„კოალიცია 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 15:37

„ კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს“,- აღნიშნული განცხადება  „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
ძიძიგურის განცხადებით, ივანიშვილმა უკვე გამოთქვა მზაობა, რომ 2016 წლის არჩევნების პროცესში აქტიურად ჩაერთოს. არჩევნებისთვის ემზადებიან კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც, ძიძიგურის თქმით, „კონსერვატორები“ საკუთარ თავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ კოალიციაში მოიაზრებენ.
„კონსერვატორები“ ჩვენს თავს კოალიციაში ვხედავთ მომავალშიც. ჩვენ სხვაგვარად არ წარმოგვიდგენია და ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა 2016 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს არჩევნებისას აქტიური იქნება, მისი არჩევნებში ჩართვა კი იმას არ ნიშნავს, რომ ის რიგითად ჩაერთვება, ბიძინას აქტიურად ჩართვა გულისხმობს იმ კონფიგურაციას, რა კონფიგურაციითაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. კოალიციაში ლიდერის ადგილი ეს ბიძინა ივანიშვილის ადგილია. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. საკმაოდ რთული წელი გველოდება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა ჩვენ მიერ გაკეთებული ყველა საქმე მივიტანოთ ამომრჩევლამდე და დავანახოთ უფრო კარგად. „კონსერვატიული პარტია“ აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი სადეპუტატო კორპუსი შევთავაზოთ საზოგადოებას. გადაწყვეტილი გვაქვს, დეკემბერში, როდესაც საქართველოში ევროპელი კონსერვატორების დელეგაცია გვეყოლება სტუმრად, მათი მონაწილეობით ყრილობა ჩავატაროთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

იან კელი-საარჩევნო გარემოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 12:15

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 
იან კელის თქმით, პარლამენტის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა და საჭიროდ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა. 
"ამ შეხვედრას ორი მიზეზი აქვს - პირველი მიზეზია ის, რომ მინდა შევხვდე ამ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის აქტორებს, რომლებიც საქმიანობენ ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრები და ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია შევხვდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს არის ძირითადი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ მსურს ინფორმაციის მიღება, ვინაიდან კვლავ შესწავლის რეჟიმში ვარ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ", -განაცხადა იან კელიმ. 
მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ინფორმაციას მიიღებს ასევე საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებაც. 
"თქვენი საარჩევნო სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მან ჯანმრთელი და დინამიური დემოკრატიული საზოგადოება განამტკიცოს და მოახდინოს დასავლურ საზოგადოებაში ინეგრაცია", -განაცხადა იან კელიმ. 

გიგა ბოკერიას განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 15:21

"მთელი ეს საარჩევნო პერიოდი და არჩევნები საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულების თვალსაზრისით," - შეფასება ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ იოჰანეს ჰანმა ინფორმაცია მოისმინა ოპოზიციური პარტიებისგან.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ივანიშვილის მთავრობას არ გადავადგმევინოთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მომავალს ქვეყნის შიგნით და გარეთ საფრთხის წინაშე დააყენებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 12:51

არასაპარლამენტო და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ დღეს  ჟურნალისტებს ახალი ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ახალი მემარჯვენეების წევრი კაციტაძე აცხადებს, რომ არსებობს ორი მოდელი თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები 2016 წელს, რათა „ხელისუფლებამ მანდატების მიტაცება ვერ შეძლოს.

„ორი ახალი წინადადებაა. ერთი გერმანული მოდელია, რჩება თანაბარ ოლქებში ერთმანდატიანი მაჟორიტარი, ოღონდ მანდატები ნაწილდება მიღებული პროპორციული ხმების შესაბამისად. ასეთ პირობებში ხელისუფლებას მანდატების მიტაცების საშუალება აღარ აქვს.

მეორე ოლქი კეთდება მრავალმანდატიანი. მაგალითად კახეთს 6 მანდატი აქვს. კენჭი ეყრებათ ადამიანებს და პირველ 6 ადგილზე გასული ადამიანი იღებს მანდატს. მოქალაქეებს ეყოლებათ 6 მაჟორიტარი,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საარჩევო კანონდებლობას არ შეცვის ოპოზიცია გაერთიანდება.

„ერთი ნაწილი შიმშილობს, მეორე საპარლამენტო ბოიკოტშია, მესამე არჩევნების ბოიკოტშია, მეოთხე ნაწილი აქციებისთვის ემზადება. ბოლოს ყველა გაერთიანდება,“- აცხადებს კაციტაძე.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაც. 

"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 16:26

"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს. შემუშავებული პროექტის თანახმად, საუბარი საარჩევნო სისტემაში  2-საფეხურიან ცვლილებებს ეხება, რომელის თანახმადაც, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება. 

ასევე, ამ პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საარჩევნო ოლქების მანდატების გადანაწილება ხელახლა უნდა მოხდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობა  სხვადასხვა ოლქში არაპროპორციულია. 

ცვლილებებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

კოჟორიძე 2016 წლის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:14

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში კახა კოჟორიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერპარტიული ჯგუფისა და “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შემუშავებულ საკანონდებლო პაკეტთან დაკავშირებულ საკითხზე შეკითხვას გამოეხმაურა. კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არ არის კონკრეტული საარჩევნო მოდელის მხარდამჭერი, პრეზიდენტი არის, ზოგადად, იმ იდეის მხარდამჭერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
“პრეზიდენტი არ არის კონკრეტული საარჩევნო მოდელის მხარდამჭერი. პრეზიდენტი არის ზოგადად იმ იდეის მხარდამჭერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, მაგრამ კონკრეტულ საარჩევნო მოდელს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს. ასევე პრეზიდენტი იყო და არის იმ ძალიან დასაფასებებლი კონსენსუსის მხარდამჭერი, რომელიც მოხერხდა და მიღწეულ იქნა არა მხოლოდ მრავალ პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა რაც შეიძლება მალე უნდა გაუმჯობესდეს. “ჩვენ ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით მოქმედებებია განსახორციელებელი და რაც შეიძლება მალე, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დროულად იცოდნენ ის თამაშის წესები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ 2016 წლის არჩევნების დროს”, – ამბობს კოჟორიძე.

 

თურქეთის საპალარმენტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 11:49

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თურქეთის საპალარმენტო არჩევნებს  არასამართლიანად აფასებს. ევროპელი დამკვირვებლების თქმით, არჩევნების წინა პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ტალღა არჩევნების შედეგებს ჩრდილს აყენებს. 

ასამბლეასთან ერთად, ეუთო-ც აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობრივი ფაქტების გამოვილენებამ ზოგიერთ კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება არ მისცა. ადგილი ჰქონდა პარტიის წევრებზე ფიზიკურ თავდასხმებს, მედიაზე ზეწოლასა და სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ რეიდებს გამომცემლობებში, რაც სერიოზული შეშფოთების საგანია. 

პირველი ნოემბრის არჩევნების შედეგად პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ “სამართლიანობა და განვითარება” 550-მანდატიან პარლამენტში 317 ადგილი მოიპოვა. 

მინიმალური 10-პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს და მეჯლისში მანდატები მოიპოვეს პროქურთულმა “სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ” და ნაციონალისტურმა მოძრაობამ. 

ერთპარტიული უმრავლესობის ფორმირების მიუხედავად, 317 მანდატი ერდოღანის პარტიას საშუალებას არ აძლევს, კონსტიტუციური რეფორმების გასატარებლად რეფერენდუმი დანიშნოს და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას კენჭი უყაროს.

 

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 19:48

დღეს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 5 მილიონ 200 ათასი ამომრჩეეველი ჰყავს რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცედურა 19:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არაოფიციალური შედეგები დღესვე გახდება ცნობილი. ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლე მიჰრიბან ალიევასთან ერთად არჩენებში ხმა ბაქოში მეექვსე საარჩევნო უბანზე მისცა.

თურქმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 19:38

თურქეთში 26-ე პერიოდის პარლამენტარების გამოსავლენად დღეს არჩევნები ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში ხმის მიცემის პროცედურა 07:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდა, ხოლო დანარჩენ რეგიონებში დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით 175 ათას 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საზღვარგარეთის 54 ქვეყნის 113 წარმომადგენლობაში ხმის მიცემის პროცედურა 8 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბერს დასრულდა. საზღვარგარეთის ხმები უკვე თურქეთშია. მიმდინარეობს ხმების დათვლა.

მარტვილში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:39

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, მარტვილში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა. ცესკომ აღნიშნულ ოლქში არსებულ 39-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა უკვე დაასრულა.
სოსო დანელიამ არჩევნებში 9620 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 72,54 %-ია. 
3641-მა ამომრჩეველმა (27,45 %) მხარი დაუჭირა "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატ ეთერ მეძველიას.
მარტვილის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური