გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს საიას წარმომადგენლები აკვირდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:41

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.
სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდება კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64 საარჩევნო უბანზე, სადაც, მათი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 688 სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს.
„დღის 15:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი ცალკეული შემთხვევების გარდა, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა“,-აცხადებენ საიაში.
მათივე ცნობით, ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
„ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.
ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის – „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საია-ს დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევენ ეთიკის პრინციპებს და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება, განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა აქვს გარდაბნის #1 საარჩევნო უბანს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, თითქმის ყოველ ათ წუთში ელექტროენერგია ითიშება. ამ უბანზე არის ასევე გათბობის პრობლემაც.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა ერთ ფაქტთან დაკავშირებით 2 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში.

15-მდე საჩივარი გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:09

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 
12:00 საათის მონაცემებით, საუბნო-საარჩევნო კომისიებში 15-მდე საჩივარი დაფიქსირდა
საუბარია ტექნიკურ დარღვევებზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე-4 და მე-6 საარჩევნო უბნების გარეთ ნიღბიანი პირების გადაადგილების შესახებ, ცესკო-ს ინფორმაციით იმაზე, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, ადმინისტრაცია ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"ქართული ოცნება" არჩევნების ჩაშლას ცდილობს-"ნაციონალური მოძრაობა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 14:23

ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

უმცირესობის წარმომადგენლების განმარტებით, გამგებლები გამგეობებში იკრიბებიან და აგიტაციას ეწევიან, რაც კანონდარღვევაა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება არჩევნების ჩაშლას ცდილობს.

გარდაბანი დღეს ახალ გამგებელს ირჩევს. მოსახლეობამ არჩევვანი ორ კანდიდატს - ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაულსა და ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილს შორის უნდა გააკეთოს.

სამხედრო ბაზაზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:43

64 საარჩენო უბნიდან ერთი სპეც უბანი, ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა გახსნილი. გადაღების საშუალება დღეს ჟურნალისტებსაც მისცეს.

ამ ეტაპზე სპეც უბანზე საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის 700 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 143-მა სამხედრო მოსამსახურემ დააფიქსირა.

მათ საშუალება აქვთ არჩევანი ორ კანდიდატს შორის გააკეთონ, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ წარადგინეს. 

შეგახსენებთ,რომ დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. 

დაპირისპირება გარდაბნის მე-4 საარჩევნო უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:40

ინციდენტი გარდაბანში - მე-4 საარჩევნო უბანთან ჩხუბის ფაქტი დაფიქსირდა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები მათ აქტივისტებს ავწიროვებენ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში.

როგორც ცნობილი გახდა, ის პირები, რომლებიც მე-4 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ, მე-6 საარჩევნო უბანთანაც დაფიქსირდნენ, რომლის შესახებაც ნაციონალურ მოძრაობისწევრები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, სუსისა და ახალგაზრდების ჯგუფი შენიშნეს.

ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ბოკერია გარდაბნის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:37
გარდაბანში, მე-6 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირებელ გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ მომენტისთვის უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა უბნის გარეთ რამდენიმე ათეული მანქანის მოძრაობა შეიმჩნევა, რაც პოტენციური პრობლემაა.

„უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა და იმედია ასე გაგრძელდება, მაგრამ უბნის გარეთ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული მანქანა მოძრაობდა, რომელთაც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველა ნიშნით ისინი ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები არიან. ეს გამოიყურება როგორც პოტენციური პრობლემა, ამიტომ მინდა მოვუწოდო მთავრობას, კანდიდატს, შტაბს, რომ ჯობია ამ ტიპის ჯგუფების მოძრაობისგან თავი შეიკაონ და თუ რამე გეგმები აქვთ, ამაზე უარი თქვან."-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

გია ბარამიძე გარდაბნის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:12

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფომაციით, სუს-ი გარდაბანში ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს.

როგორც პარტიის წევრი გია ბარამიძე ამბობს, სუს-ის მანქანები სხვადასხვა საარჩევნო ოლქებთან არიან მობილიზებული.

„ღამითაც დავაფიქსირეთ, რომ სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ. მობილიზებულია სუს-ის მანქანები საარჩევნო უბნებთან, რომ დააკვირდნენ თუ ვინ მოდის და ვინ არა არჩევნებზე. ეს არის დაშინების მექანიზმი, რომ ადამიანებმა თავი შეიკაონ საკუთარი აზრის გამოხატვისაგან“, - ამბობს ბარამიძე.

დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული.

გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 09:57

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, ამასთან დაკავშირებით ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  პირველი საინფორმაციო ბრიფინგი უწყებაში რამედნიმე წუთის წინ გაიმართა.

პრეს სპიკერის ინფორმაციით, ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა, თუმცა ორ მათგანზე - 54-ე და 30-ე უბანზე, კენჭისყრის პროცედურები დადგენილ ვადაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

"ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე, გაიხსნა, თუმცა 2 უბანზე კენჭისყრის პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში, კანონით აკრძალულია კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

ცესკოში დღის განმავლობაში სულ ოთხი პრესკონფერენციის მოწყობა იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა, შეიცვალოს. 

სპეცუბნებს ვაუქმებთ, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 12:53

საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში უკვე ატვირთულია.
არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პროცესში მაღალი ჩართულობის მნიშვნელობას და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებზე ერთობლივი მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი, გვინდა დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ შეგვიძლია, ერთმანეთთან ცივილიზებულად ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ და ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება - არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, - ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 13:34

„ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას. ჩვენი პროგრამის მთავარი არსი გადასახადების შემცირებაა, რათა მეტი ფული დარჩეს ქვეყნის ეკონომიკაში," - ამის შესახებ   „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დამფუძნებელმა, ზურა ჯაფარიძემ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჯაფარიძემ გადასახადების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  ქვეყანამ სწრაფად და მყისიერად უნდა შეძლოს გაჭირვებულების დახმარება:

„ჩვენი პროგრამის მთავარი არსი გადასახადების შემცირებაა, რათა მეტი ფული დარჩეს ქვეყნის ეკონომიკაში და გაიზარდოს სწრაფად, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ მთავრობის ზომა ანუ სახელმწიფო ბიუროკრატია  შემცირდეს. 19 სამინისტროდან უნდა დავტოვოთ 8 სამინისტრო და ბიუჯეტი დღეს არსებული 10-11 მლრდ-დან, შემცირდეს 8 მლრდ-მდე. 

უნდა მოხდეს სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირება, ფული აღარ გაიფანტოს მდიდარ ოჯახებზე და მთლიანად წავიდეს გაჭირვებული ოჯახებისკენ,"-  განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური