ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 23 სექტემბერი 2018 15:01

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები  უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ - geoconsul.gov.ge.

„რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებს - ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს  საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები შეიქმნება არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ასევე შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით მომართონ ცესკოს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე ან/და დაგვიკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე: +599 32 2 51 00 51“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

საინფორმაციო განცხადება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018 22:10

2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო  წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს (არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში) და ერთ პოლიტიკურ პარტიას (არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.

მხარდამჭერთა სია წარმოადგინა  25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 6-მა საინიციატივო ჯგუფმა.

19 საინიციატივო ჯგუფს არ წარმოუდგენია მხარდამჭერთა სია; კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე და შემდგომ გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაც.

ამჟამად ცესკოში 6 სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 20:43

 

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

 როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსი ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს. „მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ მემორანდუმში არის გაწერილი. მთავარი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები არის ერთგვაროვნად აღქმული. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, რაც არის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს ცალსახად ასახული ამ მემორანდუმში. ეს მემორანდუმი დღეს უკვე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლებიც თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების თვალსაზრისით შეიძლება ახლდეს კამპანიის პროცესს. ეს გახლავთ სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების ასახვა, რაც უკვე ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ეს ერთიანი თანხმობა ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს და ცხადია ყველა ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ პროცესი მთლიანობაში, მათ შორის კამპანიის წარმოების წესები, იყოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმაც. ქეთევან ჩაჩავას განცხადებით „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც 2010 წლიდან სამოქალაქო სექტორი და ძირითადი ჩართული მხარეები ხელს აწერენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ერთობლივ კონსენსუსს იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაციის განმარტება. მოგეხსენებათ კანონი ყველაფერს ვერ განმარტავს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური მზაობა, რომ  პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას სახეზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩართული მხარე თავის მხრივ აღებულ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და  იმედი გვაქვს, ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით შემცირებული საჩივრების სახით გაგრძელდება.“

 მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, -  „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“. 

 მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

 ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES)  თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 14:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

გიორგი გახარია: " მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ".

მემორანდუმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

თამარ ჟვანია:"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES -ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა".

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

იხილეთ: http://info.police.ge/uploads/5b7bd0fd97ef4.pdf

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 14:57

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა.  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცესკოს თავმჯდომარემ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 10:44

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიას თქმით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა 20:00 საათზე და დაუყოვნებლივ დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.

„როგორც კენჭისყრის ისე, ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიარა ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს შედეგების ვებგვერდზე. ოქმების შემოსვლა დაიწყო საკმაოდ ადრე, - 21:00 საათიდან, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი,  ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თითოეული შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:

ქუთაისის საარჩევნო ოლქი

№5. გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) - 13,36%

№41. გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 86,64%

ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

№3. სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) - 31,35%

№41. ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 68,65%

ხაშურის საარჩევნო ოლქი

№41. გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 61,31%

№42. რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) - 38,69%

ბორჯომის საარჩევნო ოლქი

№8. ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) - 45,58%

№41. ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 54,42%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

№41. ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 48,85%

№42. კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი) - 51,15%

მარტვილის საარჩევნო ოლქი

№5. მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) - 6,96%

№41. ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 93,04 %

 

თამარ ჟვანიამ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ:

ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და  მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

12 ნოემბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 16:27

დღეიდან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.

ბიულეტენების ბეჭდვა რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

საერთო ჯამში თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და 5 თვითმმართველი თემის - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად იბეჭდება 299 450 ბიულეტენი. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას ახორციელებს სტამბა შპს „კარტოგრაფია“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:26

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, - არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

ცნობილი ექსპერტები სააგენტო „პირველში“ არჩევნების შესახებ დისკუსიებს მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 17:07

„თავისუფალი პლატფორმის“ ინიციატივით, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სააგენტო „პირველში“ ცნობილი ექსპერტების და პოლიტოლოგების მონაწილეობით პირდაპირ ეთერში დისკუსიები იმართება.
საექსპერტო პანელის ფორმატში დისკუსიები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ინტერვიუერი ექსპერტები ერთმანეთს ჩაანაცლებენ. დაგეგმილ დისკუსიებში პოლიტოლოგები მონაცვლეობით ინტერვიუერებიც იქნებიან და რესპოდენტებიც.
„პირველის“ ოფისში 16:00 საათზე დისკუსიას ვაკა გორგილაძე და შალვა ადვაძე გახსნიან. ინტერვიუერის რანგში დისკუსიის მოდერატორობას ვახტანგ მაისაია განაგრძობს. 17:00 საათზე კი საარჩევნო პროცესების ანალიზში, დემურ გიორხელიძე ჩაერთვება. 18:00 საათზე არჩევნების მიმდინარეობას ნიკა ჩიტაძე შეაფასებს. საარჩევნო უბნების დაკეტვამდე ნახევარი საათით ადრე დისკუსიას ხათუნა ლაზაგიძე წარუძღვება. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი საარჩევნო დღის შედეგებს 20:30 საათზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე შეაფასებს. 21:00 საათზე საკუთარ მოსაზრებას ნანა დევდარიანი დააფიქსირებს. 21:00 საათზე მომდევნო ინტერვიუერი ზურაბ კუკულიძე იქნება. 22:00 საათზე შემაჯამებელ დისკუსიას მამუკა არეშიძე წარუძღვება.
„თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმოამდგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური