მეწარმეებს არჩილ თალაკვაძემ.   

ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე - მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:59

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური და ბაილეთი) მოსახლეობას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

„ მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ეკონომიკურად სტაბილურ და მშვიდ სახელმწიფოს, რომელიც თქვენს ოჯახებს მისცემს ეკონომიკური წინსვლის საშუალებას. ახალი ინფრასტრუქტურა სოფლებში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი სოფლის მეურნეობა - ეს არის ჩვენი გეგმები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“-  განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუდმივ ურთიერთობას შეინარჩუნებს სოფელთან, რათა პროგრამა, რომელიც აქვს  ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდს, დროულად შესრულდეს და შედეგი ყველა ოჯახმა დაინახოს.

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან“ - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 12:33

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე პროფესიული კოლეჯის პედაგოგებს  შეხვდა.

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება, მეტი ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში - ეს ის საკითხებია, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა.

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან. შრომითი ბაზრის დინამიკას და მოთხოვნებს ყველაზე სწრაფად სწორედ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. ჩვენ ვგეგმავთ დუალური მოდელის დანერგვას, რომელიც პროფესიული პროგრამების სტუდენტებს დასაქმების ბევრად მეტ შესაძლებლობას მისცემს“ - განაცხადა თალაკვაძემ.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური