ჩვენს გუნდს აქვს პოტენციალი თავდადებულად ემსახუროს საქართველოს,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 19:47

ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონში გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა. „შალვა საამაყო ადამიანია. ის ზესტაფონელებს ყველაზე კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურმა ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო. ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „მინდა ჩვენს კანდიდატებს ვუსურვო გამარჯვება, ვინაიდან მათი წარმატება და „ქართული ოცნების“ გამარჯვება გულისხმობს მთლიანი საქართველოს გამარჯვებას. 2012 წელმა გარდატეხა შეიტანა და ქვეყანა სიკეთისკენ შემოატრიალა. ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი განვითრება, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. შალვა კიკნაველიძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა და ზესტაფონის მკვიდრებს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაპირდა.

„გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თითოეული ზესტაფონელის გვერდით იდგება. გპირდებით, რომ მომავალი ოთხი წელი თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი და მეგობარი ვიქნები. ზესტაფონში არსებული ყველა საკითხი თქვენი ჩართულობით გადაწყდება“,-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

"ჩვენთვის თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 19:42

მინდა ყველა თქვენთაგანს ვუთხრა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„კობა გახლავთ აქაური კაცი. თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“,-ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს.
მთავრობის მეთაურმა ხარაგაულის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერ განსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.
„ ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:27

"ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგში,"- ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანი-ხონის ოლქში.

სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ გია მიქელაძე წარადგენს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

"სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული - დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც პარლამენტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს,"- განაცხადა პრემიერმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

 

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:18

"ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, რომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან," - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:10

"ქუთაისის 49-ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება,"- ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის 49-ე ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი.

ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:07

„ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ 4 წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ხალხს სიახლე - ქვეყნის სწრაფი განვითარება, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინისას ისაუბრა.

პრემიერმა ამომრჩეველს  4-პუქტიანი რეფორმების გეგმა გაცნო:

"სწორედ ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ის 4-პუქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალ 4 წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ქვეყანაში, უფრო მეტად ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, მივცეთ ჩვენს ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას, შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით - ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას, ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, კომპლექსურად, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ქვეყანას და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს. 

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 17:05

2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, რისთვისაც მათ შესაბამისი პროცედურები უნდა გაიარონ.  მიმდინარე წლის 13 ივლისიდან საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიების რეგისტრაციის პირობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (12 აგვისტო).

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

8 ოქტომბერი იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის, - ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:11

"8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი სტაბილურობის და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის,” - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე აუდიტის სამსახურს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 15:27

„სამართლიანი არჩევნები“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს. მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.

2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის - ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის - რიმა ბერაძისა და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“-ს მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლით. კანონის თანახმად, პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება.
 
აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. 
 
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.
 
საგულისხმოა, რომ ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ -ს  ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ლოგოს ანალოგიურია . ამასთან, ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოყენებული სახელი - „ქართული ოცნება“ პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ ახორციელებს. 
 
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. წინასაარჩევნო აგიტაცია კი, კანონის თანახმად განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტის არჩევას. 
 
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ცესკო, რომელიც შემდგომ განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს.
 
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს არ განახორციელონ ისეთი შინაარსის აქტივობა, რომელსაც ქველმოქმედების ფორმა აქვთ, შინაარსით კი ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები არამარტო საარჩევნო გარემოზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები როგორც ორგანიზატორი პირების, პარტიის და მათი წარმომადგენლების, ასევე, მატერიალური სიკეთის მიმღები მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური