საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 09:58

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 18:23

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილის მეთაურობით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში სრულად გამთენიისას დაბრუნდა. სამხედროებთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა ქვედანაყოფის კაპელანი, დეკანოზი გობრონი.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ქვედანაყოფი, როტაციის  წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ჩაანაცვლა და  სამოქმედო არეალი სრულად გადააბარა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 10:52

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დღეს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქალაქ ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უმცროსმა სერჟანტმა, მდინარი ბებიაშვილმა თავი საქართველოს ინტერესებს შესწირა.
სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და II ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამაც მიუსამძიმრა. 
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა, ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ორჯერ, 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა, მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში“ მონაწილეობისთვის.

ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების სარდალს პრემიერმა უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 12:59

ნატოს ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალს პრემიერმინისტრმა დღეს უმასპინძლა.   გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. მან შავ ზღვასთან მიმართებაში ნატო-ს გეგმებზეც ისაუბრა.   ასევე, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გენერალი თავდაცვის სამინისტრსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას შეეხო. ამერიკელი გენერალის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური