თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 17:15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა, კორცხელის ინციდენტს, კიდევ ერთხელ უწოდა სამარცხვინო და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს თავად საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება.

„ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე.

გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და სტაბილურობისა გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე.

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ  თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, იქნება რიგები, იმისთვის რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა ჩვენი პიროვნული ვალი განვახორციელოთ, არასდროს არ განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ ჩვენს წარსულში.

მე მინდა კიდევ ერთხელ, სწორედ ზუგდიდში გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა და კიდევ ერთხელ სწორედ აქედან ვთქვა, რომ არც ჩემთვის და არც მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ესა თუ ის ამომრჩეველი, მიუღებელია ჩვენთვის მუშტიკრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად.

ჩვენ ამას არც არასდროს მივიღებდით და არც მომავალში არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ადეკვატური და სწარფი რეაგირება ამ სამარცხვინო ფაქტზე უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან.

მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე, არამედ თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება და დამიჯერეთ შეფასება უნდა ადეკვატურად გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობით საარჩევნო უბნებთან",- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ჩვენი აქტიური თანამშრომლობა პოლიტიკოსებთან, მათთან დიალოგში ყოფნა, დისკუსიის რეჟიმში ყოფნა არის გარანტი ჩვენი სახელმწიფოს მართლაც დემოკრატიული და სიღრმისეული განვითარების",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ონლაინ-გამოკითხვით ტრამპს ჰილარი კლინტონი უსწრებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 16:14

ტელეკომპანია NBCnews-ის ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგებით,ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი მის მთავარ მეტოქეს დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს.როგორც გამოცემა იუწყება,კლინტონისთვის ხმის მისაცემად რესპოდენტების 50% არის მზად, ტრამპისთვის კი - 42%. 

ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 15:22
ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა.

პოლიტიკური დაპირისპირებები უნდა დასრულდეს , - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 15:17
დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წელიწადი გახდეს ისტორიული საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. „მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ,“ - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის. „ძალიან ბევრი საქმე კეთდება ნინოწმინდაში, მათ შორის ნინოწმინდა - ბავრას გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ხორციელდება ირიგაციის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ასევე სხვადასხვა სოფლების გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და დაფარავს სხვა სოფლებსაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დაპიისპირება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 15:07
ახალქალაქში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ადგილობრივი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. პრემიერ-მინისტრის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად წადგენილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ენძელ კოიანმა მოსახლეობას სიტყვის მიმართა და 4 წლიან მმართველობასა და რეფორმებზე ისუაბრა. მიმართვის დასრულების შემდეგ ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატ სამველს პეტროსიანსა და ენძელ კოიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას მოხდა. გიორგი კვირიკაშვილმა დაპირისპირების ადგილი დატოვა.

ელისო კილაძე პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ვიდეომასალას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 13:53
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეომასალას ავრცელებს. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ტარიელ ონიანის შვილის ნათლობის ამსახველი კადრებია. კილაძის განცხადებით, ბურჭულაძე ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა. „რამდენიმე კითხვა მაქვს“ პირველი - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება, თუ ქურდებისთვის? მეორე - ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე - გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისა, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს - აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა?“- აცხადებს ელისო კილაძე.

მერაბ მეტრეველმა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 12:47
მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ”არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია,"- აღნიშნული განცხადება მერაბ მეტრეველმა დღეს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საარჩევნო კომისიის წევრთა შორის „ქართული ოცნების“ აქტივისტების ახლობლები არიან, - „სამართლიანი არჩევნები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 12:26
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზებზე საუბრობს განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ვარცელებს. „სამართლიანი არჩევნების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "19 აგვისტოდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა (ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება) განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეარჩიონ პროფესიონალიზმის და სააპლიკაციო განაცხადების შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან გამორიცხვის გზით. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. „წინასწარ სიაში“. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა. გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, ხმას აძლეცვდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული. თავისთავად, საოლქო საარჩევნო კომისიების ან ინდივიდუალური წევრების მიერ საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების წინასწარ განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს. საოლქო კომისიის წევრებმა უნდა შეიქმნან წარმოდგენა საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ აჯერებენ საკუთარ პოზიციებს და ადგენენ შერჩეული კანდიდატების სიას, პროცესის გამჭვირვალობისთვის, მნიშვნელოვანია ცნობილი იყოს თუ როდის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი. ეს პროცესი ასევე ღია უნდა იყოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. ხოლო თუ აღნიშნული სიების შედგენა წინასწარი განხილვის გარეშე ხდება, ეს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს. მათ შორის, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კანდიდატებზე მესამე პირებთან კონსულტაციას. საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცესკოს და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს, რათა იგი წარიმართოს გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაუშვას საკუთარ საქმიანობაში გარე პირთა ჩარევა და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საარჩევნო პროცესს,"- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე რაიონში გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 17:51
საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ოქტომბერში საქართველოს რამდენიმე რაიონში გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. 2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება ( N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

"ლეიბორისტებმა" არჩევნებში სპორტსმენების მონაწილეობა გააპროტესტეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 16:56
დღეს სამგორში საპროტესტო აქცია გამართა. "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წვრებმა არჩევნებში სპორტსმენების მონაწილეობა გააპროტესტეს. "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლების თქმით, სპორტსმენები საკუთარ სფეროში მოღვაწეობით ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო არიან, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური