აზიის განვითარების ბანკმა ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 16:51

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

ბანკის ცნობით, პროექტი ქვეყნის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და საქართველოს, როგორც რეგიონის, სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა“, – აღნიშნულია ADB-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ხადას ხეობაზე გაივლის და ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხასიათდება, როგორიცაა საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბი (9 კმ) და თაღოვანი ხიდი ხადისწყალის მდინარეზე. გზა ხეობის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებებსა და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

ამასთან, არსებული 35-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3 500 ავტომობილი სარგებლობს, წელიწადში 40 დღეზე მეტხანს, უმეტესად ზამთრის პერიოდში, იკეტება, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

„მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია“, – აცხადებს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი.

მისი თქმით, ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს, და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებები. შემოვლით გზაზე სატვირთო ტრანსპორტის გუდაურის გვერდის ავლით მოძრაობა ქვეშეთი-კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობას შესძენს გუდაურის ინფრასტრუქტურას, რათა ის საერთაშორისოდ აღიარებული ზამთრის კურორტი გახდეს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. გზა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული, ყოველი მიმართულებით მიმავალი ერთზოლიანი მოძრაობითა და აღმართში მიმავალი მძიმე ტრანსპორტისათვის დამატებითი ხაზით. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.

პროექტის მომზადებისას, საქართველოს გზების დეპარტამენტმა, ADB-მა და EBRD-მა ჩაატარეს სიღრმისეული შეფასება და ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გამართეს. გათვალისწინებულ იქნა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შემცირებისა და შემსუბუქების ღონისძიებები, ხადას ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მიზნით.

ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა შემოვლითი გზის გარდა 5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის გაკეთება ხადას ხეობაში ზამთრის პერიოდში მაღალთოვლიანობით იზოლირებული მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტურისტული და ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ცენტრი გახდება.

„შემოვლითი გზა და მისასვლელი გზები მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის საავადმყოფოებში, სკოლებში მიმოსვლასა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ტრანსპორტის სპეციალისტი, კამელ ბუჰმადი.

მისი თქმით, მრავალფუნქციური სივრცე ტურიზმზე ორიენტირებული იქნება, რათა კიდევ უფრო გაზარდოს გზით შემოსული სარგებელი.

გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აზიის განვითარების ბანკი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, 68 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 49 რეგიონის წევრია.

https://www.adb.org/news/adb-approves-415-million-loan-improve-georgias-north-south-road-corridor

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 17:33

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.
აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური მხარდაჭერა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში. 
აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. 
აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი ხელს უწობს საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას როგორიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი, რომელსაც პოზიტიური სამომავლო პერსპექტივები გააჩნია,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა. 
ADB-ის აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ ფოქსი ბანკში წარმოადგენს ავსტრალიას, აზერბაიჯანს, საქართველოს, კამბოჯას, ჰონგ-კონგს (ჩინეთი), კირიბატს, მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს, ნაურუს, პალაუს, სოლომონის კუნძულებს და ტუვალუს.
შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

 

 

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 11:02

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა დასარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:39

 

საქართველო აზიის განვითარების ბანკთან ყოველწლიური საინვესტიციო ლიმიტის 350 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდაზე მოლაპარაკებებს იწყებს, გარდა ამისა, ბანკი განაგრძობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას საბიუჯეტო დახმარების ახალი პროგრამის საშუალებით, - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ADB-ის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი იჩენს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკთან თანამშრომლობის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც მათ აქვთ არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკმა 2015 და 2016 წლებში ორჯერ განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია ლარში, რითაც ადგილობრივ მეწარმეებს ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. 

აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოს გაუწია საბიუჯეტო დახმარება 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო.

აზიის განვითარების ბანკი ასევე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთერთი მსხვილი დამფინანსებელია. მისი მხარდაჭერით დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ტექნიკური დახმარების სახითაც. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (CAREC) ფარგლებში. საქართველო აღნიშნულ პროგრამას შარშან შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულებაა წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტის, რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რაც ბანკის საინვესტიციო ლიმიტების გაზრდაში გამოიხატება. 

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 1,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 1,05 მილიარდ აშშ დოლარს. ADB-ის გააჩნია ერთერთი ყველაზე შეღავათიანი რესურსი და იგი საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია (ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებიდან, დაახლოებით, 30% მიმდინარეობს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით).

 

 

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე აზიის განვითარების ბანკმა 98,7 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 18:04

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს ხელი მოეწერა.

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 15:09

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.

„საქართველოში იმყოფება აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაცია, მათ შორისაა, ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფარავს საქართველოს. გარდა ამისა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი ეცნობიან საქართველოში აზიის განვითარების ბაკის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვსაუბროთ სამომავლო პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა იმ პოლიტიკისა და მიმართულებების, რომელზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ბანკს, დაახლეობით, მილიარდ დოლარამდე უკვე ინვესტირებული აქვს საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ADB სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„საქართველოში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. აზიის განვითარების ბანკს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟონჟინ უანგმა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მარნეულის ქვესადგურში სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 15:39

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა, 14 ოქტომბერს ქვესადგურში „მარნეული-500“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

შეხვედრას ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი - იეშიმ ელჰან კაიალარი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ოთხ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტებია: ქვესადგურის „ხორგა-220“ მშენებლობა, ქვესადგურის „ქსანი-500“ სრული რეაბილიტაცია, ქვესადგურის „მარნეული-500“ მშენებლობა და ძალოვანი ტრანსფორატორის შეძენა ქვესადგურისთვის „მენჯი-220“.

პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში განვითარების ათწლიან გეგმაში გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

„ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს არის გრძელვადიანი და დროში გაწერილი კრედიტი, რომელიც ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს დაგეგმილი პროექტები გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში განახორციელოს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, მათი მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 18:02

დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და პროექტები, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება, საუბრის მთავარი თემები იყო.

პრემიერ-მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის და ფორუმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თბილისს 15-16 ოქტომბერს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიო საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები ეწვევიან, რაც ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მივულოცეთ პრემიერ-მინისტრს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოხარული ვართ, რომ ფორუმს ძალიან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მრავალი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის, გააღრმავონ თანამშრომლობა აბრეშუმის გზის ფარგლებში. საქართველო რეალურად არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და ამ ფორუმს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ, ჩვენის მხრივ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში“, - განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა - გზები, წყალმომარაგება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

საინვესტიციო პროექტებთან ერთად, ხაზი გაესვა ADB-ის საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში საქართველო წელს 75 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიან სესხს მიიღებს.

აზიის განვითარების ბანკი 20 მლნ დოლარს გამოჰყოფს ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 11:17

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. აღნიშნული სესხი  ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 150,000-ს აჭარბებს, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში; ბათუმის სანაპირო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტუმრებს მასპინძლობს. 

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ეროზიის შეჩერებას“, - განაცხადა ანანდ ჩიპლუნკარმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარებისა და წყლის განყოფილების დირექტორმა.  

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე დამტკიცებული ტრანშია. პროგრამა 2010 წელს ADB-ის მიერ დამტკიცებული 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მრავალტრანშიანი ინსტრუმენტის ნაწილია. აღნიშნული სესხი სრულად მოხმარდება ბათუმის სანაპირო ზოლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებას სადაც ეროზია ემუქრება სანაპიროს, გზის, ველოსიპედებით სავალი ბილიკების და  შენობების უსაფრთხოებას. 

 „პროექტი იქნება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სარგებელს მოუტანს ქალაქის მოსახლეობას“, - დასძინა ბერტრან გოალუმ, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სპეციალისტმა.

„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან დაფინანსებული აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა ქეითი ჯულიანმა, აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.  

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. ADB საქართველოს 2007 წლიდან უწევს დახმარებას. 2014 წლისთვის ADB-ის მიერ საქართველოსადმი გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, მათ შორის დამტკიცებული სესხების და ტექნიკური დახმარების გრანტების სახით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური