პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:28

საქართველო რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს და მოლდოვას შემდეგ, რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ექსპერტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფერენციის ჩასატარებლად თბილისში პირველად შეიკრიბნენ.

კონფერენციის გახსნისას, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა საქართველოში ღონისძიების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ორი დღის განმავლობაში ქვეყნისთვის საყურადღებო მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობის საშუალება მოგვეცემა.

დავით უსუფაშვილი: „როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას - რატომ კეთდება ამხელა აქცენტი და რატომ ექცევა ამხელა ყურადღება სწორედ რეგიონების განვითარებას და სწორედ რეგიონული განვითარების პროცესში უთანასწორობის აღმოფხვრას? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული მოქალაქეებზე, ადამიანებზე. ადამიანები კი ვცხოვრობთ სწორედ კონკრეტულად იმ საცხოვრისში, იმ არეალში, რასაც დღევანდელი გაგებით ჩვენ რეგიონს ვუწოდებთ, ეს არის სწორედ ის გარემო, სადაც თვითოეული ჩვენგანი, თვითოეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ოჯახის წევრები ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, სწორედ რეგიონის დონეზე გვინდა დავინახოთ ის სიკეთეები, რასაც ეროვნული ხელისუფლება გვპირდება და აკეთებს. იმიტომ, რომ სწორედ აქ გაეცემა კონკრეტულ კითხვებს პასუხი: გვაქვს თუ არა ჩვენ სამუშაო ადგილი? ჩვენი შვილებისთვის არის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები სათანადო ხარისხის? არის თუ არა ჯანდაცვის დაწესებულები სათანადო ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად? ბიზნესის განვითარებისთვის არის თუ არა ინფრასტრუქტურა სათანადო? ეს ყველაფერი თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში სწორედ რეგიონების დონეზე მიიღწევა ან ვერ მიიღწევა! საქართველო თავისი ზომით, მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა სხვა რომელიმე ქვეყნის ერთი რეგიონის ტოლფასად წარმოვიდგინოთ, თუმცა რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ძალიან მრავალფეროვანი გეოგრაფიული, კულტურული, კლიმატური ეთნიკური შემადგენლობა, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევას სთავაზობს.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში რეგიონული განვითარების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. „თვითმმართველობის არჩევნები ეს იყო პირველი მასშტაბური მოვლენა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს თავიანთი ადგილობრივი მმართველები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჯერ კიდევ საწყისი ნაბიჯები იმ მრავალდონიანი, მრავალსისტემიანი მმართველობის მოდელის დასამკვიდრებლად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ამოცანების ეფექტურად გადაჭრას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ დავძლევთ უთანასწორობას რეგიონებს შორის, თუ ჩვენ ყველა რეგიონის მოსახლეობას დავანახებთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე და განვითარებაზე, მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი ექნება შესაძლო პოლიტიკურ გართულებებს. რეგიონების გაძლიერება და განვითარება არის გასაღები, ერთიანი სახელმწიფოს გაძლიერების, და არა პირიქით - ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რაც ადგილებზე და რეგიონებში აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვიცე პრემიერი, კახა კალაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანუშ ჰერმანი მიესალმნენ. როგორც კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა, საერთაშორისო ფორუმი იმ საკითხების განხილვით განახლდება, რომლითაც იგი 2014 წელს კიშინიოვში დაიხურა. კონფერენციის ძირითად მიზანს კი „რეგიონული განვითარების რეალობად გადაქცევა“ წარმოადგენს.

მიმდინარე კონფერენციაზე ყურადღება რეგიონულ და ადგილობრივი დონეების თვითმმართველობებზე გამახვილდება. მონაწილეები პარალელურ სესიებზე ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და რეგიონულ განვითარებაში დიდი ქალაქების როლს, ქალაქსა და სოფელს შორის არსებულ კავშირებსა და ურბანული ცენტრების პოტენციალის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია 1-2 ოქტომბერს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ იმუშავებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური