ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 22:31

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ - 15, ხოლო მამუკა კვარაცხელიამ - 0.
„ძალიან ვნერვიულობ... ემოციური წუთებია... ალბათ, დაახლოებით იგივეს ვგრძნობდი, როცა პირველად მივედი ფეხბურთზე, როდესაც თქვენ, ბატონო საშა ეროვნულ გუნდში მიმიწვიეთ და პირველად ვითამაშე ნაკრებში... მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კონკურენტების - რევაზ არველაძის, მამუკა კვარაცხელიასი... ეს მხოლოდ ჩემი ან ჩემი გუნდის გამარჯვება არაა, პირდაპირ ვიტყვი - ეს ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა! ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე იქნება ათვლის ის წერტილი, რომლითაც ჩვენი ფეხბურთი წინსვლას დაიწყებს", - ასეთი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, რიგით მეექვსე პრეზიდენტის პირველი კომენტარი.
სფფ-ს რიგით XXIV საარჩევნო ყრილობას სასტუმრო „ჰოლიდეი ინმა" უმასპინძლა. დელეგატთა რეგისტრაცია დილის 10 საათზე დაიწყო, უშუალოდ არჩევნები კი საათით გვიან, 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ყრილობა 8 საათის დაგვიანებით, 19 საათზე დაიწყო. ამის მიზეზი არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი დელეგატის, ინვალიდ-ამპუტანტთა ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლის გერმანე (გეგა) გობეჯიშვილის გუშინდელი დაკავება გახლდათ.
პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რევაზ არველაძემ და არჩევნებში მონაწილე კიდევ რამდენიმე დელეგატმა სახელდახელო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სანამ სიტუაციას ნათელი არ მოეფინებოდა და გერმანე გობეჯიშვილი არჩევნებზე არ გამოცხადდებოდა, ისინი ყრილობის მუშაობაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებდნენ. იმ დროისთვის 35 დელეგატიდან 18 იყო რეგისტრირებული.
სიტუაციის დარეგულირებას სპეციალურად სადღეისოდ საქართველოში ჩამოსული უეფას წარმომადგენლები ცდილობდნენ, მათ შორის უეფას ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრიგორი სურკისი. მისი ძალისხმევით, დაძაბულობა განიმუხტა და რამდენიმესაათიანი დაგვიანების შემდეგ ყრილობაც დაიწყო.
უშუალოდ ყრილობაზევე, ბატონი სურკისის რეკომენდაციით, კენჭი უყარეს კიდევ ერთ, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების საკითხს. ამ ორი რეგიონული ფედერაციის დელეგატები, შესაბამისად კახაბერ ებრალიძე და გია შარაბიძე, საარჩევნო ყრილობის დელეგატთა წინასწარ, 35-კაციან სიაში იყვნენ, თუმცა კენჭისყრის შემდეგ მათ ხმის უფლება ჩამოერთვათ.
პრეზიდენტობის კანდიდატთა 15-წუთიანი მოხსენებების შემდეგ, ხმის მიცემის პროცერდურა დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 33-დან 18 ხმა მიიღო. რევაზ არველაძეს 15-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არავინ.
ნოდარ ახალკაცის, მერაბ ჟორდანიას, ნოდარ ახალკაცი უმცროსის, გიორგი ნემსაძის და დომენტი სიჭინავას შემდეგ ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეექვსე პრეზიდენტია. შეგახსენებთ: ლევან კობიაშვილი წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ გუნდში და ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისურა 100-ჯერ მოირგო.
XXIV საარჩევნო ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ დასასრულს დელეგატებს შეახსენა, რომ წლის ბოლომდე გაიმართება კიდევ ერთი ყრილობა, სადაც არაერთი საკითხი განიხილება, იმავდროულად კი სფფ-ს ახალი აღმასრულებელი კომიტეტიც დამტკიცდება.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინთან" სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 14:47

სასტუმრო „ჰოლიდეი ინთან“ მცირე დაპირისპირება მოხდა რეზი არველაძის ძმას შოთა არველაძესა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის. შოთა არველაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და ჰკითხა თუ ვის დავალებებს ასრულებენ ისინი. „ნიუსდეის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, არველაძემ ასევე ჟურნალისტებს მიმართა "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!"

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი პასუხად უთხრა არველაძეს, რომ „"როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".

აქციაზე ინციდენტი ამოწურულია. 

ხეჩიკაშვილი, კალაძე და დემეტრაძე „ჰოლიდეი ინში“ იმყოფებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 13:45

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ იმყოფებიან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და ამ წუთებში სასტუმროში მივიდა ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი  დემეტრაძეც.

ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატები ერთ-ერთ ოთახში არიან შეკრებილი, ხოლო კობიაშვილის მხარდამჭერი დელეგატები სასტუმროს ფოიესა და ყრილობის დარბაზში იმყოფებიან. მათთან ერთად არის კალაძეც, ხეჩიკაშვილიც და გიორგი დემეტრაძეც.

„ნიუსდეის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მან რეზი არველაძეს დელეგატების გამოშვებისკენ მოუწდა.

ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ 18 დელეგატს აქვს გავლილი. 

რეზი არველაძე: „გობეჯიშვილს ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეს“

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 13:15

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეზი არველაძე სასამართლოს მოუწოდებს, ხმის მიცემის საშუალება მიეცეს გაგი გობეჯიშვილს.

არველაძის განცხადებით, ამ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს და  დღევანდელი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება.

გაგი გობეჯიშვილი გუშინ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დააკავეს. გობეჯიშვილის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, გეგა გობეჯიშვილი სრულიად უსაფუძვლოდ ჰყავთ დაკავებული და მისი გამოშვება გუშინვე შეიძლებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, გობეჯიშვილი პირველი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდება 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ადვოკატის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება არც თავად ადვოკატი და აპირებენ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ.  

ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 12:11

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი არიან შეკრებილები. ისინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის რეზი არველაძის წინააღმდეგ მართავენ აქციას. აქციაზე საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც იმყოფებიან.

„ჩვენ კობიაშვილის მხარდამჭერები ვართ და აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ „კობის“ მხარი დავუჭიროთ. დელეგატებმა უნდა გაიგონ, რომ ხალხის არჩევანი კობიაშვილია,“ - განუცხადა აქციის ერთ-ერთა მონაწილემ „ნიუსდეის“ კორესპონდენტს.

აქციის მონაწილეებს პლაკატებიც აქვთ სხვადასხვა წარწერით: „კობი პრეზიდენტად“, „ეს ჩვენი ბრძოლაა“,  "კობი, დავიბრუნოთ ფეხბურთი", "არა არველაძეს".

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის აქციაზე რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ქონია. 

ნინო ბურჯანაძე: მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერსებს!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:15

„ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ შეცვლა საარჩევნო სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ ეს გახლდათ. „ქართულ ოცნებას“ მოეწონა მისი წინამორბედის მიერ შექმნილი, ხელისუფლებისთვის მორგებული სისტემა და წარმატებით აგრძელებს ამ სისტემის სათავისოდ გამოყენებას განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, საზოგადოება გამოიტანს შესაბამის დასკვნას და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდება იმაში, რომ არ უნდა ველოდოთ ქვეყანაში მესიის გამოჩენას.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე ჩამოკიდებული, რომ ერთი ადამიანი მოვა და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს, არ უნდა მივცეთ ყველა ბერკეტი ხელში ერთ ადამიანს, იმიტომ რომ, ფაქტია, ამით ჩვენ გავანადგურეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. ეს ერთი ადამიანი წავიდა და კიდევ ჭკუას გვარიგებს და გვასწავლის, რომ თურმე მოსახლეობამ თავისი ხარჯების განკარგვისათვის პირადი ბანკირი უნდა დაიქირავოს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ის და მისი თანაგუნდელები, დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ის გუნდი, რომელსაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით აქვს არამარტო სწორი ხედვა, არამედ გამოცდილება, ცოდნა, უნარი და გამბედაობა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება ერთი საელჩოს მონა და იზრუნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში - „პრო“ პოლიტიკური ძალები.

„მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერსებს და რომელსაც არ ეშინია თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების იმისათვის, რომ ქვეყანა დარჩეს სუვერენული,დამოუკიდებელი და მთლიანი სახელმწიფო“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

საარჩევნო სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლა, მმართველი კოალიციის დაშლას გამოიწვევს-უსუფაშვილის შეფასება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 17:49

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციას დაშლის. 
ჟურნალისტების შეხვედრისას დასმულ კითხვაზე, რატომ თანხმდება მმართველი უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხოლოდ 2016 წლის შემდგომი და არა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, უსუფაშვილმა სწორედ კოლიციის დაშლაზე გაამახვილა ყურადღება. 
"დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას – გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს შეეცდები იმის გაკეთებას, ვერც იმას მიიღებ და სხვა რამეც შეიძლება გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! და თუ სწორი გამოსავლი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, გადაიდება მაზეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
მისივე თქმით, არ არსებობს კოალიციური დოკუმენტი, სადაც კოალიციის მხრიდან დაფიქსირებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა, რადგან, როგორც უსუფაშვილი განმარტავს, კოალიციაში შემავალ პარტნიორებს შორის მაშინაც იყო აზრთა სხვადასხვაობა.
"საარჩევნო ცვლილებების ვერსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის სწორედ ის, რამაც პროპორციულ არჩევნემდე უნდა მიგვიყვანოს და, რასაც პირადად მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ 1989 წლიდან, როცა პარლამენტის შენობაში მოსვლა პირველად მომიწია და ველაპარაკებოდი მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარებულიყო არჩევნები. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება", - ამბობს დავით უსუფაშვილი. 
გარდა ამისა, უსუფაშვილის მტკიცებით, ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამოდის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება მაჟორიტარული ოლქების გამოთანაბრებასა და მაჟორიტარი დეპუტატების ხმათა 50%-ით არჩევის ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. უსუფაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ცვლილებებზე 25 წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება არ წავიდა. 
"როცა ოპონენტები მეუბნებიან, რომ მაჟორიტარული სისტემა ზოგადად უსამართლო სისტემაა, მე მაქვს კითხვა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ის, რომ მაჟორიტული სისტემა უსამართლო სისტემაა, ამის მთქმელმა ადამიანმა იქნება რაიმე არგუმენტი მოგვიყვანოს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 15:11

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში ოლქის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს.

პირველ ადგილზე, პარტია ერთად დამოუკიდებლობაა, რომელმაც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 135-დან 66 მანდატი მოიპოვა. 10 ადგილს იკავებს მემარცხენეების პოლიტიკური გაერთიანება - ეროვნული ერთობის კანდიდატურაც. ეს პარტიაც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას უჭრს მხარს.

რეგიონის პრემიერმა ბარსელონაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მათ საშუალებას აძლევს წელიწადნახევარში კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადონ.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბარსელონაში და კატალონიის სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებსა და მოედნებზე გამოვიდა და მათ ზეიმით აღნიშნეს გამარჯვება.

ესპანეთის ოლქის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია. არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის მოსახლეობის 76-მა პროცენტმა მიიღო.

სოფელ იორმუღალოში ადგილობრივები საგარეჯოს შუალედური არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 18:16

სოფელ იორმუღალოში ადგილობრივი მწყემსები საძოვრების პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. თუ ხელისუფლება მეცხვარეების მოთხოვნებით არ დაინტერესდება, ადგილობრივები საგარეჯოს შუალედური არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავენ.

მწყემსების განმარტებით, ისინი მილიონზე მეტ სულ ცხოველს პატრონობენ, სოფლის საძოვრები კი ხელისფულებამ გაასხვისა და შორეულ მინდვრებამდე გადასვლისას პრივატიზებული მიწების გადაკვეთა მაინც უწევთ, რაც ახალ მესაკუთრეებთან დაპირისპირებას იწვევს. საქმე ხშირად სასამართლო გარჩევებამდე მიდის.

სოფელ იორმუღალოში დღეს კახა კუკავა ჩავიდა და მწყემსებს სამართლებრივ დახმარებას დაპირდა.

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი სოფლის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში დაიცავს.

„ქართული ოცნების“ რიგებიდან კიდევ ერთი წევრი გადადის „თავისუფალ დემოკრატებში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 13:51

,,თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს ,,ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერები უერთდებიან. სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ხვიჩა ჟიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. ჟიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. ჟიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში იკავებდა მაღალ თანამდებობებს - 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს- სსახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი. ასევე, იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა ქალაქ სენაკის მაჟორიტარულ არჩევნებში და გახდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური