ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 10:11

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება და პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა, კონტეინერების ნაწილში, თითქმის ორმაგდება.
„პროექტს ბევრი ფაზა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამ წელიწადში პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს და, რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასევე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, შექმნას ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომელიც შემდგომში პორტში დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ინვესტორის მხრიდან გათვალისწინებულია მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის - ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება არის გათვალისწინებული და, უკვე შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, ამ პროცესში, დიდი სამუშაო შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა უწყება.

საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში “მომავლის ბანაკს" ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 18:26

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის “მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტს ,”მომავლის ბანაკში” სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

“მომავლის ბანაკში” 14 - დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

 

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016“ საზეიმოდ გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 11:20

ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა „მომავლის ბანაკი 2016". გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. „მომავლის ბანაკი" ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია ახორციელებს.

პროგრამის მიზანიას ხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ბანაკის პირველი სტუმრები სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან. წელს ანაკლიაში ზაფხულს 2 300-ზე მეტი მოზარდი გაატარებს.

 

ანაკლიის პოლიციის უფროსმა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 17:02

ანაკლიის პოლიციის უფროსმა დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაკავებული თანამდებობა დატოვა. პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. 
საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 
რაც შეეხება დაშავებულს, 22 წლის გოგონას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოდან  ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

 

 

ანაკლიის პორტმა მსოფლიო ფორუმზე სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვება მოიპოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 12:18

ანაკლიის პორტი წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულია. გამარჯვებულად პორტი ვაშინგტონში, ინფრასტქრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

"ვაშინგტონი, ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმი, ანაკლიის პორტი დასახელდა წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად" - წერს მამუკა ხაზარაძე.

ფორუმს ამერიკაში საქართველოდან დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას. ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ TBC ბანკი შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება.

ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:10

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს - სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს" და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International"-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions"-ი.

„სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კრიტერიუმი - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა. დამატებით, წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმით," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები იქნება დაცული და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური.

„დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის" კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან, ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" 2016 წლის 5 თებერვალს გამოავლინა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.


ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოავლენს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:18

ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოავლენს. ჩვენმა კორესპონდენტმა რამოდენიმე შეკითხვით მიმართა „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ კონსორციუმის ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას.
შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობას ფლობს თქვენი კონსორციუმი ანაკლია პორტის ტენდერის პროცესში თქვენს კონკურენტთან შედარებით?
პასუხი: ანაკლია პორტის პროექტთან მიმართებაში, სტრატეგიული და პოლიტიკური ასპექტების სრული გათვალისწინებით, ჩვენმა კონსორციუმმა აირჩია და შეიმუშავა ანაკლია პორტის დაფინანსების, მშენებლობისა და ოპერირების ძალიან დაბალანსებული სქემა.
პორტის დიზაინი და კონცეფცია, რომელიც ანაკლიის არც ერთ მოსახლეს არ ემუქრება იძულებითი გადასახლებით და რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ერთობლივად მომზადდა ჩინური კომპანიის „CCCC Second Harbor Consultants“ და ქართული კომპანიის „მშენპროექტის“ მიერ.
ჩვენი კონსორციუმის კონცეფციის მიხედვით, პორტის პროექტი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 0.8 კილომეტრს იკავებს, მაშინ როდესაც ჩვენი ინფორმაციით, ამ ტენდერში მონაწილე მეორე კონსორციუმის დიზაინი იკავებს ზღვის სანაპიროს 3 კილომეტრზე მეტს. მათი პროექტი გადასახლებით ემუქრება დაახლოებით 200 ოჯახს. ჩვენი კონკურენტის დიზაინის მიხედვით პორტის ტვირთბრუნვა მიაღწევს მხოლოდ 30 მილიონ ტონას წელიწადში, ხოლო ჩვენი დიზაინის მიხედვით კი ყოველწლიური ტვირთბრუნვა გადააჭარბებს 100 მილიონ ტონას, რაც სატენდერო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.  
სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ჩვენი კონსორციუმი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაიწყოს და დროულად ჩაატაროს საფუძვლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.
ჩვენი კონსორციუმი იღებს ვალდებულებას დაიწყოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2016 წლის 1 ივლისს.
გარდა ამისა, მიწების დიდი ნაწილი, რომელიც ნებისმიერი კონცეფციის მიხედვით ხვდება პორტის ტერიტორიაში (კერძოდ 2100 ჰექტარი) ეკუთვნის შპს. „ანაკლია ეკო პარკსა და პორტს“, სადაც კომპანიის წილის 100% ეკუთვნის ბატონ თეიმურაზ ქარჩავას. აღნიშნული მიწები, რომლებიც მას 2012 წლის 4 ივნისს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამოერთვა, ამჟამად იმყოფება სასამართლო დავის ქვეშ და ექვემდებარება სამართლებრივად მობრუნებას.
ზემოაღნიშნული გარემოებები ჩვენს კონსორციუმს აშკარა უპირატესობას ანიჭებს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
შეკითხვა: გთხოვთ, ისაუბროთ ანაკლია პორტის პროექტისათვის დაფინანსების წყაროების შესახებ.
პასუხი: ჩვენი კომპანიის პარტნიორია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ენერგო-მაგნატი კომპანია „ფაუერჩაინა“, რომელიც კაპიტალის 15%-ში განახორციელებს ინვესტიციებს, კაპიტალის დანარჩენი 85% კი, რომელიც ამჟამად ჩემი კომპანიის, შპს. „ანაკლია ეკო პარკისა და პორტის“ მფლობელობაშია, გადანაწილდება ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებს შორის, რომლებიც არიან ქართული, ჩინური, ამერიკული, თურქული, შვეიცარიული და სხვა კომპანიები. გარდა ამისა, ჩვენი კონსორციუმი „ფაუერჩაინას“ სრული მხარდაჭერით ჩინეთიდან მოიზიდავს საპროექტო ღირებულების 70%-ს სესხის სახით.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“, „ფაუერჩაინა“ და ჩვენი სხვა პარტნიორები ამ პროექტის ფარგლებში არ ითხოვენ არავითარ სახელმწიფო ფინანსურ გარანტიას.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ანაკლიის პორტში და 100 მილიონიანი ინვესტიცია ტყიბულში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:46

პარლამენტში "აბრეშუმის გზის ფორუმის" მეორე დღე მიმდინარეობს. განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. როგორც დიმიტრ ქუმსიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. მისივე თქმით, ხელი მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს და ეს არის 100 მილიონზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტი.

"ასევე ჩვენ ვილაპარაკეთ სატრანზიტო პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. ანაკლიის პორტის უკან, ასევე გაკეთდება 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი არის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში აწარმოოს პროდუქცია და შემდეგ შეიტანოს ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი კომპანია დაინტერესდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 14:29

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, იაო ციანგს, აშშ-ევროპის გენერალურ მენეჯერს იე ჰაოლინგს და საზღვარგარეთის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტ დინ ჭენგუოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ თავისუფალ და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. 
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია დაესწრნენ. 
POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვეტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში - თოპ 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.

"ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს" - ბოლო მესიჯი გარდაცვლილი პატრულის ტელეფონიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 17:58

ანაკლიაში პატრულის ასმეთაურის გიორგი სოსელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ნიუსდეის“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, სოსელიას ტელეფონიდან ძმაკაცთან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, სადაც წერდა, რომ „მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს“.

თუმცა ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მესიჯი სოსელიას გარდაცვალების შემდეგ შეგნებულად გააგზავნეს იმისთვის, რომ მომხდარი თვითმკვლელობად გასაღებულიყო.

ოჯახის წევრები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, გიორგი სოსელიას თავის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სოსელიას ცხედარი გამვლელმა იპოვა. სავარაუდოდ მას ჭრილობა გულმკერდის არეში ტაბელური იარაღით აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, შემთხვევა ანაკლიაში გუშინ მოხდა. სოსელიას ცხედარი ჭურიას ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური