კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 12:35

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

წყარო: 1tv.ge

კახა კალაძე - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 13:06

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დამატებით, 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.

„ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რადგანაც გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლებასა და მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს, რომლებიც უახლოეს მომავალში უკვე მოსახლეობას მოემსახურება.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გვექნება. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია და ისინი თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან, რაც მინდა მოგილოცოთ. ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა 8-მეტრიანი ავტობუსების ფოტოებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული და ამაში მოსახლეობაც ჩაერთვება.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებაც იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელი არ შემოვიდეს.

„ავტობუსები ევრო 6-ის დიზელზე მომუშავეა, როგორც ევროპულ ქალაქებშია. ჩვენ შესყიდვის დროს ყველა სტანდარტს ვითვალისწინებთ. ასევე, აუცილებელია საწვავის საკითხიც. ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ, რადგან ამ ტიპის ავტობუსებს სპეციალური, მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება.

„ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგანაც ქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. დღეს გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა გლდანში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს კონკრეტული მონაკვეთები, სადაც გზა ჩავარდნილია, რაც იმის გამო ხდება, რომ არსებული საკომუნიკაციო სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 ახალი სახანძრო ჰიდრანტი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ტროტუარები. როგორც სხვა ქუჩები გვაქვს მოწესრიგებული, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, ე.წ. რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის მასშტაბით, მეტი სიხშირით განახორციელონ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციაა. მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტულ კომპლექსში კორტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

„თბილისის მთავრობა დღეს, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. გვსურს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტული კომპლექსი ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი ჰარდის კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს პერიოდში, კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისი 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს.

„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და მივცეთ საშუალება, ზეიმი მოაწყონ. ამ ათი დღის განმავლობაში, იქნება ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში და კონკურსები კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება არასაკონკურსო აქტივობები ინოვაციების, კულინარიის, კრიკეტის, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმართულებით.

გარდა ამისა, კახა კალაძემ კრწანისის ტყე-პარკის მოწყობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო, რომელიც კრწანისში ტყე-პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

„კრწანისის ტყე-პარკის განვითარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეების ნაკლებობა გვაქვს, ასევე, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება-გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღეს წარმოადგინეს გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი. თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, გარემოვაჭრეებისთვის თბილისის ათივე რაიონში სპეციალური ადგილების უსასყიდლოდ გამოყოფაა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარემოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„პარალელურად, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა და ყველა რაიონში გვექნება კეთილმოწყობილი, გაფორმებული ადგილები, სადაც ადამიანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უფასოდ, ექნებათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018 14:17

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „მოტ მაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას და ტაქსების სფეროს რეგულაციებს.

უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, პეკინის გამზირზე, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა, ასევე, განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც.

პარალელურად, უცხოელი ექსპერტები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებსა და თანამედროვე პროგრამებში.

აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის გრანტით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან გასული წლის ნოემბრიდან თანამშრომლობს ექსპერტი მარკ სელინი. მან, ასევე, იმუშავა აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსებულ კვლევაზე, რომლის ფარგლებში „მოტ მაკდონალდმა“ თბილისის მერიას 5 დერეფანი შესთავაზა, საიდანაც დიდი დიღომი - დიდუბე - მეტრო „მარჯანიშვილის“ მარშრუტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კონცეპტუალური დიზაინი დაამუშავა.

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 აპრილი 2018 13:22

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს 8:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

თბილისის ზოგიერთ რაიონს ავტობუსის ახალი მარშრუტი დაემატა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017 13:59

მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.

„მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სანამ ახალი ავტობუსების შემოყვანა და არსებული პარკის განახლება მოხდება, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს.

„ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 12:13

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური  ავტობუსები  თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ  „დიდუბიდან“ გაიყვანს,  კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის  N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ  მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

თბილისში მალე ახალი ავტობუსები ივლის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:19

ახალი ავტობუსები, რომლებიც სულ მალე დედაქალაქში შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია Man Truck and Bus AG-ის  ქარხნებში ეწყობა. თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა.

"ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს, ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი "Man"-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთანგადაწყვეტილების მიღების  პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე ორ ქარხანას ეწვევიან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია და ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობას მიიღებენ რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

დაგეგმილია სხვადასხვა თემატურ პანელებზე სიტყვით გამოსვლები, კერძოდ, დავით ნარმანია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრებენ. ირაკლი ლექვინაძე კი პანელზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეხება დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების,  ასევე, ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური დინამიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.

სასფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 მაისი 2016 09:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ისევე როგორც გუშინ დღესაც თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.

ავტობუსები გავა დიდუბის მეტროდან, მარჯანიშვილის და სადგურის მოედნებიდან, დელისიდან,სარაჯიშვილიდან, ჭიჭინაძის ქუჩიდან, მეტრო ვარკეთილიდან და მესამე მასივის შუამთის ქუჩიდან.

სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მოქალაქეებს დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე  მოემსახურება.

თბილისში ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 17:07

თბილისის სატრანსპორტო კომპანის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა და შეიცვლება ატობუსების მარშრუტები.

,,იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს, კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი.“ - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

 

აგვისტოდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 16:33

აგვისტოდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება დაიწყება. ამ პერიოდიდან დედაქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ განცხადება დღეს მერიაში გაკეთდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით შესაბამისი ტენდერი პირველ მარტს დასრულდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური