ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს შეაქვთ საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 14:02

სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას.
თბილისი, საქართველო, 30 ივლისი, 2020 - ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და ბატონმა ბობ მეიერმა, ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით, ADC და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.
2016 წელს ADC-ის მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა ანაკლიის პორტის პროექტი. პროექტის (მასთან დაკავშირებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან ერთად) მიზანია, საქართველო აქციოს სტრატეგიულ ჰაბად რეგიონული ვაჭრობისთვის აზიასა და ევროპას შორის, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, და გამოაცოცხლოს საქართველოს ეკონომიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური აღმასვლა ყველაზე მეტად სჭირდება. არ არსებობს სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა ან მდებარეობა საქართველოში შავი ზღვის აუზში, გარდა ანაკლიისა, სადაც არის შესაძლებლობა, განხორციელდეს მსოფლიო მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც დაფუძნდა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის, შედგება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC). ბატონმა ბობ მეიერმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს ინვესტირებას, სარჩელი შეიტანა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა ADC-ის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, ADC-ისა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.
მიუხედევად იმისა, რომ მთავრობამ, კონკურენტული შერჩევის გზით, გამჭირვალე პროცესის საფუძველზე მიანიჭა პორტის პროექტის განვითარების უფლება ADC-ის, და მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო, რომ პროექტს ექნებოდა მთავრობის დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ინვესტორებისა და დაფინანსების მოსაზიდად, ფაქტობრივად, მთავრობამ ძალიან მალევე შეიცვალა კურსი და დაიწყო როგორც ღია, ასევე ფარული კამპანია, რათა პროექტი არასდროს განხორციელებულიყო.
მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში, განუცხადეს პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში, რაც ნათელი დადასტურება იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. მთავრობის აგრესიულმა კამპანიამ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ADC-ისა და მის ინვესტორებს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი.
მთავრობისა და ქართული ოცნების უკანონო და არაეთიკურ ქმედებებს შორის, აღსანიშნავია უსაფუძვლო გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების ბრალდებით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც პროექტის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა და ასევე, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, ფულის გათეთრების საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ბრალდებები ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სრულიად
უსაფუძვლოა. ქვემოთ მოცემული განცხადება ასახავს ADC-ისა და ბატონი მეიერის შეხედულებას აღნიშნულთან დაკავშირებით: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორებს ღრმად სწამთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა განხორციელდეს და რომ პროექტი შექმნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას საქართველოსთვის. თუმცაღა, აღნიშნული წარმატება მხოლოდ მთავრობის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი, და ჩვენ გვსურს გამოვნახოთ გზა, რათა ეს პროექტი კვლავ განხორციელდეს.
მიუხედავად ამისა, ADC-მა და მისმა ინვესტორებმა უნდა დაიცვან მათი უფლებები და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართეთ, რათა გვეთანამშრომლა
მთავრობასთან, შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, ჩვენ ყოველ ჯერზე მივიღეთ მტკიცე უარი. როგორც პატრიოტული ჟესტი, ADC-მა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს ADC-ის, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის. მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, ADC-იმ ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ADC-ის ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით. ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი. საქართველოს მთავრობის (პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით) მხრიდან, ADC-ისა და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარა. პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ. ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა იმ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას, ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხიმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია. ხელს უშლის სამუშაო ადგილები შექმნას და დოვლათის შემოსვლას, და ხელიდან უშვებს გადამწყვეტ მომენტს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის.
შეჯამებისთვის, იმ მიდგომით, რომლითაც მთავრობამ განახორციელა შეტევა ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა, კანონმდებლობის თანახმად, „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე, შეუძლიათ სრულად მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობისა და ქართულ ოცნების პასუხისმგებლობა“.
შენიშვნა: ADC და ბატონი ბობ მეიერი წარმოდგენილნი არიან გუნდით, რომლებსაც ხელმძღვანელობენ - ბატონი ენდი მუდი, Baker McKenzie-ის ლონდონის ოფისი, და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა, BLC, თბილისი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

 

ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine-ი ხდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 10:52

უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„კონტი ჯგუფის" შემდეგ, SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU)ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსთან და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა საქართველოს უწევს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო მადლიერია იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაჟღერებული ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ჩვენ მოწოდებული ვართ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტი ეკონომიკური შინაარსი შევძინოთ - ეს ამ შესანიშნავი თანამშრომლობისა რა მორიგი, არამედ უმთავრესი ნათელი ნიშანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას.

რობერტ ვოტტერსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს პროექტის დაწყების დღიდან გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

ანაკლიის პორტის ოპერირებით SSA Marine დაინტერესდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 16:51

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს.

საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ პოტენციალზე და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთად, ახორციელებს.

ანაკლიის პორტის მორიგი წარმატება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 09:52

საქართველოს პრემიერის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, საინვესტიციო ფორუმის გალა ვახშამს დაესწრო, სადაც წლის საინვესტიციო პროექტის წოდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა დაიმსახურა.ჯილდო კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს გადაეცა.ამის შემდეგ საქართველოს დელეგაციამ დუბაი დატოვა, დღეს კი შეხვედრები აბუ დაბიში გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს საამიროების ტახტის მემკვიდრე მიიღებს.შეიხთან საუბარი ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და საქართველოში სხვადასხვა სფეროში ინვესტიციაზე იქნება.

ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-ში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 მარტი 2016 16:21

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალს აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

ვიცე-პრემიერი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის წახალისებისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ სატრანსპორტო–ლოგისტიკურ ცენტრზე, სადაც სხვადასხვა სავაჭრო მიმართულებები იკვეთება. ამ მიმართულებით დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.

„დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი ანაკლიის პორტის განხორციელებას მხარს უჭერს.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილსა და ბრიუს ენდრიუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიან სამთავრობო რეფორმის გეგმაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

,,მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს მეგობარ ვიცე-პრემიერს. დიდი პატივია ჩემთვის მისი ვაშინგტონში ხილვა. როდესაც მე ვსტუმრობდი თბილისს 2015 წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვმა. როდესაც ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შევხვდი, რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. რეგიონის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკი, თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას“ - განაცხადა ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.

 

 

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური