ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 18:36

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობისშესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით  ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.

„ასევე ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.

ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 16:09

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები.

ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა - „ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები - „მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 

2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

აკრედიტაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 10 სექტემბერი 2017 16:33

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).

მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

• ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე;

• ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გააშუქებენ.

• აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING , ან უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.). შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები იხილეთ ბმულზე:

განცხადების წარდგენიდან ერთი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

2510051/190
2510051/151
2510051/133

595881755 - ნანა მეშველაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი.

 

ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ივე მაჟორიტარულ ოლქში 12.71% შეადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 14:03

თითქმის 13 პროცენტს მიაღწია მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ. ამ დროისთვის არსებული მონაცემები ცენტალურ სარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე გაასაჯაროეს.

13 საათის მონაცემებით რაც რაოდენობრივად არის 315 ათას 9 ამომრჩეველი.

ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა მცხეთაში 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დაფიქსირდა 22.7%.

ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩევლის 7.2% დაფიქსირდა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში გაკეთდა განმარტებები დარღვევებთან დაკავშირებითაც.

რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა, ცესკოში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ამ ფაქტს.

„ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთ არის დაფიქსირებული და დეტალებს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან,“ - აცხადებს ანა მიქელაძე.

შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ  კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. 

  

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:18

ცესკოში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამორმჩეველთა აქტივობის შესახებ გააცნო ინფორმაცია. 12:00 სთ-ის მდგომარეობით მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 296 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 20.6%-ია, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე უბანზე ჯამში 525 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამ უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 18.46%-ია. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცესკოს სპიკერმა ასევე ისაუბრა საჩივრების შესახებ. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა,

მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარი დაიწერა, რომლებიც შეეხება მცირედ პროცედურულ ხარვეზებს.

„მაგალითად, ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, რომ თითქოს კენჭისყრის პროცესი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა ინფორმაცია და უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანი უკვე დილის 8:00 საათიდან იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევიდა 08:15 წუთზე. შესაბამისად, როდესაც უბანზე პირველი ამომრჩეველი შევიდა, მაშინ დაიწყო კენჭისყრის პროცესიც; აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილი პირების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია გარკვეული პროცესების შეფერხება.

ასევე, ერთ-ერთ საჩივარში მითითებულია, რომ კომისიის თავმჯდომარემ ხმამაღლა არ გამოაცხადა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. აღნიშნული გადამოწმდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უბანზე დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირების ყოფნის და ხმაურის გამო, ზოგიერთმა მათგანმა ვერ გაიგო ხმაურში გამოცხადებული ინფორმაცია;

საჩივრები, ასევე შეეხება თავად ამომრჩევლების მიერ კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობის განხორციელების ერთეულ ფაქტებს, რაც კომისიის მხრიდან მითითების შემდეგ აღმოიფხვა.

ერთი საჩივარი შევიდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საჩივარში მითითებულია, რომ საკრებულოს წევრი, საარჩევნო უბნაზე იმყოფებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს. ინფორმაციის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნულ პიროვნებას შეუწყვიტა საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილება.

გარდა ამისა, ზუგდიდის №38 საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარში, მითითებულია, თითქოს გადასატანი ყუთი უბნიდან გაიტანეს დაგვიანებით, 09.05 სთ-ზე. აღნიშნული არ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, ვინაიდან საარჩევნო ყუთი უბნიდან უნდა გაიტანონ 09:00 სთ-იდან ნებისმიერ დროს და საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს საღამოს 07:00 სთ-მდე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 17:09

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,8 % (1 222 634) შეადგინა.
ანა მიქელაძემ ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხმების დათვლამდე შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან. „კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა არის ფარული და მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ, - „ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
ანა მიქელაძემ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად - აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა,“ განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 14:20

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა წარუდგინა. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 19,81 % (695 948 ამომრჩეველი) შეადგინა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცესკოს სპიკერმა მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„დიდუბის №14-ე საარჩვენო უბანზე რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა. კომისია ამასთან დაკავშირებით დაწერს ახსნა-განმარტებას და კანონმდებლობის თანხმად, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულზე იმსჯელებს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია და მოახდენს რეაგირებას;

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დიდუბის №8 საარჩევნო უბანზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი. თუმცა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენში არ იყო აღნიშნული ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი;  სავარაუდოდ,  როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა დაფიქსირდა შეცდომა და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის საარჩევნო ოლქის №21, №58, №59, №60 და №61-ე უბნებზე დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს,“ განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.

მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15:30 სთ-ზე გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური