12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:26

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, - არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

ცესკო არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 14:14

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

 

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

8:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

21 ოქტომბერი უქმე დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 21:59

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

 

დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 15:09

2017 წლის 2-4 სექტემბრის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი. 46 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.

მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს.

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.

დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.

აღსანიშნავია, რომ ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 - ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.

ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ

2017 წლის 2-4 სექტემბერის პერიოდში 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შესახებ სხდომები, რომელზეც 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო სარჩევნო კომისიის 21 758 წევრი1. 46 ადგილი დარჩა ვაკანტური2, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო სააარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.

კონკურსში მონაწილე 28 667 კანდიდატიდან 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის ხმათა ქვორუმები და შედეგების სტატისტიკა:

 

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების რაოდენობა

 

არჩეული უბნის წევრების რაოდენობა

13 ხმით

955 წევრი

12 ხმით

1,304 წევრი

11 ხმით

3,454 წევრი

10 ხმით

6,040 წევრი

9 ხმით

6,225 წევრი

8 ხმით

3,657 წევრი

7 ხმით

123 წევრი

  

7-ზე ნაკლები ხმა მიიღო 6 732-მა კონკურსანტმა.

არჩეული 21 758 წევრიდან, 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ, 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის  მხოლოდ 0.56%-ია.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს, რომლებზეც მოხდა კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა. კონკრეტულად სხდომებს არ ესწრებოდნენ:

 

 

პ/გ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

9 წევრი

პ/გ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"

6 წევრი

პ/გ "ევროპული საქართველო"

6 წევრი

პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

5 წევრი

პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

3 წევრი

პ/გ"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

2 წევრი

პ/გ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"

1 წევრი

 

 

 
   
1  კონკურსის 157 მონაწილე გამოეთიშა კონკურსს, ძირითადად საკუთარი განცხადების საფუძველზე




2 ვაკანტური ადგილები დარჩა რიგ შემთხვევებში არასაკმარისი ხმების მიღების გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში დაბალი კონკურსის, ანუ კონკურსში მონაწილე საკმარისი კანდიდატების არარსებობის გამო.

 

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 2-4 სექტემბრის პერიოდში სულ გამართულ 73 სხდომას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ესწრებოდა 5 ადგილობრივი არასამთავრობო და ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია:

 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”

55 სხდომა (75.34%)

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”

15 სხდომა (20.55%)

“საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო"

8 სხდომა (10.96%)

“საზოგადოებრივი დამცველი”

2 სხდომა (2.74%)

“დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი”

1 სხდომა (1.37%)

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI)

2 სხდომა (2.74%)

 ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა სხდომებზე დასწრების მაჩვენებლები შემდეგია:

- 2 სექტემბერს საუბნო სარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ჩატარდა 21 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებსაც ესწრებოდნენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” - 16 საოლქო საარჩევნო კომისიაში და “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო"- 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 - 3 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო  საარჩევნო  კომისიის სხდომები ჩატარდა 34 საოლქო საარჩევნო კომისიაში; სხდომებს, 26 საოლქო საარჩევნო კომისიაში ესწრებოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები; “საერთო- სამოქალაქო    მოძრაობა    მრავალეროვანი    საქართველოს"    წარმომადგენლები         -     4-ში,

„ახალგაზრდა    იურისტთა     ასოციაციის“    -    10-ში    და    „საზოგადოებრივი    დამცველი“

- 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 - 4 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო  საარჩევნო  კომისიის სხდომები ჩატარდა 18 საოლქო საარჩევნო კომისიაში; სხდომებს, 13 საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები 2-ში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები - 5-ში, „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ - ერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) – 2-ში.

2017 წელს არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული 17 819 პირს (არჩეული/დანიშნული), რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე პირების (წინა წლებში ოლქის მიერ კონკურსის წესით არჩეული პირები, რომლებიც არ დაუნიშნავთ პარტიებს)  სტატისტიკა საარჩევნო წლების მიხედვით შემდეგია:

-     2012 წელი -  3,583 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

-     2013 წელი – 4,906 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

-     2014 წელი – 5,880 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

-     2016 წელი – 13,157 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

 უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე პირების სტატისტიკა საარჩევნო წლების მიხედვით შემდეგია:

- 2012 წელი – საუბნო საარჩევნო კომისიის 2460 წევრი (საქართველოს კონსერვატიული პარტია - 460, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 454, ევროპელი დემოკრატები - 371, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 361, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 299, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია 277, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 238 ).

- 2013 წელი – საუბნო საარჩევნო კომისიის 3026 წევრი (ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 708, კონსერვატიული პარტია - 468, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 449, პარტია ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები - 444, პარტია პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი - 434, რესპუბლიკური პარტია - 395, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 128).

- 2014 წელი –საუბნო საარჩევნო კომისიის 3546 წევრი (პარტია ქართული  ოცნება  დემოკრატიული საქართველო - 847, კონსერვატიული პარტია - 567, პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატები - 556, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 530, პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი - 487, რესპუბლიკური პარტია - 448, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 111).

- 2016 წელი –საუბნო საარჩევნო კომისიის 2567 წევრი (პარტია ქართული  ოცნება  დემოკრატიული საქართველო - 820, კონსერვატიული პარტია - 603, რესპუბლიკური პარტია - 374, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 318, პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატები - 252, , პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 165, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 35).

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, ხოლო 193 „საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდა.

გარდა ზემოხსენებული 17 819 წევრისა, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეული 3 939 პირიდან უმრავლესობას გამოცდილება მიღებული აქვს 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად/წარმომადგენელად და ასევე, დამატებით მონაწილეობდა ბოლო წლებში ჩატარებულ საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში; მათ შორის მაგალითად: „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობდა - 384 პირი და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ მონაწილე იყო 57 ახალგაზრდა.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

"მრავალეროვანი საქართველო" დმანისის მუნიციპალიტეტში უხეშ კანონდარღვევას აფიქსირებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 14:46

მრავალეროვანი საქართველო აპროსტესტებს დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს.
დღეს  მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპი_ების ხელმძღვანელებს და ითხოვს ააიპი_ების თანამშრომლებისგან (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მხარდამჭერთა სიაში.

ასევე მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული. ჩვენს შეშფოტებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუ დაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისაგან მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო.

შეგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაც გარკვეულ ეჭვს ჰბადებს, რომ მსგავსი ქმედებები იძენს ტენდენციურ ხასიათს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება. ასევე მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე- ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 27 აგვისტო 2017 15:12

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ  ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ, არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე .  73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%) საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში - ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში - სამი და მეტი კანდიდატი.

კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა - 39 (53%) ქალი და 34 (47%) კაცი.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს -  ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.

მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროში გამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელე (იხილეთ პარტიების ჩამონათვალი[1]). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრს ასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა),  ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული  პარტიები ნიშნავენ.   შესაბამისად, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერ არჩეული, ხოლო 511 (54%)  პარტიების მიერ დანიშნული წევრია.

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 10:58

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 
როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. 
ეგნატაშვილის თქმით, თსუ-ს მე-6 კორპუსში, სადაც ამჟამად „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები არიან და აქციას მართავენ, არც ერთი საარჩევნო უბანი განთავსებული არ არის, ასე რომ მათი პროტესტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის. 

სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი. 

არჩენებზე იყო ძალადობა, დაშინება, - NDI-ის საბოლოო ანგარიში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:05

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოაქვეყნა  NDI-ს კვლევის  თანახმად, საქართველოში 2016 წლის არჩევნებზე რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა, თუმცა ძალადობა მასშტაბური არ ყოფილა.

 NDI-ს რეკომენდაციით, კანონის დამრღვევი პირები დროულად უნდა დაისაჯონ.

“ეს არჩევნები ასახავდა ხალხის ნებას, თუმცა იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის ძალადობა, დაშინება, პრობლემები საარჩევნო კომიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ ასრულებდნენ სათანადოდ თავის პასუხისმგებლობას და იყო ბევრი შეცდომა,” - განაცხადა  NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნორმა.  

ყველაფერმა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე ჩაიარა, არჩევნები შედგა, - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 10:57

"რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსცესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ ყველაფერმა გამჭვირვალედ ჩაიარა , ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა,“ -  აღნისნული განაცხადა დავით სერგეენკომ NDI-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშტან დაკავსირებით გააკეთა.

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 11:22

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები მონაწილეობენ.

არსებული ინფორმაციით,   კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ეხება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური