ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 17:26

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება  დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.

პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.  ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე - კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
  • 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე - კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან  - ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.

პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:32

მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 
მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 მაისი 2018 10:54

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 18 თებერვალი 2018 13:26

თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

ინტერნეტპორტალი „სოვა“ - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 20:47

ავიაკომპანია Georgian Airways-ის „თბილისი-სანკტ-პეტერბურგის“ რეისზე ბომბს ეძებენ. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი „სოვა“ მგზავრზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტ „პულკოვოს“ ჩამოფრენის ტერმინალთან შორიახლოს დაჯდა. „შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, საავარიო ან სათადარიგო ბილიკია. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველმ გასასვლელისკენ გავიწიეთ, მაგრამ ბორტგამცილებლებმა გაგვაჩერეს. გვითხრეს, რომ ჩატარდება შემოწმება. ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან გავფრინდით. ჩვენ სამჯერ შეგვამოწმეს - „ეფ-ეს-ბემ“, კინოლოგებმა და კიდევ ვიღაც ფორმიანებმა. ახლა ველოდებით ბარგის შემოწმებას. თითქოს ყველაფერი რიგზეა“, - განუცხადა პორტალს თვითმფრინავის მგზავრმა.

ამ დროისთვის მგზავრები ბარგს ელოდებიან, რომელსაც კინოლოგები ამოწმებენ.
„სოვა“ ავიაკომპანიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა.

1 ივლისიდან, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით, ავიაკომპანიებს დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ივნისი 2017 22:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის, ასევე მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესები დაამტკიცა.

ნორმატიული აქტები შემუშავებულია შესაბამისი ევროპული რეგულაციების (785/2004, 2027/97), ასევე ,,საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" მონრეალის 1999 წლის კონვენციის მიხედვით და მათი მიზანია მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისათვის მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნების დაწესებით - მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ და მგზავრების და მესამე პირების უფლებების დაცვა მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. ნორმატიული აქტები 1 ივლისიდან შედის ძალაში.

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N95 ბძანების თანამხად, ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასევე ნებისმიერი ფრენის დაზღვევა. წესის თანახმად, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება განსაზღვრულია „SDR"-ით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად) და შეადგენს:

• 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;

• 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR;

• ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;

• ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.

წესი ვრცელდება საქართველოში და საქართველოს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას.

საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც გააჩნია ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი), ამ წესის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება წარმოეშვება მოქმედი სადაზღვევი პოლისის ვადის გასვლის შემდეგ.

„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N96 ბრძანება განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემას შემდეგ შემთხვევებში:

• მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას (კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 113 100 SDR-ის ოდენობით);

• მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 4 694 SDR-ის ოდენობით);

• ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით).

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში. 1 ივლიდიან, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, ავიაბილეთების რეალიზაციისას, ვალდებული იქნება უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ.

ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასთან, მგზავრთა, მათზე დამოკიდებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დაცვასთან ერთად, აღნიშნული რეგულაციების დანერგვით საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ევროპული რეგულაცია/დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციას გულისმობს.

ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://www.gcaa.ge/geo/dgcaa_order.php

ავიაკომპანია EasyJet-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 11 ივნისი 2017 14:22

ავიაკომპანია EasyJet-ის თვითმფრინავმა, რომელიც ლუბლიანა - ლონდონის რეისს ასრულებდა, გუშინ საღამოს გერმანიაში, კელნის აეროპორტში, საგანგებო დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი სამი მამაკაცი გახდა, რომლებმაც დანარჩენ მგზავრებში ეჭვი გამოიწვიეს. 

გერმანიის პოლიციის თანამშრომლეთა განმარტებით, ბორტზე მყოფმა მგზავრება გაიგონეს, როგორ საუბრობდნენ მამაკაცები ტერორისტულ თავდასხმაზე. გარდა ამისა, სამართალამცველთა განმარტებით, მათ თან საეჭვო ზურგჩანთა ჰქონდათ. 

ბორტგამცილებლების მეშვეობით, მგზავრების შეტყობინების მიღებისთანავე პილოტმა თვითმფრინავის საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი აეროპორტის უსაფრთხო ზონაში დაეშვა, მგზავრებმა ბორტი ავარიული ტრაპით დატოვეს. 
სამართალდამცველებმა სამივე მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის მათი დაკითხვა მიმდინარეობს. საეჭვო ზურგჩანთის შემადგენლობას სპეციალისტები სწავლობენ. პოლიციის განცხადებით, აეროპორტის მუშაობის რეჟიმი რამდენიმე საათით დაირღვა. 

ახალი რეისი ლონდონის მიმართულებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 10:12

საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საქართველო-დიდ ბრიტანეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ხალხთა შორის კავშირის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია გამგზავრება ევროპის 13 ქვეყანაში 21 მიმართულებით. 2017 წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 47%-ით მოიმატა.

„ასევე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ქსელი და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას ვუხდი საქართველოს ავიახაზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს რეისები გაგრძელდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, ეს ავიაკომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. დღეს ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ბრიტანელ ხალხს.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს,სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო. ელჩმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.

უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 მაისი 2017 01:02

უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან განაცხადეს, საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია - ANDA Air - ზაფხულიდან დაიწყებს. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს. 

ავიაკომპანია ANDA Air MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში ერთხელ - ოთხშაბათობით იფრენს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

უკრაინული ავიაკომპანია კიევსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:16

23 დეკემბრიდან, საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია „DART“ იწყებს, რომელიც კიევსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.

 

ფრენები ყოველ პარასკევსა და კვირას,  Airbus 320 და 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

 

ავიაკომპანია „დარტის“ გარდა საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ და „იან ეარი“ ახროციელებენ.

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური