საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 11:28

ქ. თბილისი, 2020 წლის 24 სექტემბერი - საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელობას იძენს რეგიონის ფარგლებს გარეთაც.

მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითქვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე.

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 10:06

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
 
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა,   მინისტრმა  აზერბაიჯანელ ელჩს  საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.
 
შეხვედრის დასასრულს,  დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ  მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მოვუწოდებ სომხეთს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 09:41

აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც დაწერა, რომ სომხეთს მოუწოდებს უფრო საღად იაზროვნოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

„მოძმე აზერბაიჯანელ ხალხსა და ოჯახს ვუსამძიმრებ უმცროსი სერჟანტის, ელშენ მამედოვის გარდაცვალების გამო. სომხეთს კი მოვუწოდებ, გონს მოეგოს და შეწყვიტოს აგრესია“, - აცხადებს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

როოოგორც ცნობილია, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სომხური მხარის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული სამხედრო ქმედების შედეგად მოკლულია აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი მამედოვ ელშენ ალი ოღლუ“.

აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს გაეროში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 სექტემბერი 2020 13:42

3 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან”.

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, წელს მას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა - რეზოლუციას 84 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 13 ქვეყანა წინააღმდეგი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ 84 ქვეყანას, რომლებიც წელს საქართველოს გვერდით იდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა, და შეუერთდნენ გლობალურ მოწოდებას, რათა უზრუნველყონ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაძევებული ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვა და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება.

რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. მაგრამ სომხეთი კი ძალიან არატრივიალურად მოიქცა და მან მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ქვეყნის უშუალო მეზობელი, რომელიც ორმხრივი კონტაქტების დროს მეგობრობას ამტკიცებს, ცუდად არის ინფორმირებული საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ერევანმა თავიდან აიცილა მკაფიო პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სომხური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 17:31

აზერბაიჯანის არმიამ, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

მათი მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც მათი ტერიტორიის თავზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა. 

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 12 ივლისის მომდევნო დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი დაიღუპა.

 

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, დღის განმავლობაში 30-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი-აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 10:26

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით, დღის განმავლობაში 30-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი იქნა გახსნილი სომხეთის მხრიდან ბერდის რაიონის სოფლების აიგეპარში, მოსესედსა და ჩინარში ჭამბარაკის რეგიონში უსახელო სიმაღლეებზე მდებარე პოზიციებიდან. ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა აზერბაიჯანის ალიბეილის, აგდამის, ტოვუზის რეგიონში და გედაბეგის რაიონის სოფელ ზემანლში.
სროლები ასევე მიმდინარეობდა აზერბაიჯანის არმიის იმ პოზიციებზე, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებული აგდამის, ფიზულის, ჯაბრაილის და ხოჯავენის რეგიონების ტერიტორიების სიახლოვეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.

მტრის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩენილი და განადგურებულია - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 31 ივლისი 2020 15:11

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, შეეცადნენ სადაზვერვო ფრენები განხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, ტოვუზის მიმართულებით.
"შესაბამისად, კიდევ ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის სისტემის დანაყოფების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი „სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების წინა ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების დაწყების გამო გაჩენილია ერთგვარი შიში. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს მას,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, „სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს.“

ცნობისათვის, დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა.

ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 14:30

სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

სამცხე ჯავახეთში საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 ივლისი 2020 16:28

ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულმა მწვავე ვითრებამ დაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს შორის. 17 ივლისს სამცხე ჯავახეთში საქართველოს მოქალაქე სომეხ და აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებს - აჰისკა თურქებს - შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე დღის მანძილზე სომეხი სტუდენტები ცდილობდნენ პროვოცირება მოეხდინათ აზერბაიჯანის მოქალაქეების და „საქმის გარჩევისკენ“ მოუწოდებდნენ. აზერბაიჯანელი სტუდენტები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ კონფლიქტისთვის. თუმცა ადგილობრივები თავისას არ იშლიდნენ. შედეგად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს ახალგაზრდებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი გაშველება. პატრულმა ადგილობრივი სომეხი სტუდენტებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტებმა დახმარება სთხოვეს აზერბაიჯანის საელჩოს. შევიწროების გამო აზერბაიჯანის საელჩომ სტუდენტები თბილისში გადმოიყვანა და სასტუმროში დააბინავა. ხვალ ისინი ბაქოში დაბრუნდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ჯ. ბაირამოვთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივლისი 2020 16:04

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან,  ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

დავით ზალკალიანმა  აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
 
დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური