“აეროპორტი არის თბილისის ახალი სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში“ - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 11:50

თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში თურქული ინვესტიციები გაიზარდა, რაც დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

 ,,მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის. TAV თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა, მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში.


2005 წელს სამი რეისი სრულდებოდა თბილისსა და სტამბულს შორის და ეხლა 47 რეისს მიაღწია, რაც კარგი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“ - განაცხადა აჰმედ არსლანმა.

 თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოეწყო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

,,ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში შეხვედრის დროს სარფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დადგა დღის წესრიგში მურათ ლი მარადიდის ალტერნატიული სასაზღვრო კარების გახსნის საკითხი. ეს სასაზღვრო კარები აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი სავაჭრო პოტენციალია ჩვენს ქვეყნებს შორის. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კასპიური ნავთობის და ენერგომატარებელების გამტარი ქვეყანა, ასევე სატრანზიტო ქვეყანა, საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ ძალიან ბევრ საკითხში. 2011 წელს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე ქვეყანაში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ყოველდღიურად უფრო აღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს.’’- განაცხადა აჰმედ არსლანმა.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 20:35

13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.თ-ს კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად, 16 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,757 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,757 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრის ინფორმაციით, მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:30

ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრებმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. 

ამის შესახებ  ბერლინში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომელიც სამშობლოში გუშინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისის გადადების გამო საქართველოში გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

”მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ. სასტუმროშიც კი არ გადაგვიყვანეს. გვეუბნებიან, რომ 2 საათში გავფრინდებით და ასე გრძელდება ამ დრომდე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

  ”აეროპორტების გაერთიანების” განმარტებით ფრენის გადადება უამინდობას უკავშირდება.

მათი განმარტებით, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა, ბერლინიდან ფრენის გადადება სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება.

”ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. 

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, - თავის მხრივ, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46,96%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი). 

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  •  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი  მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს:

მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567  ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზა შევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 10:06

დროის ათვლა დაიწყო, - 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი. აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება. პრემიერის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის - იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით. "ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით.

ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში - იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ორიოდე საათის მანძილზე იყოს შესაძლებელი - იქნება ეს კურორტები, ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თუ თელავის აეროპორტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რიკოთის საავტომობილო გზის მასშტაბურ პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი. გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლის, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა - თითქმის მილიარდიანი პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.

"თბილისის მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, ის იქნება ერთიანი კომპლექსი და ქუთაისი გახდება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც მას სრულიად ახალ იმპულსს შესძენს. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის საქართველოს კულტურული ცენტრი და ის ასევე გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და ტურისტული ცენტრი", - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

"ეს მაგისტრალი არ არის მხოლოდ სარკინიგზო ობიექტი, ეს არის შემადგენელი იმ ძალიან დიდი სივრცითი განვითარების პროექტისა, რომელიც ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია და საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას და ძირითადი მომსახურებების მიტანას გულისხმობს. ქუთაისი გახდება საქართველოს სივრცითი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სასტუმრო „ბესტ ვესტერნის" შესახებ, რომელიც „საპარტნიორო ფონდის" ხელშეწყობით აშენდა და დღეს გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილი საწარმო "იმერის" საქმიანობასაც შეეხო, რომელმაც პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, დამატებით 200-მდე ადამიანი დაასაქმა. გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.

ილია მეორის დასახვედრად აეროპორტის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 13:06

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მრევლს  Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 16:53

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღამაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. 

დაკავებულია 10 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. 

დუბაის აეროპორტში თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 14:04

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში "ემირატების" (Emirates) სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც NBC News-ი იტყობინება, მგზავრთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავ დაშვებისას ასაფრენ ბილიკს კუდით შეეხო.

თვითმფრინავი ინდოეთიდან მოფრინავდა.

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი მგზავრებს 24-საათიანი გრაფიკით მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:14

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი 37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება.

00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი. ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.

გარდა ამისა, უცვლელი რჩება 37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით 37 ავტობუსი გაივლის იგივე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.

 

კადრები ათათურქის აეროპორტიდან (ფოტორეპორტაჟი)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 00:44

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.  პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური