ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 13:22

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც აშუქებდნენ არჩევნების დღის მიმდინარეობას და საზოგადოებას დროულად აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100% ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500  საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა.  აღნიშნული არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 925 ამომრჩეველი. ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იყო 8 კანდიდატი.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 18:36

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობისშესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით  ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.

„ასევე ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 13:28

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).

„აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.15%. 12 საათიანი აქტივობის მონაცემის მიხედვით, დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი ყაზბეგის ოლქში - 12%“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 11:18

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი)“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია  მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;

მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;

დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს;

ცესკოში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის #49-ე უბანზე; ორივე მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი;

ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების წესის შესახებ და ფოტოვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისი წესით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

 

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:54

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების  შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგიმლდებაროებასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არ ქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას.

პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ინფორმაცია კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 19:09

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

„28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს  საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. თუმცა  აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად, რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.

ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონ გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერ პროცედურას; მათ შორის,  დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, დაუშვებელია   სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 20:54

დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

„ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები  ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 10:49

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ცესკომ თბილისში მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:32

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ქალაქ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან ხმათა 51.09 %, მიიღო, რაც რაოდენობრივად  204 061 ამომრჩეველის ხმაა.

ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმებს დღეს გამართულ სხდომაზე მოაწერეს ხელი.

12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:26

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, - არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური