არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2020 12:41

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

 

მაჟორიტარულისაარჩევნოოლქი

მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

№1 - მთაწმინდა, კრწანისი

№2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1 727)

№41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769) 

№2 - ვაკე

 

№2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

№41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549) 

№3 - საბურთალო

 

№24 - ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)

№41 - დავით სერგეენკო-89.92% (24 697) 

№4 - ისანი

 

№5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)

№41 - კახა კახიშვილი -92.15% (22 055) 

№5 - სამგორი

 

№5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3 573)

№41 - სოზარ სუბარი -88.68% (27 993) 

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი

 

№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3 188)

№41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522) 

№7 - ნაძალადევი

 

№10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

№41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23 629) 

№8 - გლდანი

 

№5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3 032)

№41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25 474) 

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

 

№5 - გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

№41 - ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83% (44 616)

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

 

№5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2 076)

№41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25 728) 

№12 - რუსთავი, გარდაბანი

 

№5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

№41 - ნინო ლაცაბიძე - 89.79% (35 297) 

№16 - ხაშური, ქარელი

 

№5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

№41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602) 

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

№5 - კახა გეწაძე - 8.06% (3 488)

№41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39 810) 

№23 - ქუთაისი

 

№5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2 626)

№41 - ზაზა ლომინაძე - 91.92% (29 866) 

№27 - ზუგდიდი

№5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2 064)

№41 - ირაკლი ჩიქოვანი - 93.88% (31 678) 

№28 - ბათუმი  

 

№5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

№41 - რესან კონცელიძე - 87.81% (30 057) 

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

№5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

№41 - ანზორ ბოლქვაძე - 88.19% (32 062) 

 

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

 

 საარჩევნოოლქი

 

მეორეტურშიგასულიკანდიდატები

№59 - ქუთაისი

№5 - გრიგოლი შუშანია - 7.98% (2 595)

№41 - იოსები ხახალეიშვილი - 92.02% (29 911) 

საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2020 09:40

დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

„მოგეხსენებათ 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო  უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან  უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ერთ-ერთი  უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი  შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.  

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

„აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, რომ მათ საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. 

ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით, პირველის ნახევარზე გაიმართება“,-აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020 11:44

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელი რჩება - პ. სიიარტო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020 10:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პ. სიიარტომ ქართველ კოლეგას საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელია. უნგრეთი კვლავ განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად, რომელშიც ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნავს პ. სიიარტო.

მისივე განცხადებით, კოლეგებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზეც.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, სადაც აღვნიშნე, რომ ვაფასებ საქართველოს განზრახვას, შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის“, – ნათქვამია მიმართვაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 09:08

2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საარჩევნო უბნები დილის 8:00 სთ-ზე გაიხსნა და საქართველოს მოსახლეობამ საარჩევნო უბნებზე მისვლა დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მიცემის განსახორციელებლად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით.

ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა). 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის  5 971 წარმომადგენელი.

ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.

ასევე შეგახსენებთ, აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

31 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე  results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

31 ოქტომბერს 07.00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, და გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი კანონია!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური