საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლის სამუშაო ვიზიტი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:26

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
   
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ღირსეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი. 

წყარო: https://mod.gov.ge/ge/news/read/7997/saqartvelos-tavdacvis-dzalebis-agmosavletis-sardlis-samushao-viziti-avganetshi

 

31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:46

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით უდანაკარგოდ დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე გამოავლინა და მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული.
„სასიხარულოა, რომ ეს უკვე როტაციის ბოლო კომპონენტია და ეს ის ასეულია, რომელმაც ამოცანის შესრულების დროს კარგად წარმოაჩინა თავი. აღსანიშნავია ასევე, რომ მეთაური აფხაზეთიდანაა, გალიდან და შეიარაღებულ ძალებში მთელი გულით მსახურობს. ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და მოტივაცია გამოავლინა. მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ.
უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში 31-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა მასზე დაკისრებული მოვალეობას, აშშ-ს სარდლობის ხელმძღვანელობით, ქაბულის სამხედრო ბაზაზე შეასრულა. მისიის ფარგლებში, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციებს განახორციელეს. ასეულის მთავარი ამოცანა ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ბაზის შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად, როტაციის წესით, მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრნენ. ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 17:52

19 ოქტომბერს ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა. დახვედრის ცერემონიალი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი რიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.

„პატივი იყო ამ ბიჭებს შევხვედროდი უკვე თბილისში. მე მათ ავღანეთში შევხვდი ჩემი მინისტრობის პირველ კვირებში. ეს ორი დღე იქნება მუდმივად ემოციური, რადგან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეისი ჩამოდის. ხვალ საღამოს დასრულდება ამ კონტინგენტის როტაცია, უკვე მეთაურიც ჩამოვა. ალბათ ხვალ ყველაზე უფრო ამაღელვებელი საღამო იქნება, იმიტომ, რომ დროშით ჩამოვლენ და ოფიციალური ცერემონიალიც გვექნება. მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა პირველ რიგში ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს, ბრიგადას, საიდანაც ისინი ავღანეთში წავიდნენ; ყველა სამხედროს, რომელიც მათ გვერდში იდგა მუდმივად ამ ხნის განმავლობაში. ბიჭებს, რომლებიც ახლა წავიდნენ ავღანეთში და შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან ამ მისიის შესრულების პროცესში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემადგენლობას მსხვერპლი ჰქონდა, იცით თქვენ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ დაიღუპა ჩვენი ერთი ბიჭი - ვალის ყულჯანაშვილი, მაგრამ ეს არის ომი და მისი სამწუხარო შედეგები. ზუსტად ვიცი, ზუსტად შემიძლია დავინახო, წარმოვიდგინო, რომ ფასი რომელსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, იხდის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ფორმით ავღანეთში, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი თავად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტია, რომ ამ ბიჭების შვილები გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ და უკეთეს ქვეყანაში გაიზრდებიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

„ეს არის იმ დანაყოფის პირველი ნაწილი, რომელმაც საქართველოში ძირითადად (სამხედროებისთვის განკუთვნილი) ტვირთი ჩამოიტანა. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. დღეს საღამოსვე იქნება შემდეგი ნაწილი, ხვალაც ჩამოვლენ, მეთაური ალბათ ხვალ დაგვიბრუნდება. რა შემიძლია ვთქვა? რომ დანაყოფმა წარმატებით შეასრულა თავისი მიზნები, მის წინაშე დასახულ ამოცანას გაართვა თავი სრულად და გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი შეიარაღებული ძალების სტატუსის ამაღლებისკენ,“ - დასძინა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იყო დისლოცირებული. პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში მისიაში მასთან ერთად მონაწილეობდა ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც. 43-ე ბატალიონი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ფართო სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ავღანეთში როტაციის წესით ის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ვლადიმერ ჩაჩიაბა ავღანეთში გაეროს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად დანიშნეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 11:11

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა. ის რეგიონში პირველი ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო მისიაში ამ პასუხისმგებლობით ერთვება. უფროსი სამხედრო მრჩევლის პოზიციაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას კონკურენციას  სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები უწევდნენ.

„1991 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ოპერაციებში, მაგრამეს პირველი პრეცედენტია, როცა ამ მისიაში ქართველი ოფიცერი გაეროს ეგიდით მონაწილეობს. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სიახლე, არამედ სიახლეა მთელი რეგიონისთვის“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვლადიმერ ჩაჩიბაიას  ამოცანა  სპეციალური წარმომადგენლისთვის სამხედრო რჩევების მიცემა, გენერალურ შტაბზე პასუხისმგებლობა და მისიასა და  ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციის გაწევა იქნება.

„ასევე ურთიერთობა მექნება კოალიციური ძალების შტაბთან, ავღანეთში მყოფ ატაშეებთან. მეყოლება მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნების სამხედრო ოფიცრებისგან. ყოველკვირეულად მოვამზადებთ ანგარიშს  და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე პასუხისმგებლები ვართ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე. ვიმუშავებთ ანალიზზე და პირდაპირ კავშირზე ვიქნებით ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების შტაბის სამშვიდობო ოპერაციებისა და სამოქალაქო-სამხედრო დეპარტამენტთან“,- განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ავღანეთში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და ახალ თანამდებობაზე ერთ  წელს დაჰყოფს.

ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი რუსთავში დაკრძალეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 16:10

 

 

ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად.

ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მედროშეებს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნის პატივისაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებული ეჭირათ.

ვასილ ყულჯანიშვილი 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

აშშ-ის ელჩი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის პანაშვიდსა და გამოსვენებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 15:55

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ მეუღლესთან ერთად ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდსა და გამოსვენებას დაესწრო.

"ჩემს მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად ვიმყოფები დღეს აქ, ამერიკელი ხალხის სახელით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება. საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გმირი შვილი. ვასილი იმ მიზნით იყო ავღანეთში, რა მიზნითაც ჩვენ ვართ ავღანეთში. ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვის საერთოა. ამ სამწუხარო დროს, ვასილის ოჯახს, ქართველ ხალხს ვუსამძიმრებ და მინდა დავარწმუნო, რომ ამერიკა ამ მწუხარების დროს თქვენთან ერთად არის", - განაცხადა ელჩმა.

ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს სამხედრო წესით დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:20

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე დღეს, 14:00 საათზე, სამხედრო წესის მიხედვით დაკრძალავენ.

21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.

 

ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ სამხედროს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:40

ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში დღეს ჩამოსვენებენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ვასილ ყულჯანაშვილს ოჯახის გადაწყვეტილებით , მას რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.

"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ყულჯანაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 11:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და თანამებრძოლებს.

ეს არის დიდი დანაკლისი დაღუპულის ოჯახისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქედს იხრის გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წინაშე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური