ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 11:14

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 10:56

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე,  საზღვაო ქვეითთა კორპუსის  ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.  II  ქვეითი ბრიგადის 22-ე  ბატალიონის  მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით წიკლაურმა ამერიკელი სამხედროებს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადასცეს.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას  ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის  დაცვა და ძალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას წარმოადგენს.

ფრენბურთის ჩემპიონატი ავღანეთში ავღანეთში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 მარტი 2019 17:38

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს. ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.

ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოება ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 15:40

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.

კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს საფულე დიდი ოდენობის თანხით იპოვნა. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

დღესვე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:06

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ. 

წმინდა დიდმოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველი სამხედროების მიერ აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეწვივნენ და ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირეს. 

მოგვიანებით ლევან იზორია ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ნაკურთხი ხატები, 90-ე ფსალმუნი და წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ ფილმი - "წინამბრძოლი" ჩაუტანა. 

ღონისძიების ბოლოს ლევან იზორიამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. გამოჩენილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის სახელით ასევე გადაეცათ მაჯის საათები. 

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაგრამის შემდეგ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის ბაზაზე ჩაფრინდება და რელიგიურ დღესასწაულს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს მიულოცავს. იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, აშშ-ის არმიის გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან. 

ავღანეთში ვიზიტს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულებს.

ინფორმაცია ავღანეთის მე-2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 16:06

დღეს ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.

აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და  შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 11:26
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება.
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს.
ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების,
ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია.
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე.
ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი.

ავღანეთში მებრძოლ ვეტერანთა საღამო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 16 თებერვალი 2018 11:58

„ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ ორგანიზებით „არმიჰოლ“-ში 1979-89 წლებში ავღანეთში დაღუპული 128 ქართველი სამხედროს ხსოვნის საღამო გაიმართა. 

გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 128 ქართველი დაიღუპა 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ხოლო სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლ”-ში ღონისძიებას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და სხვა დეპუტატები დაესწრნენ.

ხსოვნის საღამოზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა ცნობილი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. სპეციალური მუსიკალური ნომრით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრიც წარსდგა.

კომბინირებული სიტუაციური სწავლება მაზარ-ი-შარიფში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 16:16

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

სწავლებაში მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების  III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.

კომბინირებული სიტუაციური  სწავლების მიზანს  დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის აღმოჩენა, საკვანძო ადგილმდებარეობის დაკავება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება და მისი  საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია წარმოადგენდა.

სწავლებაში ჩართული იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამედიცინო ჯგუფი. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.

III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული  ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

„ლეო გრანდში“ დაღუპული ზაურ აბულაძე 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა - თავდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 26 ნოემბერი 2017 12:43

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური