28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 17:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 13:29

გარკვეული ხარვეზების და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად,  არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო  დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს.- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ    განაცხადა.  მისი თქმით, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ISFED-ის  მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი. როგორც ზვიად აბაშიძემ განაცხადა,  ანგარიშში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახეზეა არჩევნების მასობრივი გაყალბების რაიმე ტენდენცია. 

„ნიშანდობლივია ანგარიშში მოყვანილი ფაქტები- რომ წესების დამრღვევები საარჩევნო სუბიქტების ყველა მხარეა და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მმართველ გუნდზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე. აღნიშნულია ასევე, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მწვავე კრიტიკული გამოსვლები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,  სამართლიან, კონკურენტულ გარემოს აზიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადებები ხშირად, ერთგვარი რეაქციაა მათ მიმართ გამოვლენილ  არაკორექტულ  კრიტიკაზე. ბუნებრივია, ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ქართული კულტურული კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ, სადაც კრიტიკა, ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის.  მწვავე პასუხები პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევა და არ წინდაწინ გამიზნულ რაიმე სტრატეგიად“.- განაცხადა ზვიად აბაშიძემ. 

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 10:49

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 23 სექტემბერი 2018 15:01

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები  უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ - geoconsul.gov.ge.

„რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებს - ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს  საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები შეიქმნება არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ასევე შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით მომართონ ცესკოს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე ან/და დაგვიკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე: +599 32 2 51 00 51“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 20:43

 

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

 როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსი ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს. „მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ მემორანდუმში არის გაწერილი. მთავარი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები არის ერთგვაროვნად აღქმული. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, რაც არის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს ცალსახად ასახული ამ მემორანდუმში. ეს მემორანდუმი დღეს უკვე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლებიც თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების თვალსაზრისით შეიძლება ახლდეს კამპანიის პროცესს. ეს გახლავთ სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების ასახვა, რაც უკვე ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ეს ერთიანი თანხმობა ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს და ცხადია ყველა ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ პროცესი მთლიანობაში, მათ შორის კამპანიის წარმოების წესები, იყოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმაც. ქეთევან ჩაჩავას განცხადებით „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც 2010 წლიდან სამოქალაქო სექტორი და ძირითადი ჩართული მხარეები ხელს აწერენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ერთობლივ კონსენსუსს იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაციის განმარტება. მოგეხსენებათ კანონი ყველაფერს ვერ განმარტავს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური მზაობა, რომ  პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას სახეზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩართული მხარე თავის მხრივ აღებულ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და  იმედი გვაქვს, ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით შემცირებული საჩივრების სახით გაგრძელდება.“

 მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, -  „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“. 

 მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

 ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES)  თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 14:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

გიორგი გახარია: " მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ".

მემორანდუმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

თამარ ჟვანია:"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES -ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა".

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

იხილეთ: http://info.police.ge/uploads/5b7bd0fd97ef4.pdf

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 14:57

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა.  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცესკოს თავმჯდომარემ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 10:44

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიას თქმით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა 20:00 საათზე და დაუყოვნებლივ დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.

„როგორც კენჭისყრის ისე, ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიარა ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს შედეგების ვებგვერდზე. ოქმების შემოსვლა დაიწყო საკმაოდ ადრე, - 21:00 საათიდან, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი,  ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თითოეული შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:

ქუთაისის საარჩევნო ოლქი

№5. გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) - 13,36%

№41. გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 86,64%

ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

№3. სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) - 31,35%

№41. ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 68,65%

ხაშურის საარჩევნო ოლქი

№41. გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 61,31%

№42. რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) - 38,69%

ბორჯომის საარჩევნო ოლქი

№8. ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) - 45,58%

№41. ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 54,42%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

№41. ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 48,85%

№42. კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი) - 51,15%

მარტვილის საარჩევნო ოლქი

№5. მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) - 6,96%

№41. ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 93,04 %

 

თამარ ჟვანიამ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ:

ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და  მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

12 ნოემბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 16:27

დღეიდან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.

ბიულეტენების ბეჭდვა რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

საერთო ჯამში თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და 5 თვითმმართველი თემის - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად იბეჭდება 299 450 ბიულეტენი. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას ახორციელებს სტამბა შპს „კარტოგრაფია“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური