უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, - ანა გომესი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 16:40

ევროპული სადამკვირვებლო მისიები საარჩევნო პროცესის შესახებ  განცხადებებს აკეთებენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ანა გომესის თქმით, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება:

"უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. დღევანდელი მთავრობა ხვალ შეიძლება ოპოზიცია იყოს და პირიქით, დღევანდელი ოპოზიცია მთავრობაში მოვიდეს,“- განაცხადა ანა გომესმა.

 

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 15:42

“ჩვენ არ გვქონია ილუზია, როგორ პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტური. მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში, იმიტომ რომ არ ვაპირებდით გვეჩუქნა 45 ადგილი “ქართული ოცნებისათვის”, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალური ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ბრძოლა არ დამთავრებულა და ამით ყველაფერი იწყება. 

"მომავალ წლებში, როდესაც საზოგადოება იგრძნობს ერთპიროვნული ძალის შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მართლები მორალურად, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი რომ ჩვენ ამ არჩევნებში ავიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გვიქმნის მომავალის საქმიანობის მნიშვნელოვან საფუძველს. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, მრავალპარტიული საქართველოსათვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსაც. რაც არ კლავს, გაძლიერებს. ამ არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა. დროა გაძლიერების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, - გიორგი კვირიკშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 15:14

"ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, განვითარებისკენ და დემოკრატიისკენ. ყველა შეფასებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული, "- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნები.

გიორგი კვირიკშვილმა საზოგადოებას გაკეთებული არჩევანისთვის მადლობა გადაუხადა:

"მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ, ეს პირადად ჩემთვის და "ქართული ოცნებისთვის," ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მე მჯერა რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ,' - განაცხადა გიორგი კვირიკშვილმა.

 

საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 13:59

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი; თქვენი მოღვაწეობის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა და გათვალისწინება, ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის.

მინდა მადლობა ვუთხრა მედიას; თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა, აქედან გამომდინარე, გააკეთა თავისი არჩევანი.

მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“,  რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში.

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს  საზოგადოების დაკვეთა იყო. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წარმატებას,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მეორე ტური ტოტალური გაყალბებით ჩატარდა , - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 13:48

გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი - ტოტალური გაყალბებით, - ასე გამოეხმაურა არცევნების მეორე ტურს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენ აქტივისტს და იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე, თუ როგორ "წავაგეთ" არჩევნები, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ, ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას.

მე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე 2012 წელს, გადავაბარე ადამიანს, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო , რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს. და მაინც გადავაბარე, იმიტომ რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. ივანიშვილს მაინც მოუხდება წასვლა, რადგან, ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი და საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგების გზით.

2003 წელს, ჩვენ ვემზადებოდით ხელისუფლების მიერ მასობრივი გაყალბებისთვის და ამიტომ შევძელით მობილიზება, ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ - დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

საიამ ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზული არჩევანის 80-მდე შემთხვევა დააფიქსირა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 13:03

"იმ უბნებზე, სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი და ასეთი იყო 300-მდე უბანი, ჩვენ დავაფიქსირეთ 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთებით, რომელიც გამოიხატებოდა ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზულ არჩევანში. ასევე 40-მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის,“ - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია,- ზაზა ხუციშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 12:23

"მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა და მეორე ტურში იაქტიურა, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა. ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია,"- აღნიშნული განცხადება ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზაზა ხუციშვილის თქმით, მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება მოსალოდნელი იყო:

"თბილისში მხოლოდ ოთხმა მოახერხა პირველ ტურში გამარჯვება, დანარჩენ ოლქებში საკმაოდ სერიოზული კონკურენცია იყო, თუმცა პროგნოზირებადი იყო მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 12:21

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.  

"სამართლიანი არჩევნები" ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 11:22

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, საუბრობს: 

 ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები:
 
 ბიულეტენების ნაკლებობა ხელმოწერების რაოდენობაზე:
 
 #60 მაჟორიტარული ოლქის #3 უბანზე (ჩოხატაური) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 148-ით აღემატება ბიულეტენების რაოდენობას.
 
ბიულეტენების მეტობა ხელმოწერებზე: 
 
 #36 მაჟორიტარული ოლქის #68 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
 #65 მაჟორიტარული ოლქის #22 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
 #23 მაჟორიტარული ოლქის #37 საარჩევნო უბანზე (საგარეჯო) რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენები ორით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.
 
შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება: 
 
 #68 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და აღნიშნულს თან არ ახლავს შესწორების ოქმი.
 #39 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (კასპი) შემაჯამებელ ოქმში არაა მითითებული ბათილი ბიულეტენები.
 
ბიულეტენების არ დამოწმება:
 
 #44 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) 12 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, მათ შორის, ერთს არ ჰქონდა ასევე რეგისტრატორის ბეჭედი. აღნიშნული ბიულეტენებიდან 11 იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო ერთი „ქართული ოცნების“;
 #49 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ  9 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ბიულეტენების ბათილობის საფუძველია. აღნიშნულ 9-დან არჩევანი 6 ბიულეტენში „ქართული ოცნების“, ხოლო 3 შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო გაკეთებული.
 
ბიულეტენების ფარულობის დარღვევა
 
 #66 მაჟორიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ,  35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული.
 
„სამართლიანი არჩევნებს“ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაყენებული აქვს აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათლობის საკითხი.
 
მასალის დალუქვის წესის დარღვევა:
 
 #7 მაჟორიტარული ოლქის #29 საარჩევნო უბანზე (კრწანისი) არ მოხდა კომისიის ბეჭდის დალუქვა.
 #7 მაჟორიტარული ოლქის #7 და #9 საარჩევნო უბნებზე (კრწანისი) არ მოხდა ჩანაწერთა წიგნის დალუქვა. 
 #7 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნანზე (კრწანისი) გაფუჭებული ბიულეტენები არ იყო დალუქული დადგენილი წესით.
 
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:
 
 #23 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნიდან (საგარეჯო) საარჩევნო ოლქში არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალი.
 
საკონტროლო ფურცლების შეუსაბამობა:
 
 #72 მაჟორიტარული ოლქის #3 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) ძირითადი ყუთის საკონტროლო ფურცელი არ შეესაბამება თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს. 
 
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 61 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 37 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 55 საჩივარი.   
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 700-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის იყო 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 43 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 40 მობილური ჯგუფი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანს უწევდნენ მონიტორინგს ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. 24 საათის განმავლობაში, ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობდა.

მეორე ტურებში 95 საჩივარი დაიწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 10:52

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში ამ დროის მონაცემებით, 195 საჩივარი დაიწერა, - ამის შესახებ დღეს ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა: 

„ამ დროის მონაცამებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი. რა თქმა უნდა საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ - პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნების ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური